ელზა პაპოშვილი
(15.07.2022)

სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დღის ბოლომდე აქვს. ოპოზიციაში კი ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვაობაა - ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს, აცხადებს, რომ თუ რიგგარეშე სხდომა არ ჩაინიშნება, ისინი კანონპროექტზე მუშაობას გააგრძელებენ და სესიების განახლებისთანავე დააინიცირებენ.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ყველა პოლიტიკური პარტიის ერთად მუშაობას მიიჩნევს სწორად. „ქართული ოცნების” შეფასებით, ის, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, გამიზნული საბოტაჟია, რომელიც პროცესს აზიანებს. მმართველი გუნდი თვლის, რომ ოპოზიციის ამგვარი ქცევა ემსახურება ერთადერთ სურვილს, ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

თუმცა ენმ-ში საპირისპიროს აცხადებენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია და უნდა მივუბრუნდეთ 12 პუნქტის შესრულებას. ამისთვის საჭიროა, რომ პარლამენტმა რიგგარეშე სესია მოიწვიოს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელს არ შეუწყობს ბოიკოტირებას ხელისუფლების მხრიდან ამ ხელის შეშლის პროცესს,“ - აცხადებს ენმ-ის წევრი ბაჩო დოლიძე.

ოპოზიციაში ერთიანობა არ არის და ის ვერ თანხმდება ერთიან მოთხოვნებზე, ამიტომ რიგგარეშე სესია უბრალოდ ლანძღვის მორიგი სერია იქნება, რეალური შედეგის გარეშე, ამბობს „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო.

„ეს სესია გახდება ერთმანეთისთვის სახელების ძახილის ადგილი – ვინ მტერია და ვინ მოყვარე. ეს მაშინ, როცა ჩვენი მეგობრები ელოდებიან, რომ ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ქმედება იქნება გადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, რაც მოითხოვს მუშაობას, ერთმანეთთან ომის შეწყვეტას. ლოგიკური იქნებოდა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთად დამჯდარიყო და მოეფიქრებინა, რას აკეთებს რიგგარეშე სხდომაზე. ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არ გვაწყობს, ასევე გვინდა, რომ საარჩევნო ბლოკები დაშვებული იყოს და ა.შ. ამაზე ოპოზიციის მხრიდან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა და ჩვენი ნებისმიერი კონსულტაცია იმით სრულდებოდა, რომ თქვენ სხვა რაღაც გინდათო. ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შევინარჩუნეთ. პრეზიდენტი სესიას ჩანიშნავს თუ არა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რიგგარეშე სესია იქნება პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა. თუ ამ ლოგიკას გაჰყვება, ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას არ ჩანიშნავს. ამის საპირისპიროდ შეიძლება, სესია შალვა პაპუაშვილმა ჩანიშნოს, რათა ამ სესიაზე აჩვენოს, თუ რამდენად მოუმზადებელი მოვიდა ოპოზიცია თავისი მოთხოვნებით“, – განაცხადა ჰერმან საბომ.    

რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს ჩემი ხელმოწერა არ ექნება, რადგან მიმაჩნია, რომ ოპოზიცია ჯერ მზად არ არის ასეთი სხდომისთვის, განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს.

„ჯერ ბევრ რამეზეა სამუშაო და ბევრი კონსენსუსია მისაღები იმაზე, რას ვაკეთებთ. ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს. ამ დროს ითხოვენ პარლამენტის სხდომას, რომელიც პერმანენტულად ტარდება და არ დადის არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, არ მესმის, რა ხდება და მეორე არგუმენტი, რატომაც ხელს არ ვაწერ, არის ის, რომ ჩემ გარეშეც შეუძლიათ ეს გააკეთონ. არ მჯერა, რომ ეს არის სწორი მიმართულება. სწორია ჯერ ლაპარაკი, რაღაცაზე შეთანხმება და შემდეგ სხდომაზე ამის გაფორმება. როცა იწვევ სხდომას, როცა არავისთან გილაპარაკია, მათ შორის, არც ოპოზიციასთან, არავისთან გაქვს კარგი ურთიერთობა და კონსენსუსი, საჯაროდ ისიც კი არ გითქვამს, რა გინდა მართლა გულწრფელად და ამ დროს ითხოვ სხდომის მოწვევას, რომელზეც ან კის გეტყვიან ან არას, კიც რომ გითხრან, არ იცი, იქ რა უნდა გააკეთო. მე რამდენი ხანია, არ ვბრაზდები ჩემს კოლეგებზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.  

მმართველ გუნდშიც მიაჩნიათ, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევას აზრი არ აქვს. „ოპოზიცია რომელიც ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, ის ითხოვს რიგგარეშე სესიის მოწვევას. ოპოზიციამ თქვა, რომ ამ ევროინტეგრაციის პროცესში მივიღებ მონაწილეობას თუ ბარიერი დაიწევსო, ანუ მათთვის სუბიექტურად სასარგებლო გადაწყვეტილება თუ არ მიიღე ისე ევროინტეგრაციის პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას,“ - აცხადებს „ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.    

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „რადიკალურ ოპოზიციას“ რევოლუციისა და დესტრუქციული გეგმის განხორციელების მცდელობები ჩაუვარდა. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ უთხრა, ოპოზიციის ნაწილმა დეპოლარიზაციას თავიანთი განმარტება მოუგონა, რომ მას თურმე ის განაპირობებს, რომ ქვეყანაში ტექნიკური მთავრობა შეიქმნას და ხელისუფლება არჩევნების გარეშე სახლში წავიდეს.

„რადიკალური ოპოზიცია ყველანაირი თანამშრომლობის ფორმატზე უარს ამბობს, რაშიც გარკვეული აზრი დევს – თუ მათი პოზიციიდან შევხედავთ, თანამშრომლობა და კანონპროექტების შემუშავება მათ ინტერესებში არ შედის, რადგან ჩაფლავებული რევოლუციის მცდელობები ვერ აისახება იმ ნაბიჯებში, რომ ისინი მუშაობაში ჩაერთონ. დესტაბილიზაცია და რევოლუცია არ გამოუვიდათ. ახლა მუშაობაში რომ ჩაერთონ, ეს იქნება არაადეკვატური იმ ხასიათისთვის, რაც „ნაცმოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, არ გააჩნია. მათი ქმედებებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. არსებობს 12-პუნქტიანი გეგმა, სადაც მთავარია დეპოლარიზაცია და დეპოლარიზაციას თავიანთი განმარტება მოუგონეს, რაც საოცარია. თურმე, დეპოლარიზაციას ის განაპირობებს, რომ ტექნიკური მთავრობა შეიქმნას, ხელისუფლება სახლში წავიდეს არჩევნების გარეშე და ტექნიკურ მთავრობას მიეცეს მართვის საშუალება“, – განაცხადა ვოლსკიმ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე