თამთა ჩაჩანიძე
(28.03.2024)

პარტია „საქართველოსთვის", „ოცნებას" საარჩევნო კოდექსში ცვლილებების საკუთარ ვერსიას სთავაზობს, რომ შეიცვალოს კანონი შემდეგნაირად - საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური. „ოცნების" დაინიცირებულ ცვლილებებში 40%-იანი ბარიერი უქმდება და საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ შეთავაზება რთულიცაა და დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. მათი შეფაებით, „ოცნებამ" პროცესი გაამარტივა" და გახარიას პარტიის შემუშავებული მექანიზმები მმართველი პარტიისთვის მისაღები არ უნდა იყოს.

ნაწილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანი მაინც მეორე ტურების შენარჩუნებაა მუნიციპალიტეტებში, „ოცნებას" კი ამ რისკზე წასვლა არ უნდა და ყველაფრის მოგვარება პირველივე ტურში უნდა.

„საქართველოსთვის" დეპუტატის ბექა ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა, ასევე, პროექტიდან უნდა ამოიღოს მეორე ცვლილება, რომელიც "მიმართულია მათ მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ." „ოცნების" ინიციატივით, პარტიებს შესაძლოა მიეცეთ უფლება, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრონ.

ამავე პროექტით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

რა ცვლილებებს გეგმავს „ოცნება"

ცვლილებებში საუბარია მაჟორიტარული სისტემით საკრებულოში ასარჩევად 40%-იანი ბარიერის გაუქმებაზე, რის საფიძველზეც საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

საარჩევნო კოდექსის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, რომელიც „ოცნებამ" 2021 წელს მიიღო, მაჟორიტარული წესით არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ ოლქში 40%-იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, ინიშნება მეორე ტური.

მმართველი პარტიის ინიცირებული კიდევ ერთი ცვლილებების შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში არსებული, განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების გაწევის მიზნით, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან პარტიული სიების ფორმირებისას, განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ან/და მუნიციპალიტეტის ნაწილის დელეგატი".

ამასთან, პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის წარდგენილი.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატის დელეგატებად განსაზღვრით, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა იმისა, ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება პარტიის ფარგლებში მათი სახელით მოქმედებდეს.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა,"საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით არ წარიმართება და პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველას ექნება.

"გაეროს განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩატარდა კვლევა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა როგორ შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მოსახლეობასთან და ამ მხრივ სხვა ქვეყნებში რა გამოცდილება არსებობს. სამწუხაროდ, დიდი გამოცდილება არც არის - არის ან მაჟორიტარული სისტემა ან არა.

„კვლევის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა, რომ პარტიებმა გარკვეულწილად საკუთარ თავზე აიღონ და მოსახლეობას, ამომრჩევლებს მისცენ შესაძლებლობა, თავიანთი წარმომადგენლები პარტიულ სიაში დაინახონ. ეს არის სწორი და მარტივი გზა, რომ პარტიებმა ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება მათი სახელით მოქმედებდეს ამ პარტიების ფარგლებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რას სთავაზობს გახარიას გუნდი

„საქართველოსთვის" დეპუტატის ბექა ლილუაშვილის შეთავაზებაა, რომ შეიცვალოს კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური,

ლილუაშვილის თქმითვე, მმართველმა გუნდმა, ასევე, პროექტიდან უნდა ამოიღოს მეორე ცვლილება, რომელიც "მიმართულია მათ მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ."

"მივმართავთ "ქართულ ოცნებას", საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მუნიციპალურ არჩევნებზე არსებული ერთ დროს, „ოცნების" მიერვე დაწესებული 40%-იანი ბარიერის გაუქმებას.

„თუ თქვენ ნამდვილად მზად ხართ ნორმალური ცვლილებების შეტანისთვის, რაზეც თქვენს პასუხში ისაუბრეთ, ჩვენ მოგიწოდებთ, გაეშვით „ნაცმოძრაობის" მიერ წარსულში გაკეთებული პოლიტიკური თაღლითობის გამეორებას. შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი, არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.

„ასევე, პროექტიდან ამოიღეთ მეორე ცვლილება, რომელიც მიმართულია თქვენს მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ.

„თუ გსურთ დემოკრატიული და არა თქვენს შიშებზე მორგებული საკანონმდებლო ცვლილებები, დაიწყეთ ამ საკითხების ასახვა კანონმდებლობაში. ასევე დავიწყოთ ჩვენ მიერ უკვე დაყენებული საკითხის - პრეზიდენტის კვლავ ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევისთვის საჭირო ცვლილებების მომზადება. კიდევ ერთხელ ნუ დაადასტურებთ, რომ ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

რა განსხვავებაა ორ ინიციატივას შორის

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლილუაშვილის შეთავაზება რთულიცაა და დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. მისი თქმით, „ოცნებამ" პროცესი გაამარტივა და გახარიას პარტიის შემუშავებული მექანიზმები მმართველი პარტიისთვის მისაღები არ უნდა იყოს.

„გახარიას პარტიის შეთავაზება რთულიცაა და ძვირიც. მმართველმა პარტიამ თქვა, რომ საკრებულოებში უბარიერო არჩევნებით, პირიქით, ოპოზიციურ პოლიტიკოსებს საშუალება მიეცემა, რომ უფრო მეტი იყოს არჩეული და ამასთან, ეს ვარიანტი საბიუჯეტო თანხების ეკონომიაცაა, რადგან მეორე ტურს დამატებითი რესურსები სჭირდება, თანხები და ა.შ.

„გამარტივებული და ოპოზიციისთვის უფრო ხელსაყრელი მექანიზმის გახარიას პარტიის მხრიდან გართულება, გაუგებარია და საკითხავია რა მიზანს ემსახურება. თუმცა ამ პარტიისგან ყოველთვის ვამჩნევთ დესტრუქციულ ქმედებებს, არასახელმწიფოებრივ განცხადებებს და ა.შ. ზუსტად იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ორი წლის წინ ხელისუფლებაში იყვნენ და იმ დადებით რეიტინგებზე და მაჩვენებლებზე აპელირებდნენ, ახლა ფირფიტა შეატრიალეს და ყველაფერს ნეგატიურ ფერებში ხედავენ.

„მმართველი პარტიის მოღალატე გახარიასა და მისი თანაგუნდელებისგან რაღაც მექანიზმის მიღება ვფიოქრობ, რომ „ქართული ოცნებისთვის" ხელსაყრელი არ უნდა იყოს. პირიქით, ეს პროცესი გამარტივებულია და ზედმეტი გართულებების, პროცენტებისა და მეორე ტურების მოგონება და დამტკიცება არ სჭირდება.

„ბექა ლილუაშვილი, გიორგი გახარია, ნათია მეზვრიშვილი თუ სხვები, იმის საპირისპიროს ამბობენ, რაშიც მონაწილეობდნენ, გახარიას ე.წ. კვოტით 2020 წლის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები რომ მოხვდნენ, მათაც ფეოდალები ეწოდებათ თუ როგორ გავიგოთ? ამიტომაა ორმაგი სტანდარტები მიუღებელი. შესაძლოა „დელეგატი" სხვა ტერმინით შეიცვალოს. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებულ პარტიას მუნიციპალიტეტებთან და რეგიონებთან გარკვეული ბმა უნდა ჰქონდეს, ეს ამისთვისაა მოგონილი.

„გახარიას პარტიის მხრფიდან უსინდისობაა თუნდაც მაჟორიტარების, თუნდაც დელეგატების თუ სხვა რეგიონელური წარმომადგენლების ფეოდალებად მოხსენიება",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანი მაინც მეორე ტურების შენარჩუნებაა მუნიციპალიტეტებში, „ოცნებას" კი ამ რისკზე წასვლა არ უნდა და ყველაფრის მოგვარება პირველივე ტურში უნდა.

„ოპოზიციის მიზანი მაინც ისაა, რომ მეორე ტური გაიმართოს, რომ მაჟორიტარად ის ადამიანი არ იყოს არჩეული, რომელსაც მცირე მხარდაჭერა აქვს და მეორე ტურმა გადაწყვიტოს ყველაფერი. მეორე ტურში შეიძლება, რომ ოპოზიციამ საერთო კანდიდატს მისცეს ხმა, „ოცნებას" კი ამის ეშინია, რომ რეგიონში თავისი პოზიცია არ დაკარგოს და შეინარჩუნოს.

„დელეგატი მაჟორიტარისგან განსხვავდება, რადგან მაჟორიტარი მაინც როგორც ოფიციალური კანდიდატია. თუმცა მგონია, რომ დელეგატს უფრო მეტი პრივილეგიები და ადმინისტრაციული რესურსის უფრო მეტად გამოყენების შესაძლებლობა მიეცემა. ამ ყველაფრით „ოცნებას" მმართველობის შენარჩუნება სურს, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე