თამთა ჩაჩანიძე
(29.07.2022)

პარასკევს დონეცკში ოლენოვკის ის კოლონია დაიბომბა, სადაც უკრაინელი ტყვეები, მათ შორის მარიუპოლში ჩაბარებული „აზოვის" მებრძოლები იმყოფებიან. გავრცელებული ცნობებით მსხვერპლი დიდია და ყოველ საათში იზრდება. ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი 50-ს აჭარბებდა. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ - მოსკოვი სამხედროების დაღუპვას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბრალებს, თითქოს კოლონიას „ჰაიმარსით" დაარტყეს. რაც შეეხება უკრაინის არგუმენტებს, ქვეყნის გენშტაბის მტკიცებით, იერიში კრემლმა განახორციელა, რათა ტყვეთა წამების და დახვრეტის ფაქტები დაემალა და უკრაინა ომის დანაშაულის ჩადენაში დაედანაშაულებინა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ელენოვკას დასახლებაში, სადაც ასევე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, სასჯელაღსრულების დაწესებულების მიზნობრივი საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს. ამ გზით რუსი ოკუპანტები ახორციელებდნენ თავიანთ დანაშაულებრივ მიზნებს - დაედანაშაულებინათ უკრაინა "ომის დანაშაულების" ჩადენაში, ასევე დაეფარათ ტყვეების წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტები", - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 53 ადამიანი დაჭრილთა რაოდენობა კი 75-ია. პრორუსი „ბოევიკები" ამბობენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაცილებით დიდია დაახლოებით 130 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ „ელენოვკას წინასწარი დაკავების ცენტრს, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებიან, ამერიკული „ჰაიმარსებით" დაარტყეს".

„დღეს ღამით კიევის რეჟიმმა სისხლიანი პროვოკაცია განზრახ ჩაიდინა...ეს უხეში პროვოკაცია იყო განხორციელებული უკრაინელი სამხედროების დაშინებისა და მათი ჩაბარების თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, საპატიმროზე განხორციელებული თავდასხის თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა „ტელეგრამის" არხზე განაცხადეს, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე 356-ე მუხლით აღძრეს.ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმაც დაადასტურა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ელენოვკას კოლონიაზე თავდასხმით რუსეთმა კიდევ ერთი საშინელი, ომის დანაშაული ჩაიდინა.

„რუსეთმა კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა ოკუპირებულ ელენოვკაში გამოსასწორებელი დაწესებულების დაბომბვით, სადაც მას უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჰყავდა. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეს სასტიკი დარღვევა მკაცრად დაგმონ და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ", - წერს კულება „ტვიტერზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე