თეონა ვეშაგური
(16.07.2022)

უკრაინაში პირველი შორი მანძილის, ზალპური ცეცხლის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები M270 ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნული შეიარაღება ქმნის საკმაოდ სერიოზული ტიპის ძალას, რომელსაც შეუძლია რუსულ საარტილეტიო-სარაკეტო პოტენციალთან გათანაბრება.

„მოვიდა პირველი M270 MLRS! ისინი კარგი კომპანიონი იქნება ჰაიმარს -ისთვის ბრძოლის ველზე" , - წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

ის მადლობას უხდის პარტნიორებს და აღნიშნავს, რომ მტრის შეწყალება არ მოხდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ის აღნიშავს, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

„ამ წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები იქნება. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით ოპერაციას და რომ ის წარმატებული იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

„რეზნიკოვის თქმით, უკრაინა შორი მანძილის მეტ სისტემას მიიღებს, კონკრეტულად ჰაიმარს-ის ზალპური ცეცხლის ამერიკულ რეაქტიულ სისტემებს, რომლებმაც მინისტრის შეფასებით, „უკვე შეცვალეს თამაშის წესები ომში".

„უკრაინა უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში რუსულ საბრძოლო მასალის საწყობებზე დარტყმების განსახორციელებლად ფრონტის ხაზის მიღმა ჰაიმარს-ს იყენებდა, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის საარტილერიო მანქანა დაზიანდა",- განაცხადა რეზნიკოვმა.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს თავდაპირველად ეშინოდა, რომ უკრაინაში ჰაიმარს-ის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევდა, მაგრამ, ახლა, მისი თქმით, პარტნიორები უფრო მეტს გაუგზავნიან, მათ შორის რაკეტებს რომლის მიზნის განადგურების რადიუსი 300 კილომეტრია.

„ვფიქრობ ეს ეტაპობრივი მოძრაობაა. ჩვენ ვაძლევთ მათ მტკიცებულებას, რომ ჰაიმარს-ის სიზუსტით გამოყენება შეგვიძლია",- განაცხადა მან.

მანვე ხაზი გაუსვა იმ საკითხსაც, რომ დასავლურ იარაღს უფრო დიდი დიაპაზონი აქვს და უფრო ზუსტია, ვიდრე საბჭოთა ეპოქის ძველ უკრაინულ არტილერიას, რის გამოც ახლა უკრაინელი სამხედროების დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა საშუალოდ 100 ადამიანთან შედარებით,რაც ჯერ კიდევ მაისში დონბასში საშუალოდ ერთი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ აღნიშნული შეიარაღების გადაცემა სხვა არსებულ შეიარაღებასთან ერთად კიდევ უფრო ზრდის უკრაინის შემტევით ძალას.

„პირველ რიგში, აღნიშნული შეიარაღება, „ემ 270" წარმოადგენს „ემ-142"-ის ჰაიმარსის, წინა მორბედს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მას არ აქვს ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების სროლის საშუალება, მაგრამ მიეკუთვნება მსხვილკალიბრიანი შემტევითი ტიპის იარაღს და მოქმედების რადიუსი აქვს დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე.

„ამ სისტემას შეუძლია ერთდროულად გაუშვას 6 სარაკეტო კომპლექტი. უბრალოდ ეს იარაღი არის ჰაიმარსების წინა თაობა და ესაა განსხვავდება მათ შორის.

„ამ შეიარაღების გამოყენება ჰაიმარსებთან და კიდევ არსებულ „ემ 77"-ებთან ერთად ქმნის საკმაოდ მძლავრ შეიარაღებას უკრაინისთვის, იგულისხმება თავად ამ შეიარაღებების კომპლექტი. გადაცემული შეიარაღება ერთობლიობაში ქმნის საკმაოდ სერიოზული ტიპის ძალას რომელსაც შეუძლია რუსულ საარტილეტიო-სარაკეტო პოტენციალთან გათანაბრება.

„რაც შეხება უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოპტიმიზმს, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ შეიარაღების მიღებით თანაბრდება საარტილერიო-სარაკეტო პოტენციალი უკრაინა-რუსეთს შორის. საშუალება მიეცემა უკრაინასაც, რომ აწარმოონ კონტრშეტევები და დაიბურუნონ ტერიტორიები". - ამბობს მაისაია „რეზონანსთან".

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ბრიტანეთმა გამოაცხადა უკრაინისთვის M270 MLRS-ის მიწოდების შესახებ, რომელსაც შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა 80 კმ-მდე მანძილზე განახორციელოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე