თამთა ჩაჩანიძე
(26.03.2024)

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოქლაქე ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა. რუსული მხარის მტკიცებით, ის 2022 წელს ოქტომბერში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთანაა კავშირში და გამორიცხული არაა, კრემლმა საქართველოს ხელისუფლებას მისი გადაცემა მოსთხოვოს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ამით მოსკოვი საქართველოს მიმართ ახალი პროვოკაციის საფუძველს ამზადებდეს.

როგორც რუსული „ტასს" წერს, ალექსანდრე ინასარიძე რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი, მისი პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობა კი ბასმანის რაიონულმა სასამართლომ გამოძიებიდან მიიღო.

რა მოხდა 2022 წლის ოქტომბერში

ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. რუსულმა მხარემ გამოძიება მაშინვე დაიწყო, სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა და მეორე დღესვე მომხდარის თავისი ვერსია წარმოადგინა.

ალექსანდრე ინასარიძისთვის განაჩენის გამოტანამდე, იმავე საქმეზე, მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვასილ მალიუკს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა „ტერაქტის" ორგანიზატორად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, სამმართველოს თანამშრომლები და აგენტურა დაასახელა. მათი მტკიცებით, ოპერაციაში ორი სატვირთო ავტომობილი მონაწილეობდა, ხოლო „ასაფეთქებელი მოწყობილობა შენიღბული იყო სამშენებლო პოლიეთილენის გრაგნილებში 22 ტონაზე მეტი წონით".

ამავე ვერსიით, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში ეს ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთში, საიდანაც ტვირთი ფოთში მოხვდა, ხოლო შემდეგ - სომხეთში. განბაჟების შემდეგ იგივე სატვირთო ავტომობილი, საქართველოს გავლით, გადავიდა რუსეთის ფედერაციაში ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. საბოლოო დანიშნულების პუნქტი იყო კრასნოდარის მხარის ქალაქი არმავირი, სადაც ტვირთი გადაიტანეს სხვა ავტომობილში, რომელიც გაემართა ყირიმის მიმართულებით.

საქართველოსა და სომხეთის ტგერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის პროცესში ჩართული იყვნენ უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები. რუსული გამოძიების მონაცემებით, „პროცესში ჩართული უკრაინის მოქალაქეები არიან: მიხაილ ვლადიმირის ძე ციურკალო (დაბადებული 1975 წელს), დენის ოლეგის ძე კოვაჩი (1979) და რომან ივანეს ძე სოლომკო (1971). პროცესში ჩართული საქართველოს მოქალაქეები არიან: ინასარიძე ალექსანდრე (დაბადების წელი მითითებული არ არის) და ვინმე ბროკერი სახელად ლევანი; პროცესში ასევე ჩართული იყო სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი (1985)".

მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა („ეფესბე") ბრალდებები კიდევ უფრო გააფართოვა.

რამდენიმე წყაროს ცნობით, 2022 წლის 8 ოქტომბერს დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსული მხარის მტკიცებით, მომხდარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარის შემდეგ ქართულმა მხარემ ინციდენტთან რაიმე საიხის კავშირი უარყო, ათი თვის თავზე კი უკრაინამ განაცხადა, რომ ხიდზე აფეთქება მისი ორგანიზებით მოხდა.

მზადდება თუ არა საფუძველი პროვოკაციისათვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული კრემლი საქართველოსთვის პროვოკაციას ამზადებდეს, თუმცა რა სახის, ამაზე საუბარი ახლა რთულია. მისი თქმით, უკრაინას სრული უფლება აქვს ყირიმის ხიდზე მიიტანოს იერიში და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ტერორისტული აქტი მოაწყო.

„სავსებით შესაძლებელია ამით კრემლი რაიმე პროვოკაციის საფუძველს ამზადებდეს, რადგან რუსეთმა არა მხოლოდ აღნიშნული ადამიანი, არამედ დაახლოებით ასი ქართველი შეიყვანა ე.წ. ტერორისტების სიაში. ვინც უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს ეხმარება, შეყვანილია უცხოური აგენტების, ან ტერორისტების სიაში - „ქართული ლეგიონი" და ა.შ.

„არაა გამორიცხული, რომ კრემლმა საქართველოს ხელისუფლებას მათი გადაცემა მოსთხოვოს. ასევე მოითხოვოს იმ ინფორმაციების და მასალებვის გადაგზავნა, რომელიც ამ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს ეხება. კრემლის თავხედობას საზღვარი არ აქვს. შესაძლოა მსგავსი ბრალდებები მოხშირდეს, მით უმეტეს, რომ საარჩევნო წელია და არაა გამორიცხული ამის პარალელურად მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალებიც გააძლიეროს საქართველოში.

„ამ ამბების მერე, ცოტა მოგვიანებით, კრემლმა კიდევ გააჟღერა, რომ თითქოს გარკვეული ჯგუფი საქართველოს გავლით ვორონეჟში ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. კრემლის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ჩემი აზრით ყირიმის ხიდზე აფეთქების რუსული სცენარი არარეალურია.

„ყირიმის ხიდი სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. უკრაინა ომშია და მას სრული უფლება აქვს, რომ სამხედრო დივერსია განახორციელოს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, მით უმეტეს, რომ ყირიმი უკრაინის სუვერენიტეტის ქვეშაა და აფეთქების ორგანიზების აღიარება არ ნიშნავს, რომ ტერორისტულ და რუსულ სცენარს აღიარებს.

„ჩვენთან საარჩევნო წელია და წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე, რუსების მხრიდან მსგავსი პროვოკავიის მცდელობები იქნება. ეს არჩევნები, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, პირველ რიგში იქნება გეოპოლიტიკური ინდიკატორებით განპირობებული. ამას პირველად ექნება გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ბუნებრივია, ტემპერატურა საკმაოდ სერიოზული იქნება და რუსეთის მხრიდან მსგავსი საქმეების შეთითხვნებიც მოსალოდნელია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე