თამთა ჩაჩანიძე
(28.03.2023)

პარასკევს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამეტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. მისი მხრიდან მმართველი პარტიის პერიოდული კრიტიკის ფონზე, ეს გამოსვლა და განსაკუთრებით შემდგომი დებატები შესაძლოა განსაკუთრებით ცხარე იყოს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი „რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ზოგადად ემოციები სიმეტრიულია და თუ სალომე ზურაბიშვილმა „კურსი გამძაფრებისკენ აიღო, „ოცნება" ბევრი ფრონტიდან შეუტევს". ეს, საყვარელიძის აზრით, პრეზიდენტმა თავადაც იცის და ამის გამო ზურაბიშვილი „ოცნების" პირისპირ შედარებით „უფრო რბილი იქნება".

თავად „ოცნებაში" აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის ბოლო პერიოდის განცხადებები მათთვის მიუღებელია.

„ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომელიც ჩვენთვის მიუღებელი იყო. ზოგიერთ შემთხვევაში ოპოზიციისთვისაც მიუღებელი იყო. არ მგონია, რომ შეთანხმებულ პოზიციებს გავაჟღერებთ პოლიტიკური ჯგუფები. ვითარება გაცილებით უფრო რთულია მთელ მსოფლიოში და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც თავის გამოსვლაში ყურადღებას დაუთმობს ამ საკითხებს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორშაბათს სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელიც ბოლო დროს აქტივისტ თათია სამხარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, ზურაბიშვილმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება".

რაც შეეხება ოპოიციის მოლოდინებს, მათი აზრით, პრეზიდენტი ყურადღებას 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე გაამახვილებს. მათ ნაწილს აინტერესებთ, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი იმ ძალაუფლებას, რომელიც მას გააჩნია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ 31 მარტს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას დარბაზში პარადოქსული სიტუაცია შეიქმნება, როლები შეიცვლება და შესაძლოა ოპოზიცია პრეზიდენტის დამცველის როლში ვიხილოთ.

„პარადოქსული სიტუაცია იქნება, რადგან პარლამენტში მომხსენებლები, როგორც წესი, ხელისუფლებიდან არიან და დებატებში უმეტესად ოპოზიციაა. ამჟამად სავარაუდოა, რომ მომხსენებელთან დებატებში ხელისუიფლება შევა და შეიძლება ოპოზიცია დამცველის როლში გამოვიდეს. შესაძლოა როლები შიცვალოს და ამ მხრივ საინტერესო სურათი იქნება.

„სავარაუდოა, რომ ეს კამათი იმ სახეს არ მიიღებს, როგორც ხდება ხოლმე ოპოზიციის დებატებში ჩართვის დროს - უხეშობა, პირადი შურაცხყოფები და ა.შ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ხარვეზები ამ შემთხვევაში არ გვექნება.

„ქუჩაში ერთი კაცი მეორეს რომ შეაგინებს, მეორეც გინებით პასუხობს ხოლმე. როგორც წესი, ემოციები სიმეტრიულია. ადამიანს რა ემოციასაც შესთავაზებ, იმ ემოციით გიპასუხებს. ამიტომ სავარაუდოა, რომ პრეზიდენტისთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იქნება ის ტექსტები, რასაც მის მიმართ ამ შემთხვევაში „ოცნების" წარმომადგენლები იტყვიან", - განაცხადა საყვარელიძემ.

იგი ფიქრობს, რომ თუ ზურაბიშვილმა გამოსვლისას კურსი სიტუაციის გამძაფრებისკენ აიღო, „ოცნება" „ბევრი ფრონტიდან შუტევს".

„ქართული ოცნებისთვის" პირადად ნათქვამ განცხადებებში ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი უფრო რბილი იქნება, რადგან თუ მან კურსი გამძაფრებისკენ აიღო, „ოცნება" მის ბევრ პოზიციიდან შეუტევს - კომპეტენციიდან, რადგან შიგადაშიგ ეს საყვედურიც იყო, რომ პრეზიდენტმა არ იცის, ვერ ერკვევა; შეუტევს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების, პატრიოტული პოზიციიდან და იმ პოზიციიდან, რომ ადრე რა თქვა და ახლა რას იძახის.

„ზურაბიშვილი ადრე სხვა განცხადებების ავტორი იყო და ახლა სხვას აცხადებს. პრეზიდენტის ამ ცვლილებას თავის სირთულეები სდევს თან და მგონია, რომ სიტუაციის გამწვავებას თავს აარიდებს", - განაცხადა საყვრელიძემ „რეზონანსთან".

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში შესაძლოა დებატები ცხარე გამოვიდეს, თუმცა მისთვის სასურველია, რომ პროცესმა სკანდალების გარეშე ჩაიაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე