ელზა პაპოშვილი
(15.07.2022)

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი  და საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ უკრაინის ფორნტზე ამჟამად ერთგვარი ოპერატიული პაუზაა და ორივე მხარე ძალების გადაჯგუფებას ახდენს. სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსი აგრესორების წინაშე სერიოზული თავდაცვითი ზღუდეა, რომლის აღება მათ ძალიან გაუჭირდებათ. საით წარმართავენ ისინი შეტევას, ეს ამ ეტაპზე რთულად პროგნოზირებადია.

გენერალი ამბობს, რომ სავარაუდოდ რუსები ზაპროჟიეს მიმართულებით ცდილობენ იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რაც უკრაინელებმა კონტრშეტევებით გაათავისუფლეს. 

„რუსები თუ რამე სერიოზულს აპირებენ, მინიმუმ გადაჯგუფება უნდა დაიწყონ.  თუმცა ამ ეტაპზე რაც ჩანს, საკონტაქტო მოქმედებები შემცირებულია სლავიანსკის და სევერსკის  მიმართულებებზეც. მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით არის შეტევები და ზაპოროჟიეს სექტორში. სავარაუდოდ, რუსებს ზაპროჟიეში იმ ტერიტორიების დაბრუნება სურთ, რაც უკრაინელებმა წაართვეს. 

„რუსები სამწუხაროდ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვართან უკვე გავიდნენ. ახლა გადამწყვეტი ბრძოლები დონეცკის მიმართულებით მიდის. თუ სლავიანსკი და კრამატორსკი აიღეს, ფაქტობრივად ძირითადი თავდაცვითი ზღუდე გადალახული ექნებათ და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზეც გავლენ. დონბასი კი ვიცით, რომ დონეცკი და ლუგანსკია. პუტინმა განაცხადა, რომ  სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის აღების შემდეგ დანაყოფებს დასვენება სჭირდებათ, მძიმე ბრძოლები ჰქონდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი უკანდახეული უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწვეტეენ. შეტევებს მანამ განაგრძობენ, სანამ წარმატება გარკვეული სახით მაინც ექნებათ, ვიდრე მათ ხელშია ინიციატივა“, - ამბობს გენერალი. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე  რუსებს სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულებებზე წარმატება არ აქვთ, თუმცა სევერსკის, სოლედარის და ბახმუტის ზღუდეზე შესაძლოა, არ მისცენ უკრაინელებს გამაგრების შესაძლებლობა. გენერალი ფიქრობს, რომ ისევ აჯობებს უკრაინელებმა სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულებებზე გააძლიერონ თავდაცვის ზოლი, ხოლო სევერსკის, ბახმუტის და სოლედარის რაიონში მოაწყონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე