თამთა ჩაჩანიძე
(29.07.2022)

ადამიანი, რომელმაც ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, სავარაუდოდ, დ. ჯ. -ა, მას პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. მკვლელობის საქმეზე შვიდი პირია დაკავებული, როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაული ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მოხდა.

7 დაკავებულიდან სამის ვინაობა "მთავარი არხისთვის" ცნობილია. ესენი არიან: ირაკლი ასლანაძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ასლანაძეს გამოძიება ხულიგნობას ედავება.

გავრცელებული ინფორმაციით, კუკავა ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად იყო გასული, სისხლიანი დაპირისპირება 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ცხვარიჭამიაში ტრაგედია 28 ივლისს გამთენიას, 04 საათზე მოხდა, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

მკვლელობის დღეს მცხეთის პოლიციასთან ხალხმრავლობა იყო, სადაც დილის 4 საათიდან დაკითხვები მიმდინარეობდა, პოლიციაში იმყოფებოდნენ ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდების მშობლებიც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი მირიან კუკავა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით გასამართლებულ ადამიანს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე