თამთა ჩაჩანიძე
(27.03.2024)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დუმს - 25 მარტს „ნაციონალურმა მოძრაობის" წევრებმა ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს ის ხელმოწერები, რითაც ითხოვენ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა პრეზიდენტისგან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა. მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და მასზე „გარე და შიდა ზეწოლა ვერ იმოქმედებს".

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შიდა აქციების საფუძველზე პრეზიდენტი სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, მაგრამ თუკი ეს ზეწოლა დასავლეთიდან წამოვა, მერე შესაძლოა დაფიქრდეს. ამასთან ეჭვი ეპარებათ შეწყალება არჩევნებამდე მოხდეს.

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი 27 მარტს გაიმართა. სააკაშვილმა პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციური ჩართვისას კვლავ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა 25 მარტს წალენჯიხიდან დაიწყო. მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობამ" პრეზიდენტს ოფიციალურად გადასცა ხელმოწერები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგათავისუფლების მოთხოვნით შეგროვდა. „ოცნებამ" კი ამ აქციას „7 კაციანი კოლონა" უწოდა.

შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა, მისი მხარდამჭერების თქმით, მათი როცხვი 200 ათასამდეა. მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა.

„მართლაც საოცარი დღე გამოვიდა, ვხედავდით მთელი ამ დღეების განმავლობაში როგორი უპრეცედენტო აქტივობა და ერთობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. ორასი ათასამდე ხელმოწერა არის შეგროვებული და მართლაც გასაოცარია, რადგან კარგად ვიცით თუ როგორ ჭირს საქართველოში ხელმოწერების შეგროვება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა მთელი საქართველო, გააერთიანა ექიმები, მასწავლებლები, ხელოვანები, სპორტსმენები, ყველა საერთოდ და მე ვარ ძალიან ბედნიერი.

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომ ასე წვიმაში, ქარში, ყინვაში იდგნენ რიგებში, რომ ხელი მოეწერათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა და აქტივობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ის არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია დაამარცხოს ეს უიმედობა, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობა და მან ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან ჩვენი ქვეყანა. ახლა მივიტანთ სალომე ზურაბიშვილთან ამ ხელმოწერებს და ის ვალდებულია გაითვალისწინოს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის მოთხოვნა", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან, შეწყალებას და მოწყალებას სთხოვენ იგივე ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც" ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იმ ადამიანისთვის იქნება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რაც შეეხება შეწყალების საკითხს, აქ ჩანს თუ როგორი უთავმოყვარეოა ოპოზიცია. ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან, შეწყალებას და მოწყალებას სთხოვენ იგივე ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს. ეს მიუთითებს იმაზე თუ როგორი არათანმიმდევრული და უთავმოყვარეო ლიდერები ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას.

„შეწყალების გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალა ბოლო 2 წლის განმავლობაში, ის აკრიტიკებს უკვე ხელისუფლებას, რეალურად იგივე დღის წესრიგის მხარდამჭერია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ატარებს. შესაბამისად, შეწყალების გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება შიდა კვლევებზე, რასაც ისინი ატარებენ და რის შესახებაც არ იცის საზოგადოებამ. როგორც კი საბოლოო დასკვნას გამოიტანენ რა სჯობს მათთვის, შეწყალება თუ ამისგან თავის შეკავება, შემდეგ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას.

„სალომე ზურაბიშვილმაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც" ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იმ ადამიანისთვის იქნება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ მიდის კამპანია, რომ როგორმე საზოგადოების ყური შეაჩვიონ ამ სცენარს და ამაზე საუბრობენ როგორც შიგნით, ასევე გარე სპიკერები. როგორც ჩანს, ახლა ამისთვის შეაწუხეს ათიათასობით ადამიანი ხელმოწერებისთვის. როგორც ამბობენ, ალბათ ეს ხელმოწერებიც მიუთითებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა და რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია, იმიტომ, რომ ისინი ამბობდნენ, ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ არჩევნებში და ვხედავთ, რომ ახლა წარმოადგინეს, რა თქმა უნდა ეს გადამოწმებული არ არის, 150 000 ხელმოწერა.

„ხელმოწერებით ვერავინ აუვლის მართლმსაჯულებას გვერდს და ვერავინ აიძულებს ვერც სასამართლოს და სახელმწიფოს შეცვალოს სამართლიანი გადაწყვეტილება", - აღნიშნა თალაკვაძემ.

რა მოახდენს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შიდა აქციების საფუძველზე პრეზიდენტი სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, მაგრამ თუკი ეს ზეწოლა დასავლეთიდან წამოვა, მერე შესაძლოა დაფიქრდეს.

„ისინი შეწყალებას ითხოვენ, მაგრამ რამდენადაც ვიცი მას შეწყალება არ ათავისუფლებს, სხვა საქმეებიც არის. შეწყალება იმას ეკუთვნის, ვისზედაც განაჩნი გამოტანილია. სააკაშვილს შეწყალება არ უშველის. დროებით გათავისუფლება არაფერს არ იძლევა,ეს ზურაბიშვილსაც კი არ აწყობს, რადგან თუკი მისი გათავისუფლებით დესტაბილიზაციის სურათი დადგება, არ მგონია ეს დემოკრატიის სამსახურში გამოადგეს.

„მაგრამ თუკი დასავლეთისგან გაისმება - დასავლეთის პოლიტიკოსები თვლიან, რომ ევროპაზე ვინცაა ორიენტირებული, იმან სააკაშვილი აუცილებლად უნდა გაათავისუფლოსო, აი იქ შესაძლოა პრეზიდენტი დაფიქრდეს. თორემ ასეთი ჯანჯღარის და ჭიდაობის მეთოდით, ანუ შიდა აქციებით არ მგონია, რომ გაათავისუფლებს. მით უმეტეს, რომ შიდა აქციები ფეხბურთის გარდა დღეს უკვე აღარავის აღარ შეუძლია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტი ჯერჯერობით თავს იკავებს და შესაძლოა არჩევნებამდე სააკაშვილი არ გაათავისუფლოს, რადგან ვითარების გამწვავება მოსალოდნელია.

„პრეზიდენტი ჯერჯერობით თავს იკავებს. ვნახოთ, შესაძლოა არჩევნების შედეგებს დაელოდოს გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია. შესაძლოა არჩევნებამდე ვითარების გამწვავება არ უნდა. შესაძლოა ხელისუფლებაც აშანტაჟებს - ვნახეთ, რომ რადიკალური ჯგუფები მიუგზავნა, რომლებმაც რეზიდენციასთან ჩაატარეს აქცია. შესაძლოა ამისთვის რაღაცნაირად თავს იკავებს.

„თუ პრეზიდენტმა სააკაშვილი გაათავისუფლა, შეიძლება რადიკალური ჯგიუფები გამოვიდნენ, მაგრამ ასევე გამოვა ხალხი მესამე პრეზიდენტის დასაცავადაც. ამის გამო შესაძლოა ვითარება დაიძაბოს და მგონია, რომ პრეზიდენტი თავს ამიტომ იკავებს.

„მგონია, რომ დასავლეთიდანაც არის გარკვეული ზეწოლა კარგი გაგებით, ისინი ითხოვენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი რეალურად დემოკრატიის დამცველია, მაშინ უნდა შეიწყალოს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე