თამთა ჩაჩანიძე
(19.07.2022)

ივლისი უკვე მთავრდება და მაინცდამაინც პოლიტიკურად მშფოთვარე არაა, აგვისტოც შედარებით მშვიდობიანი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ შემოდგომა რთული იქნება პოლიტიკური, სოციალური თუ სამართლებრივი მიმართულებით. ომმა კრიზისი შექმნა, თუმცა ხალხს პროდუქტები ჯერ კიდევ აქვს და თავი გააქვს, მაგრამ შემოდგომა-ზამთრისკენ სოციალურ შეტევებს ვპროგნოზირებ, რომელიც პოლიტიკურს აუცილებლად მიებმება - ასეთია „რეზონანსთან" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას პროგნოზი მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლნენებზე. ფიქრობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ნახტომისთვის ემზადება.

„რეზონანსი": პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია ევროპული საბჭოს რეკომენდაციის 12 პუნქტზე სამუშაოდ, თუმცა „ოცნებამ" მასში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან კვორუმი არ შედგა, პლენარული სხდომები აღარ გაიმართება. როგორ შეაფასებთ ამ მოცემულობას?

იგორ კვესელავა: აქ ჩანს, პრეზიდენტს რა ურთიერთობა აქვს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უუფლებოა, რადგან ის ხალხის მიერაა არჩეული. ის მთელმა საქართველომ აირჩია, ეს მის უფლებასა და ძალასაც ნიშნავს, ამას კი არც „ოცნება" და არც სხვა პოლიტიკური პარტიები არ ითვალისწინებენ. წინა პრეზიდენტსაც ჰქონდა ხელისუფლებასთან უთანხმოებები, ახლაც დაახლოებით იგივე განმეორდა. არადა, ზურაბიშვილიც და მარგველაშვილიც „ოცნების" სურვილი და არჩევანი იყო.

ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას" პრეზიდეტის თხოვნა უნდა გაეთვალისწინებინა. ბოლოს და ბოლოს, ეს რიგგარეშე სესია მოწვეულიყო, რომელშიც მონაწილეობას „ოცნება" და მთელი ოპოზიცია მიიღებდა. ეს კი პირველი შემთხვევა იქნებოდა, როცა ნაბიჯს პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგამდნენ. ევროპაც ამას გეუბნებათ და ამდენს თუ ვერ ხვდებით, მაშინ რა გინდათ ხელისუფლებაში?!

ამ სიტუაციაში პრეზიდენტს ვეთანხმები და მხარს ვუჭერ, ეს სწორი ნაბიჯი იყო დეპოლარიზაციისკენ. პოლარიზაციის შემცირება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მთლიანად ამის გაკეთება ახლა შეუძლებელია, მაგრამ მის დასაძლევად ნაბიჯი მაინც უნდა გადავდგათ.

თუ „ქართული ოცნება" ფიქრობდა, რომ ამით ზურაბიშვილს ავტორიტეტს აეწეოდა, ცდებოდა, რადგან ახლა ამ ნაბიჯით ავტორიტეტი ისედაც აეწია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ „ოცნებამ" პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„რ": თქვენი აზრით, რატომ მისწერა პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი?

ი.კ: ღარიბაშვილს დიდ პატივს ვცემ, ის საქართველოზე მოფიქრალი კაცია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკა ურთულესია, აქ დიდი გამოცდილებაა საჭირო. უკან დახევის, ანალიზისა და კრიტიკულად გააზრების გარეშე პოლიტიკა არ არსებობს. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სხვისი აზრიც. საქმე ისაა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას 308-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ისინი ხომ ერთი პარტიის ან ერთი ქვეყნის წარმომადგენლები არ არიან?! აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, ერთი პიროვნული აზრიდან გამომდინარე არ იქნებოდა. ევროპარლამენტს არ შეუძლია, ასეთი სერიოზული დასკვნები დოკუმენტების გარეშე გამოიტანოს. ისინი ამაზე ფიქრობდნენ, ალბათ რაღაც მასალებიც შეისწავლეს, გაეცნენ, შესაძლოა, რაღაც ხელჩასაჭიდი ნახეს და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს. თუ რაიმე საფუძველი არ არსებობს, მცირედი მაინც, ევროპარლამენტარები ამას არ იტყოდნენ და მხარს არ დაუჭერდნენ, ეს რაღაც მასალებზეა დაფუძნებული და თუ რეზოლუციის ავტორები და სხვები ამას გვეტყვიან, კარგი იქნება. ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, სთხოვოს და გადმოგვიგზავნონ ის მასალები, რომლებზე დაყრდნობითაც ეს განცხადებები გააკეთეს. ეს ყველაფერი დიპლომატიურად უნდა მოხდეს.

ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. თუ ტყუილია, მაშინ უნდა გაირკვეს, „ოცნებისთვის" ოლიგარქობის დადასტურება ძალიან მძიმე იქნება, მას ძირი შეერყევა და ამიტომაც „ოცნების" პოლიტიკური გუნდი ცდილობს, რომ პარტია არ შეერყათ და 2024 წლამდე მაინც იყვნენ. ღარიბაშვილის წერილი ბუნებრივია, განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ჩვენი თავი დავიცვათ, საქართველომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას. ივანიშვილის დასაცავად „ოცნებიდან" ბევრი აღდგა, ოპოზიციიდან კი ამას არავინ არ ამბობს. ამას მხოლოდ ხელისუფლება კი არ უნდა ამბობდეს, არამედ ოპოზიციური ნაწილიც ამას უნდა ემხრობოდეს, რომ ჩვენი არგუმენტები რეალურად გამოიყურებოდეს.

„რ": როგორი იქნება პოლიტიკური ზაფხული და შემოდგომიდან რა პროცესებს ელოდებით?

ი.კ: ივლისი უკვე მთავრდება და მაინცდამაინც პოლიტიკურად მშფოთვარე არაა, აგვისტოც, ჩემი აზრით, შედარებით მშვიდობიანი იქნება, თუმცა მგონია, შემოდგომა რთული იქნება ყველა მიმართულებით: პოლიტიკური, სოციალური თუ სამართლებრივი მიმართულებებით. ომმა კრიზისი შექმნა, თუმცა ზაფხულის თვეებში ხალხს პროდუქტები ჯერ კიდევ აქვს და თავი გააქვს, მაგრამ შემოდგომა-ზამთრისკენ სოციალურ შეტევებს ვპროგნოზირებ, რომელიც პოლიტიკურს აუცილებლად მიებმება. შემოდგომისთვის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა გამწვავდება. ამას დაემატება სამართლებრივიც.

ზაფხულში შიდა პოლიტიკური სიტუაცია შედარებით მშვიდობიანი იქნება, რადგან ოპოზიცია პოლიტიკური ნახტომისთვის ემზადება. ამ მზადებას აშშ-იც კარგად ხედავს და ევროპაც და კიდევაც მხარს უჭერენ. ჩემი აზრით, დადგა ის დრო, რომ მათთვის „ოცნების" ათწლიანი პოლიტიკა დამაკმაყოფილებელი აღარაა და ფიქრობენ, რომ განახლებაა საჭირო. ვინ იქნება შემდეგი, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა პოლიტიკური ძალები არსებობენ და გამორიცხული არაა, რომ ახალი ძალებიც გამოჩნდნენ და კოალიციური მმართველობისთვის იბრძოლონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე