ზაალ ანჯაფარიძე: "ყველაფერი არის ირაკლი ღარიბაშვილის სწორი საგარეო და რეგიონული პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა"
თეონა ვეშაგური
(17.07.2022)

საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და ძალისხმევით თბილისმა უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის ორმხრივი შეხვედრას. კავკასიაში სამშვიდობო პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია მოვლენაა რეგიონში უსაფრთხოების განსამტკიცებლად და საქართველოს დედაქალაქი სწორედ ის ადგილია, სადაც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის პირდაპირი დიალოგი დაიწყო.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ამ პროცესების მიღმა და დაცული იყოს ჩვენი ინტერესებიც.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ღარიბაშვილის გაწეული ძალისხმევა დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმასთან დაკავშირებით. საქმე, რომელიც გასული წლის ივნისში წამოიწყო პრემიერმა, მისი მიზანდასახული და წარმატებული პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა შედეგიანი.

სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში 16 ივლისს შედგა, შეხვედრას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დიალოგი საქართველოში, თბილისში მიმდინარეობს. თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ეს სწორედ ამის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით დაწყებული პროცესი დიალოგის ხელშეწყობის ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დასრულდა კონკრეტული შედეგებით, ეს პროცესი გაგრძელდა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა, გაჟღერებული გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან, სწორედ ამ პროცესის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი დღე", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივით" გაერო-ს 76-ე სესიაზე გამოვიდა და განაცხადა, რომ თბილისი მზადაა უმასპინძლოს შეხვედრას, რომელშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ჩაერთვებიან.

ის განმარტავდა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქართველომ საფუძველი შეუქმნა აზერბაიჯანის მიერ 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებას. ამავდროულად, სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გაუზიარა.

მანვე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონებში მშვიდობის დამყარებაზე და ამ მიზნით ახალ ინიციატივებზე.

„ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას" ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად.

„ეს ფორმატი დიალოგსა და რწმენის შექმნას დაეხმარება და საერთო ინტერესების მქონე რეგიონალურ საკითხებზე პრაქტიკულ გადაწყვეტას მოახდენს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

„საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები, ჩვენი ძმები და საერთაშორისო პარტნიორები.

„მოდით, პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ ნდობის შენება და შემდეგ გადავიდეთ სხვა რეგიონალური და გლობალური საკითხების გადაჭრაზე" - აცხადებდა პრემიერი გაეროს ტრიბუნიდან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პროცესებს წინ უძღვოდა ხანგრძლივი მუშაობა და ყველაფერი არის ირაკლი ღარიბაშვილის სწორი საგარეო და რეგიონული პოლიკის შედეგი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედეგი გამოიღო პრემიერის ძალისხმევამ და თბილისი გახდა მედიაციის ერთ-ერთი მოედანი.

„საერთოდ, როდესაც ასეთი მაღალი დონის დიალოგი ტარდება და საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უწყობ ხელს, ეს რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ხდება. პროცესებს წინ უძღვის ხანგრძლივი მუშაობა. ყველაფერი დიპლომატიური შეხვედრებისა და კონტაქტების შედეგია. კარგია, რომ შედეგი გამოიღო პრემიერის ძალისხმევამ და თბილისი გახდა მედიაციის ერთ-ერთი მოედანი.

მოგეხსენებათ, აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია რა გაგრძელებას ჰპოვებს ეს პროცესები. სამშვიდობო შუამავლის როლის შესრულება ნამდვილად წაადგება საქართველოს ავტორიტეტს.

„ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ გაეროს ტრიბუნიდან წამოაყენა ეს ინიციატივა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა. მან ისაუბრა 3 კავკასიური სახელმწიფოს დიალოგის ფორმატის შესახებ და როგორც ჩანს, ამ ინიციატივის ფარგლებში იქნა გაწეული სამუშაოები, რის ფარგლებშიც შედგა აღნიშნული შეხვედრა.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, უკვე კარგი დასაწყისია, რომ ერთმანეთს ხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრები, საუბრობენ და ცდილობენ რაიმე შეთანხმების წერტილები გამოძებნონ.

„ვნახოთ, სამომავლოდ როგორ განვითარდება პროცესები.

„გარდა ამისა, პრეზიდენტამა ალიევმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ სომხეთი არ წავა კომპრომისზე საზღვრებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანს გამზადებული აქვს „რკინის მუშტი". ამით მიანიშნა, რომ აზერბაიჯანი იფიქრებს საკითხის გადაწყვეტაზე სამხედრო გზით. აღნიშნული ვითარების ფონზე კი მნიშვნელოვანია ღარიბაშვილის გაწეული ძალისხმევა ამ დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმასთან დაკავშირებით" - გააცხადა ანჯაფარიძემ.

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ იარკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების შემდეგ დაიწყო საკმაოდ აქტიური მუშაობა მეზობელ ქვეყნებთან სამშვიდობო ურთიერთობის განმტკიცების კუთხით.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის მოწესრიგება მეზობელ სახელმწიფოებთან და მუშაობა ამ მიმართულებით. მითუმეტეს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთი საერთო სივრცე და გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კულტურა.

„მეორეს მხრივ, ვიცით, რამდენად დაძაბულია ვითარება ჩვენს რეგიონში, გვაქვს პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიები, არის საკმაოდ დაძაბული ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანს შორისაც და დღეს მიმდინარეობს ამ კონფლიქტების დარეგულირება, რაც საკმაოდ აქტიური პროცესებია.

„ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების პერიოდიდან საკმაოდ გააქტიურდა ჩვენი სამეზობლო პოლიტიკა. რასაც დიდი ხნის განმავლობაში მოვითხოვდით საექსპერტო წრეები, რადგან იყო განცდა, რომ ვკარგავდით ჩვენს როლს, როგორც გამაერთიანებლისას. ახლა კი ვუყურებთ ზუსტად ამ პროცესებს ბოლო 1-2 წლის მანძილზე. ჩვენ ვიხილეთ მედიაცია პრემიერის ჩართულობით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, როცა მოხდა გაცვლა ტყვეებისა და დანაღმული ტერიტორიების რუკების. ბოლო წლებში თვალს ვადევნებთ ამ კონფლიქტური სიტუაციების გადაყვანას მშვიდობიან რეჟიმში.

„საქართველოს ჩართულობა და ჩვენი მოედნის გააქტიურება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არ აღმოვჩნდეთ ამ პროცესების მიღმა და დაცული იყოს ჩვენი ინტერესებიც. აქ არის ორი მიმართულება, ერთი სამშვიდობო და მედიაციური ჩვენ ორ მეზობელს შორის, რომლის შედეგებიც ვიხილეთ. მეორე კი არის რეგიონალური, სატრანზიტო და სხვა პროცესები.

„ხელის შემშლელია რუსეთის ფაქტორი, მაგრამ, არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და უნდა ვიყოთ გაცილებით აქტიურები.

„რაც შეეხება მსგავსი შეხვედრების გაგრძელებას, რომ არ იყოს მზაობა ჩვენი მეზობლების მხრიდან და არ არსებობდეს ნდობა საქართველოსადმი, თანაც იმ ფონზე, რომ ასეთ „საკითხებში მნიშვნელოვანია პირადი ნდობა და დამოკიდებულება იგივე ჩვენი პრემიერის მიმართ, არ მოხდებოდა შეხვედრა თბილისში.

„აქვე გავაკეთებ ერთგვარ პროგნოზს. მგონია, რომ შესაძლებელია ამ სამი მინისტრის შეხვედრა იყოს მოსამზადებელი სამი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრისა. შესაძლებელია ესეც მოხდეს თუ საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან ერთმანეთს" - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი არის ყველაზე სწორი გზა აზერბაიჯანული და სომხური უთანხმოების გადასაჭრელად" , - აღნიშნა ბლინკენმა საკუთარი „ტვიტერის" გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე