თეონა ვეშაგური
(18.07.2022)

„ცდილობენ დაგვემუქრონ ყირიმზე თავდასხმით. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა - მათ ესმით ასეთი განცხადებების შედეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, ყველა მათგანისთვის ერთდროულად დადგება განკითხვის დღე" - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა და აღნიშნა რომ უკრაინისგან მომდინარეობს საფრთხე ყირიმზე თავდასხმისა.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთს ეშინია იმ შეიარაღების, რომელსაც უკრაინა იღებს დასავლეთისგან, რადგან სწორედ ეს შეიარაღება აძლევს უკრაინას კონტრშეტევების საშუალებას.

მედვედევის განცხადებით, უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაციის" მიზნები მიღწეული იქნება და ამას გააცნობიერებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც კიევის რეჟიმს ფულს და შეიარაღებას აძლევს.

„თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება. ისინი დაკავშირებულია საფრთხის აღმოფხვრასთან და უკრაინის ხელმძღვანელობის დენაციფიკაციასთან და დემილიტარიზაციასთან; იმ საფრთხის მოცილებასთან, რომელიც უშუალოდ არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში, ამას ისინიც აცნობიერებენ, ვინც დღეს კვებავს ამ რეჟიმს, ვინც ფულს აძლევს, აწვდის სამხედრო ტექნიკას, რომ ეს კონფლიქტი განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს, რადგან ეს არ შედის მთლიანად ევროპის ინტერესებში.

„არსებობს გარკვეული გეგმები იმისა, თუ როგორი სახით ვითარდება მსგავსი ოპერაციები. ამ დროისთვის "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა" უკვე გათავისუფლებულია ნაცისტებისგან, პროფაშისტური ძალებისგან, რომლებმაც გარკვეული დროით იქ ხელისუფლება დაიკავეს. სხვა ნაწილში სპეცოპერაცია გრძელდება. მართლაც, იქ ჩვენი ბიჭები, როგორც ეს 80 წლის წინ იყო, ჩვენი სამშობლოსთვის იბრძვიან",- განაცხადა მედვედევმა დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე სტალინგრადის ბრძოლის დაწყების წლისთავზე.

მანვე ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინას ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, განკითხვის დღე ელოდება.

„ცალკეული ეგზალტირებული, სისხლიანი ჯამბაზები, რომლებიც დროდადრო ჩნდებიან იქ რაღაც განცხადებებით, ასევე ცდილობენ დაგვემუქრონ ყირიმზე თავდასხმით და ა.შ. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ აშკარაა - მათ ესმით ასეთი განცხადებების შედეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, ყველა მათგანისთვის ერთდროულად დადგება განკითხვის დღე. ძალიან სწრაფად და მძიმედ. ძალიან რთული იქნება დამალვა", - განაცხადა მედვედევმა.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებებში წერია.

როგორც უკრაინის მედია იუწყება, უსაფრთხოების უმაღლესი თანამშრომელი „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლის" შესაბამისად გაათავისუფლეს.

გავრცელებული ცნობებით, ზელენსკიმ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსი სიმონენკო დანიშნა.

აღნიშნულ პროცესებსა და განცხადებებს „რეზონანსთან" საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი თქნგიზ ფხალაძე აფასებს. მისი თქმით, კომიკურია მედვედევის განცხადებები, რადგან მას არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური წონა. ეს მუქარები კი მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ უკრაინისათვის გადაცემული თანამედროვე შეიარაღება საკმაოდ აშინებს კრემლის რეჟიმს.

„კომიკურია, მედვედევი რომ აკეთებს რაიმე განცხადებას. თავად პიროვნება არაფერს არ წარმოადგენს. თავის დროზეც ბუტაფორიად იყო იმ თანამდებობებზე, რომელზეც იყო და ასეა დღესაც. ამიტომ, სრულიად არასერიოზულია მისი მუქარა.

„რაც შეეხება იმას თუ რა შიშები აქვთ რუსებს, მათ ეშინიათ იმის, რომ საკმაოდ დიდ შეიარაღებას იღებს უკრაინა, რის გამოც ეძლევა საშუალება, რომ გადავიდეს კონტრშეტევებზე. ამასთან, ერთ-ერთ სამიზნედ განიხილება ყირიმი, გამომდინარე იქედან, რომ უკრაინელები აპირებენ სრულად დაიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები.

„ეს ბუნებრივია, სრულ კრახს წარმოადგენს რუსეთისთვის. თავისთავად ცხადია, ამგვარი პერსპექტივა საკმაოდ აშინებს კრემლის რეჟიმს. ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან არ გახორციელდეს მსგავსი სცენარი.

„ამასთან, ყველაფერია შესაძლებელი მათ შორის ისიც, რომ უკრაინამ იერიში მიიტანოს ყირიმის ხიდზე", - განაცხადა ფხალაძემ.

ანალიტიკოსმა ისაუბრა ზელენსკის მიერ გახორციელებულ საკადრო ცვლილებაზეც.

„ვერ გეტყვით რით ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ საკადრო გადაადგილები არ არის გამორიცხული არც ომის პერიოდში. როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტს დასჭირდა უფრო ეფექტური მმართველობა და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება". - ამბობს ფხალაძე „რეზონანსთან" .

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე