თამთა ჩაჩანიძე
(26.03.2024)

მმართველმა პარტიამ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ორ ძირითად საკითხს მოიცავს - საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში შემოდის „დელეგატი“ცნება. კანონპროექტის თანახმად, პარტიას აქვს უფლება, საარჩევნო სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი რომელიმე საარჩევნო ოლქის დელეგატად განსაზღვროს. რატომ გახდა საჭირო საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ამ ცვლილებების მიღება და როგორ აისახება ეს არჩევნების შედეგებზე?

საკრებულოების მაჟორიტარულ არჩევნებზე 40%-იანი ბარიერის გაუქმება პრაქტიკულად მეორე ტურების გაქუმებას ნიშნავს, რადგანაც, ასეთ შემთხვევაში, არჩევნებს პირველივე ტურში იგებს ნებისმიერი ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. მმართველი პარტია ამბობს, რომ ეს ინიციატივა ოპოზიციისთის ხელსაყრელია და მეტი დემოკრატიულობისა და წარმომადგენლობისკენ გადადგმული ნაბიჯია. გარდა მისა, მათივე თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მეორე ტურები ბიუჯეტისათვის ზედმეტი ხარჯია, რადგანაც, როგორც წესი, მეორე ტურში მაინც ის კანდიდატი იმარჯვებს, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

ოპოზიციის აზრით, ეს არგუმენტები და განსაკუთრებით ის, რომ ხელისუფლება ამით საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას ცდილობს, არადამაჯერებელია. მათივე შეფასებით, მმართველ პარტიას უახლოესი ადგილობრივი არჩევნებისათვის, რომელიც 2025 წელს გაიმართება, მეორე ტურებში წარმატების იმედი არ აქვს და ამისთვის წინასწარ ემზადება. აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას ანალიტიკოსთა ნაწილიც იზიარებს.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, აქ ანალიტიკოსები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ „დელეგატების“ დასახელებით მაჟორიტართა ერთგვარი რეამინირება ხდება. მათი აზრით, ამას ხელისუფლება კონკრეტულ ოლქებში თავისი მხარდამჭერების მობილიზაციისათვის აკეთებს და ეს ცვლილება იგივე მიზნით ოპოზიციამაც შეიძლება გამოიყენოს.

პოლიტიკური შეფასებები

„ოპოზიციაში რომ ვიყო, ტაშს დავუკრავდი, რომ როგორც იქნა მმართველმა ძალამ ნაბიჯი ჩვენსკენ გადმოდგა... როცა რეიტინგის პიკში მყოფ პარტიაზე ამბობ, რომ მას რაღაცის ეშინია, სისულელე და არაადეკვატურობაა“, - ასე პასუხობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერის გაუქმების ინიციატივას უკავშირდება.

მან ამ კონტექსტში საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც წესი, საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელი „გარანტირებულად იგებს“.

„როცა ოპოზიციაში ხარ და 2%-3% გაქვს, იმაზე უნდა იზრუნო, იქნებ როგორღაც ვინმეს შეეკრა და სადმე მაჟორიტარი მაინც გაიყვანო და ამ დროს რეიტინგის პიკში მყოფ პარტიაზე ამბობ, რომ მას რაღაცის ეშინია, პიარულ სისულელეს ლაპარაკობ... თუ სურთ ხალხს დააჯერონ, რომ ეს ინიციატივა მეტი დემოკრატიულობისკენ და ინკლუზიურობისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის, შეიძლება აღნიშნულ საკითხს საერთოდ დავანებოთ თავი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივის მეორე ნაწილს, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიაში ცალკეული დეპუტატობის კანდიდატების მუნიციპალიტეტების დელეგატებად განსაზღვრას ეხება, მდინარაძის თქმით, სიტყვა „დელეგატი“ შეიძლება სხვა სიტყვით შეიცვალოს, მაგრამ პრინციპი იგივე დარჩება.

„უზრუნველვყოფ, რომ კანონში სიტყვა „დელეგატი“ არ ეწეროს. დელეგატი არ მომწონს, რადგან არარელევანტურია, რაზეც გუნდში ბევრი მეთანხმება, მაგრამ პროექტით წარმოდგენილია ის პრინციპი, თუ რა გვინდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა მმართველი პარტიის წევრებს მიმართა კითხვით - თუ დარწმუნებულები არიან, რომ „ოცნებას“ ამომრჩეველთა მხარდაჭერის პრობლემა არ აქვს, რა მიზანს ემსახურება ბარიერის გაუქმება. მისთვის ასევე გაუგებარია საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიებში დელეგატების გამოჩენაც. 

„ცოტა გასაკვირი და უცნაურია, თუ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და ყოველდღე იმეორებს ამას, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება. ახლა რატომ გახდა ამ ინიციატივის დაყენება, რომ გაუქმდეს 40-პროცენტიანი ბარიერი. საპარლამენტო პარტიულ სიაში ე.წ. ახალი ცნების - ამომრჩევლის დელეგატის განსაზღვრა - რამე უპირატესობა ექნება ამ წარმომადგენლის პარლამენტის სიაში,“ - ამბობს ლილუაშვილი.

რატომ აუქმებს „ოცნება“ მეორე ტურებს

საუბარია მაჟორიტარული სისტემით საკრებულოში ასარჩევად 40%-იანი ბარიერის გაუქმებაზე, რის საფიძველზეც საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.  

საარჩევნო კოდექსის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, რომელიც „ოცნებამ“ 2021 წელს მიიღო, მაჟორიტარული წესით არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ ოლქში 40%-იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, ინიშნება მეორე ტური.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ოცნებას“ ადგილობრივ არჩევნებში მეორე ტურებში გამარჯვების იმედი აღარ აქვს და ამიტომაც ამაზე დღესვე ზრუნავენ.

„ქართულ პოლიტიკაში ასეთი ლოგიკაა, მით უმეტეს ხელისუფლებების მხრიდან - როცა ისინი მოსახლეობასთან კონტაქტს კარგავენ, ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად ათვისებას და გამოყენებას იწყებენ. ეს 40%-იანი ბარიერი დიდი პრობლემა არაა, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს. „ოცნება“ დღესვე ცდილობს ეს შესწორებები შეიტანოს და ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე 39.5% რომ აიღოს რომელიმე კანდიდატმა, მეორე ტური არ სჭირდება და ფინანსებზე ზრუნავენ და ამას ზოგავენ, ყველას ესმის ამ ქვეყანაში, რომ ეს ბლეფია. 

„დღევანდელი ბიუჯეტიდან ადმინისტრაციაში გამოყოფილი თანხა რომ ვნახოთ  ხელშეკრულებით გაფორმებულ პირებზე, ვნახავთ რა კატასტროფული თანხები იხარჯება მარტო მათ ხელფასებზე. ამიტომ ფინანსურ ზრუნვაზე საუბარი  ბლეფია. ეს ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ „ოცნებას“ უნდა პირველივე ტურში რაღაც უპირატესობას მიაღწიოს და კანდიდატი მაშინვე არჩეულად ჩაითვალოს. 

„მეორე ტურებში გარანტირებული მოგების იმედიც აღარ აქვთ. შესაბამისად, ახლავე ზრუნავენ იმაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარებში გამარჯვება გაინაღდონ. თუმცა ნუ დაავიწყდებათ, რომ ჯერ არავინ იცის საპარლამენტო არჩევნები როგორ დამთავრდება და რა შედეგი იქნება. „ოცნებამ“ ისე არ ქნას, რომ თავისთვის იკეთებდეს საქმეს და სხვას გაუგოროს კოჭი და სხვამ მოიმკოს მათი ჩანაფიქრის შედეგები“, - განაცხადა ძაბირაძემ. 

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით კი, „ოცნებას“ ახლა რეიტინგის მხრივ ის გასაჭირი არ აქვს, რომ მანიპულაციები სჭირდებოდეს.

„პოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, ახლა „ოცნებას“ რეიტინგის მხრივ ის პოზიცია არ აქვს, რომ რაღაც მანიპულაციები სჭირდებოდეს, ამას გამოქვეყნებული გამოკვლევები უწინასწრამეტყველებენ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან“. 

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მეორე ტურები „ოცნებისთვის“ რისკია. 

„ოცნების“ არგუმენტია, რომ ფინანსებს ზოგავენ, რადგან მეორე ტური ბევრ ხარჯებს მოითხოვს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მათთვის მეორე ტური რისკია, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია ოპოზიციის სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩეველს მოუწოდონ ხმა მისცენ ერთ-ერთ ოპოზიციონერ კანდიდატს და უფრო მეტად მობილიზდნენ. თუმცაღა აქ ისმის კითხვა - როცა „ქართული ოცნება“ 60%-იან რეიტინგზე საუბრობს, ესე იგი დაახლოებით იგივე რეიტინგი ექნება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოების არჩევნებში და რატომ ეშინიათ?“ - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.    

რა განსხვავებაა „მაჟორიტარსა“ და „დელეგატს“ შორის 

მმართველი პარტიის ინიცირებული კიდევ ერთი ცვლილებების შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში არსებული, განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების გაწევის მიზნით, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან პარტიული სიების ფორმირებისას, განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ან/და მუნიციპალიტეტის ნაწილის დელეგატი“. 

ამასთან, პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის წარდგენილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მაჟორიტარსა და დელეგატს შორის დიდი სხვაობაა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის და სურათის შეცვლა ოპოზიციასაც შეუძლია.

„მე რასაც ვუსმინე კატასტროფული სხაობაა ამ ორს შორის - ლაპარაკია იმაზე, რომ პირს ცალკე კი არ უყრიან კენჭს, არამედ სიაში უბრალოდ ეწერება, რომ ის არის რომელიმე ოლქის წარმომადგენელი თუ დელეგატი. ეს კი ხმების მობილიზებისთვის სჭირდებათ. 

„არჩევნებში რამდენ ოლქსაც ჩათვლიან, იმდენ ოლქს ეყოლება მიმაგრებული პირი. ამათ ალბათ აიძულებენ, რომ „შავი ფული“ თვითონ დახარჯონ. ისინი ისევ ისე იმუშავებენ და კამპანიაში ისევ ისე დაიხარჯებიან, როგორც მაჟორიტარები, მაგრამ მათ ცალკე კენჭისყრა არ ექნებათ. კენჭს სიას უყრიან. ალბათ ასეთი მომენტი იქნება, რომ თუ მე - დელეგატს - ამირჩევთ, ამისთვის ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცეთ და არა პერსონალურად. 

„ეს ბევრს არაფერს ცვლის და თუ ოპოზიცია შეძლებს ამ სიტუაციის გაკონტროლებას და გადაჯგუფებას, მათაც შეუძლიათ იგივე გააკეთონ ნებისმიერ ოლქში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საერთო ჯამში ეს ცვლილებები დემოკრატიის გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯია, რადგან თუ 2024 წელს ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს ცვლილებები ოპოზიციას წაადგება, არცერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს პრივილეგიები. 

„დელეგატი იქნება ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხრეების მობილიზებას მოახდენს და აგიტაცია-პროპაგანდას გაწევს კონკრეტულ საარჩევნო რეგიონში. მაჟორიტარული სისტემა გაუქმდა და რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. 

„თუ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს ცვლილებები მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება და ადგილობრივ არჩევნებში „ოცნება“ ბევრ მომხრეს დაკარგავს. მაგრამ, საერთო ჯამში, ეს ქვეყნისთვის კარგი არაა. არცერთ პარტიას პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს, რადგან ოპოზიცია თუ იმარჯვებს, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მერე კონკრეტულმა პარტიამ, მაგალითად „ნაცმოძრაობამ“, მოიპოვოს პრივილეგიები. ეს ჯამში დემოკრატიის გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე