თამთა ჩაჩანიძე
(24.04.2024)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში გაემგზავრა, ის მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში", რომელიც 25 აპრილს გაიხსნება, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა მის უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვიზიტი „დიდი პოლიტიკის ნაწილია". საქართველო-უნგრეთის მთავრობების ბოლოდროინდელი დაახლოების მიზეზი კი „საერთო ღირებულებებია".

ამასთან, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კონფერენციაში კობახიძის მონაწილეობას საქართველოში ოპოზიციის მხრიდან ისეთივე მწვავე კრიტიკა მოჰყვება, როგორც ერთი წლის წინ მაშინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას მოჰყვა, ასევე, კრიტიკა მოსალოდნელია დასავლეთის ლიბერალური ფრთიდან.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება.

მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის გახსნით სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.

„საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან",- ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის წინ, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში ჩატარებულ კონსერვატორთა ორდღიან საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორის იყო. მსგავსი კონფერენცია უნგრეთში მესამედ იმართება, რომელიც ემსახურება აშშ-ის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის კავშირების გაღრმავებას. საქართველოში ოპოზიციამ ღარიბაშვილის სიტყვა გააკრიტიკა, მათი თქმით, გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კონფერენციაში კობახიძის მონაწილეობა და კონსერვატიულ ფრთასთან დაახლოება დიდი პოლიტიკის ნაწილია.

„ამ შემთხვევაში კითხვა ისმის, ეს არის უბრალოდ ტურისტული გასეირნება თუ დიდი პოლიტიკის ნაწილი? ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია. გარდა გეოგრაფიულისა, მსოფლიოში პოლიტიკური გადანაწილებაც ხდება. პოლიტიკური სპექტრი იყოფა კონსერვატიულ, ლიბერალურ და ცენტრისტულ ნაწილებად, კონსერვატიული ფრთა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში მეტ ძალას იკრეფს.

„ადრე აქცენტი ლიბერალიზმზე იყო და ვიცით, რომ ამას ბევრი შედეგი მოჰყვა, ლიბერალიზმის გამოხატულებაა აშშ-ში დემოკრატები თავიანთი ბაიდენით. კონსერვატორების გამოხატულებაა ტრამპი. ანალოგიური ტენდენციები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია. ჩვენი დასავლურობის ბევრი პრობლემები ლიბერალიზმთანაა დაკავშირებული, ლიბერალიზმია რომ ითხოვსб მაგალითად ლგბტ პარადების მოწყობას და ა.შ."- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, რითია განპირობებული უნგრეთ საქართველოს მთავრობების დაახლოება ბოლო პერიოდში, საყვარელიძემ გვითხრა, რომ ეს უფრო საერთო ღირებულებებია.

„დაახლოება განაპირობა სწორედ იმან, რომ ეროვნულობაზე, ოჯახზე, სარწმუნოებაზე ორიენტირებულები უფრო კონსერვატორები არიან და ჩვენც მაგ ღირებულებებზე ვართ ორიენტირებულები. ორივე დასავლეთია, ორივე ევროპაა, მაგრამ ეს კონსერვატიული ევროპა შეიძლება ჩვენს ხასიათთან და ტრადიციულობასთან უფრო ახლოს იყოს.

„დასავლეთის გარკვეული ნაწილისგან კრიტიკა არის, რადგან ეს ორი ფრთა ერთმანეთს ებრძვის, დემოკრატები გაგაკრიტიკებენ რატომ მიხვედი კონსერვატორებთანო. კრიტიკა იქნება, მაგრამ პოლიტიკა ბრძოლაა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნულ კონფერენციაზე პრემიერის მონაწილეობა დასავლეთში უარყოფითად იქნება აღქმული. მისი თქმით, ორ მთავრობას მსგავსი ინტერესები აქვს და დაახლოების მიზეზიც ესაა.

„კონფერენციაში საქართველოს პრემიერის მონაწილეობა დასავლეთში უარყოფითად იქნება აღქმული. უნგრეთი პირველ რიგში ბლოკავს ევროკავშირის ფარგლებში ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც მაგალითად უკრაინის დახმარებას უკავშირდება და ორბანი პირიქით ევროკავშირს აკრიტიკებს, რომ თითქოს ეს დახმარება ვითარებას უფრო ამძაფრებს და არის საფრთხე, რომ ყველაფერი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.

„საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს საერთო ინტერესები გააჩნიათ, ჯერ ერთი ავტორიტარისმიზკენაა მიდრეკილება, როგორც საქართველოში, ასევე უნგრეთში, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ევროკავშირის წვერია, ავტორიტარიზმის ნიЫნები აშკარად შეიმჩნევა. იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს.

„მეორე საკითხია, გეოპოლიტიკური თანხვედრა, ორივე რაღაცნაირად უპირისპირდება ევროკავშირს, ორივე პირველ რიგში ყველაზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებენ, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებასთანაა დაკავშირებული, ვიდრე ევროკავშირთან უფრო მეტ ინტეგრაციასთან.

„საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების ინტერესთა დამთხვევაა და ურთიერთობების ასეთი დათბობა ამიტომაც შეიმჩნევა",- განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე