ელზა პაპოშვილი
(23.04.2024)

რა იქნება 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის და რა საკითხებზე გააკეთებს ძირითად აქცენტს? მმართველი გუნდი ადასტურებს, რომ ივანიშვილი ორშაბათს დაგეგმილ აქციაზე სიტყვით გამოვა. რამდენად შესაძლებელია, რომ მის საჯაროდ გამოჩენას რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ან საკადრო გადაადგილება მოჰყვეს?

თავის მხარდამჭერებსა და საზოგადოებას ივანიშვილმა ბოლოს გასული წლის 30 დეკემბერს მიმართა სიტყვით, როდესაც „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. მის გამოსვლაში იყო მინიშნებები კორუფციულ რისკებსა და მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირებაზე.

ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაშინ მიიჩნევდა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მისი სიტყვით გამოსვლა მნიშნელოვან ცვლილებებს მოასწავებდა.

ერთი თვის შემდეგ ხელისუფლებაში მნიშნელოვანი საკადრო გადაადგილება მოხდა - მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობები გაცვალეს.

უნდა ველოდოთ თუ არა ამჯერად რაიმე ცვლილებებს ან ახალ გადაწყვეტილებებს? ამ თვალსაზრისით რა მინიშნებები შეიძლება იყოს ივანიშვილის გამოსვლაში?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ 29 აპრილის აქცია ივანიშვილსა და მმართველ პარტიას პირველ რიგში „ოცნების“ მხარდამჭერთა მობილიზებისა და ერთობის დემონსტრირებისათვის სჭირდება. ისინი რამდენიმე საკითხს გამოყოფენ, რომელზეც, სავარაუდოდ, ივანიშვილი გამოსვლისას ისაუბრობს. 

რას იტყვის ივანიშვილი - ანალიტიკოსთა ვერსიები

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მთავარ თემაზე ისაუბრებს, თუმცა მისგან მინიშნებები რაიმე მნიშნელოვან საკადრო ცვლილებაზე ან პოლიტიკური გადაწყვეტილებაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი.

„ხელისუფლება ღელავს და ის გამოსავალის ძიებაშია. საკუთარ თავი „ოცნებამ“ ჩიხში თავად შეიყვანა, ამიტომ ძალის დემონსტრირებით საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ალბათ ივანიშვილი ისევ ეცდება რაღაც დაპირებებით საზოგადოების მოტყუებას და შეცდომაში შეყვანას. ველი, რომ ისევ მშვიდობის თემით დაიწყებს მანიპულირებას. შეეხება უკრაინის ომს და იმას, რომ მისი და „ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა, დღეს რომ ქვეყანაში სიმშვიდეა.

„ასევე დაიწყებს, როგორც სჩვევია, ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას. იტყვის, რომ მესამე სექტორი იგივე „ნაციონალური მოძრაობაა“ და რომ ისინი ერთმანეთთან შეთანხმებულად ქვეყანაში გადატრიალებას ცდილობენ. 

„ალბათ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდების ირიბ დისკრედიტაციას დაიწყებს. იტყვის, რომ „ნაციონალების“  მიერ ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილი. ილაპარაკებს რევოლუციურ სცენარებზე და გარედან მომდინარე ამ საფრთხეზე. 

„სავარაუდოდ, ევროკავშირის თემასაც შეეხება, ხელისუფლების დამსახურებად მოიხსენიების კანდიდატის სტატუსის მიღებას და იტყვის, რომ პრორუსულობას აბრალებენ. თუმცა პარალელურად ველი, რომ ევროპას და დასავლეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას დააბრალებს“, -ამბობს ჩიტაძე. 

იგი გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა აქციაზე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაცხადოს, ან სადავო კანონის უკან გაწვევაზე ისაუბროს. ზოგადად კი ჩიტაძე არ ელის, რომ საკადრო ცვლილებები არჩევნებამდე იქნება, რადგან პრემიერი კობახიძე, მისი თქმით, მშვენივრად ართმევს მოვალეობებს თავს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ასევე გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, თუკი ის აქციაზე სიტყვით გამოვა, რაიმე საკადრო ცვლილებებზე ისაუბროს, ან ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება გააკეთოს. ანალიტიკოსი ელის, რომ ივანიშვილის მთავარი სათქმელი ისევ ე.წ. რუსული კანონი და მის გარშემო დაწყებული აჟიოტაჟი იქნება. 

„ალბათ ივანიშვილი თუ აქციაზე გამოვა, მისი მთავარი სათქმელი მაინც ამ კანონის ირგვლივ დაწყებულ ისტერიასთან იქნება დაკავშირებული. ივანიშვილი, დიდი ალბათობით, ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ არ არის ეს კანონი რუსული და არის ევროპული. 

„მის გამოჩენას „ოცნების“ ელექტორაში ძალიან დიდი  მნიშვნელობა და სტიმული აქვს. ის ალბათ იმ საზოგადოების დარწმუნებს შეეცდება თავის სიმართლეში, რომელიც ჯერ კიდევ მერყეობს. რა თქმა უნდა, ისაუბრებს იმ სცენარებზე, რომლსაც შესაძლოა ოპოზიცია წინასაარჩვენოდ ან ამ კანონის გარშემო გეგმავდეს.

„ის უფრო  „ოცნების“ ამომრჩევლის გამხნევებას შეეცდება და არ ველი, რომ რაიმე საგანგებო განცხადებას გააკეთებს, რაიმე გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრებს. კანონის უკან გაწვევაზე ხომ საუბარიც არაა. გამოთქმა რომაა -„თვალი ჭამს და თვალი სვამსო“ - ეს აქცია უფრო ამისთვის მგონია. ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ივანიშვილი ისევ საკუთარ ამომრჩეველთან არის  და პროცესების კონტროლი შეუძლია. 

„კი, ბატონო, ალბათ მშვიდობაზეც ისაუბრებს და ეს ახლა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი კოზრია. თუმცა კანდიდატის სტატუსზეც იქნება აქცენტები და იმაზე საუბარი, რომ „ოცნების“ ხელისუფლების დროს ქვეყანამ კი არ გადაუხვია ევროპის გზას, პრიქით, მათი მმართველობის დროს დაადგა ქვეყანა ამ გზას ყველაზე მყარად“, - ამბობს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე