„საქართველო 2023 წლის ოქტომბერში ევროკავშირისგან მხოლოდ რეკომენდაციას მიიღებს, რომ 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად კანდიდატის სტატუს მივიღებთ“ - ზაქარეიშვილი
ელზა პაპოშვილი
(16.07.2022)

როგორ შეასრულებს საქართველო ევროპის პირობებს და როგორ გამოიყენებს გადაწეულ ვადას? - უკვე ცნობილია, რომ ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ანგარიში არა წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს უნდა მოამზადოს. განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გააკეთა. მიხაილ რუპიმ აღნიშნა, რომ გადაწყვიტეს საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში არ ააჩქარონ.

ამ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში და ანალიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა. ვისთვის არის ეს შესაძლებლობა - ხელისუფლებისთვის თუ ოპოზიციისთვის. ოპოზიციაში ამბობნ, რომ ეს არის საქართველოსთვის ხელიდან გაშვებული შანსი და არსებობს რისკი, რომ ამ ვადამ კიდევ გადაიწიოს. ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის მხრიდან მოცემული ვადა ძალიან მცირე იყო და ისინი ამას მიხვდნენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მათ 12 პუნქტის შესასრულებლად 6-თვიანი გაწერილი გეგმა აქვთ, ამიტომ კვლავ ამ გრაფიკს გაჰყვებიან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მიერ სტატუსის მინიჭების განხილვის გადაწევა ეს არის ქართველი ხალხის მიმართ გზავნილი.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, ასევე არის ევროკავშირის ქვეყნების მიმართაც გაგაზავნილი შეტყობინება, რომლებსაც საქართველოსთან დაკავშირებით სიმპათიები გააჩნიათ. მისი აზრით, აშკარად ჩანს, რომ „ოცნება" ორ სკამზე ზის და დღემდე ვერ ჩამოყალიბდა უკრაინაში ვინ იმარჯვებს. ამას ევროპაში კარგად ხედავენ, ამიტომ ქართველ ხალხს კიდევ დამატებით შანსი მისცეს.

„ევროკავშირი ჩვენზე კარგად ხედავს რა უნდა საქართველოს. ჩვენი კარგად ესმით და ხედავდნენ, რომ დეკემბრისთვის ტალახში ზელვა გაგრძელდებოდა. სამწუხაროდ არც ოპოზიცია არაა მოწოდების სიმაღლეზე. ვერცერთხელ ევროპელებისგან ვერ გავიგე, რომ ოპოზიცია კარგად იქცევა. საკმაოდ კარგი კონტაქტები მაქვს და იქ ყველა ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებას სამწუხაროდ ოპოზიციაც არ ჩამოუვარდება.

„ოპოზიციის პრობლემა ოპოზიციის არის, ხოლო ხელისუფლების პრობლემა უკვე ქვეყანას აზიანებს. ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს არა გადადექი-გადმოდექიზე, ვადამდელ არჩევნებზე, არამედ ამ 12 პუნქტის შინაარსობრივად კარგად გაწერაზე. ოპოზიციის მხრიდანაც ამ პუნქტების შესრულების გეგმა უნდა ვნახოთ. თუნდაც ერთობლივი იყოს, თუნდაც ყველამ სხვადასხვა დაწეროს. საქმის კეთებაა აუცილებელი და არა აქციების მოწყობა და გაუგებარი მოთხოვნები", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, საჭიროა რომ ოპოზიციამ ხალხს მოტივაცია მისცეს. ხალხს უნდა ბრძოლა და საპროტესტო მუხტი არსებობს, მაგრამ, ოპოზიცია ხალხის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ის ოპოზიციას მოუწოდეს ქალაქ-ქალაქ იარონ.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო 2023 წლის ოქტომბერში ევროკავშირისგან მხოლოდ რეკომენდაციას მიიღებს, რომ 2024 წელს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგად კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მისი აზრით, ყველაფერი საარჩევნო ციკლზე დაჯდება და იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რამეს ამაზე ადრე მოგვცემენ.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა 12 რეკომენდაციის შესრულების ვადა ერთი წლით გაახანგრძლივა, რათა საბოლოოდ ქვეყანას შანსი მისცეს და კანდიდატის სტატუსზე ჩვენთვის უარის თქმა არ მოუწიოთ.

ბოძაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროპას ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული. ამიტომაც მიხვდნენ, რომ დეკემბერში არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და დამატებით შანსი მოგვცეს.

„დროის გადაწევა 2023 წლისთვის იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მიმართ უკვე 3 წელია მათ ნდობა აღარ აქვთ. კარგად ხედავენ რისი გამკეთებლებიც არიან, ამიტომ ქვეყანას დამატებით შანსი მისცეს, რათა საბოლოოდ კანდიდატის სტატუსზე უარი არ გვითხრან.

23-24 ივნისის საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოში პროცესები როგორც განვითარდა კარგად დაინახეს. პოლიტიკურმა პარტიებმა კვლავაც ვერ გამონახეს საერთო ენა და ისევ დაპირისპირება წავიდა. პოლიტიკური პროცესი ისევ ისე სტაგნაციაშია, როგორც იყო მანამდე. ისინი აქ მიმდინარე ყველა დეტალს ყურადღებას აქცევენ. რადგან 12 პუნქტისთვის მუშაობა ერთობლივად არ დაიწყო, მიხვდნენ, რომ როგორც ადრე შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ მოხდა, იგივე პროცესები განვითარდებოდა. ამიტომაც ქვეყანას დამატებით შანსი მისცეს და იმედოვნებენ, რომ რაღაცა საშველი იქნება",-ამბობს ბოძაშვილი.

მისივე თქმით, ჯობია მთელი ოპოზიცია სახლში წავიდეს, რადგანაც არაფრის უნარი არა აქვთ. ბოძაშვილი ამბობს, რომ როცა პოლიტიკური პარტიები ცდილობენ წინა პლანზე წამოწიონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი ორმაგ ცოდვას სჩადიან.

„არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ და მეორე, ისინი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ, როგორც იმპოტენტი და ვერშემძლებელი რეალური პოლიტიკური ცვლილების მოტანის. რა მოხდებოდა თუ ევროკავშირი ამ დროს არ გადაგვიწევდა? რას გააკეთებდა ოპოზიცია ასეთ დროს? ვერაფერს გააკეთებდნენ, რადგანაც ისინი ხალხში არსებულ საპროტესტო მუხტს მხოლოდ უაზრო აქციებით და მოთხოვნებით ფლანგავენ. როგორც ეს ახლა 3 ივლისს მოხდა. ეს კი მოსახლეობაში ნიჰილიზმს აჩენს და ამით ხელისუფლება ხეირობს.

„ოპოზიციას მთლიანად სახლში წასვლას ვურჩევ. სამწუხაროდ მათ დაამტკიცეს, რომ არაფრის უნარი არ აქვთ ქართულ პოლიტიკაში, ისინი არიან ნეგატივის და არამნიშვნელოვანი საქმეების გაკეთების თანამონაწილენი. ხალხშიც უკვე აგრესიას იწვევენ, ამიტომ სჯობია ამ საქმის კეთებას თავი დაანებონ", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე