ნატალია ჯვარიძე
(28.03.2024)

26 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განუცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის მიმდინარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგემება. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მცირე საპროტესტო გამოსვლები იქნება, თუმცა, შედეგი არ ექნება, რადგან რუსეთი რასაც იტყვის, ყველაფერი ისე ხდება.

შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მათი გადასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. როგორც მათ აღნიშნეს, შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ.

მამუკა არეშიძე მცირე გამოსვლებს არ გამორიცხავს, თუმცა სამშენებლო კომპანია, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას აყენებს რუსულია და შესაბამისად დიდ პროგრესს ვერ ხედავს. მისივე თქმით, თითქოს აფხაზები რუსულ კანონებს არ ეგუებიან, თუმცა მაინც ვერაფერს უბედავენ და ერთ წრეზე დადიან, როგორც საზოგადოება, ისე ხელისუფლება.

„აფხაზეთში ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება იქაური საზოგადოება შეგეცოდოს, რადგან ამ მდგომარეობამდე თავი თვითონ მიიყვანეს. შესაძლოა იყოს აქციები, და ამას მე არ გამოვრიცხავ, თუმცა, შედეგი მაინც არ იქნება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აღნიშნული მოთხოვნა რუსული სამშენებლო კომპანიისა, რომელიც რუსეთის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის ვაჟს ეკუთვნის. დღეს მინისტრი აღარ არის, მაგრამ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა და პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ასე რომ, რასაც ის იტყვის, აფხაზეთში ყველაფერი ისე იქნება. აფხაზებისთვის კი მნიშვნელოვანია იმ აეროპორტის ფუნქციონირება, მაგრამ 30- 40 კაცის აზრს იქ არავინ არ გაუწევს ანგარიშს.

„თითქოს, აფხაზები რუსულ კაპრიზებს არ ეგუებიან. მათ მედიაში სულ არის ლაპარაკი, რომ არიქა რუსები რას გვიშვრებიან. ეს ეხება, როგორც ბიჭვინთის თემას, ასევე ოჩამჩირის, აეროპორტის და ა.შ. მაგრამ ყველაზე პრინციპულ საკითხს მიწების გასხვისებაზე სულ არის საუბარი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ვერაფერს აკეთებენ. აფხაზები სასაცილო მდგომარეობაში იმიტომ არიან, რომ თავიანთ ხელისუფლებას უკიჟინებენ და მათ წინააღმდეგ აკეეთებენ პროტესტებს, თუმცა მათ რუსეთის კატეგორიული მოთხოვნა ძალიან კარგად იციან. მათ ვერაფერს უბედავენ და ერთ წრეზე დადიან, როგორც საზოგადოება, ისე ხელისიფლება.

„აფხაზები იმდენად კომიკურ მდგომარეობაში არიან, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან რას იძახიან. მაგალითად, რომ ავიღოთ 26 მარტის საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო თამაში. პირდაპირ სასაცილო შეფასება ჰქონდათ.

„ჯერ იძახდნენ, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ უნდოდათ, გვირჩევნია ასე ვიყოთ, ვიდრე თქვენთან ერთადო. გამარჯვების შემდეგ ვიღაც-ვიღაცებმა ტრაბახი დაიწყეს იმაზე, რომ გუნდის ერთ-ერთი წევრი, ნიკა კვეკვესკირი გალიდან არის.

„მერე კიდევ, თქვეს, რომ გუნდის მეორე წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე დე- ფაქტო ხელისუფლების ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ნათესავია (მისი დედა ჩაკვეტაძეა) და იმიტომ არის ასეთი მაგარი. მოკლედ, ათას სისულელეს წერენ. ისინი საკუთარ წვენში იხარშებიან და იციან, რომ უბედურებისკენ მიექანებიან, თუმცა თავს ვერ შველიან" - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე