"თუ ფასებს დოლარში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ საქართველო ევროპში ჯერ კიდევ არის ერთ-ერთი იაფი ქვეყანა"
გვანცა წულაია
(06.03.2024)

წელიწად-ნახევარია საქართველოში ინფლაცია მცირდება და უკვე რამდენიმე თვეა, რაც მაჩვენებელი ნულთან ახლოსაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაღალი ფასები დარჩა და მოსახლეობისთვის ნაწილისთვის სტატისტიკა მხოლოდ ციფრებია, რადგან მათ ჯიბეზე ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის კლება უმნიშვნელოდ აისახა. დღემდე გამოწვევაა მსყიდველუნარიონობა და ცხოვრების დონზეც.

სოციალური პრობლემებზე ყურადღების განახვილება პოლიტიკოსების ნაწილს რატომღაც არჩევნების წელს გაახსენდათ, არადა გამოწვევა ქვეყანაში სწორედ ამ მიმართულებითაა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ნულთან ახლოსაა, მაღალი ფასები მაინც გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა მცირდება და ბოლო ათ წელიწადში თითქმის 15%-ით შემცირდა და 2023 წელს 16.4% შეადგინა, მაინც მაღალ ნიშნულზეა. ამასთან ერთად, მოსახლეობის ცხოვრების დონე და მსყიდველუნარიანობა ნელა უმჯობესდება.

ეკონომისტები ამბობენ, რომ საშუალო შემოსავლის ოჯახისთვის დანაზოგის გაკეთებაც კი რთულია, რადგან ხელფასი საკვებს და პირველადი მოხმარების საჭიროებებს ხმარდება, თუმცა, როგორც სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, საქართველო ყველაზე ძვირის ქვეყანაა არ არის, როგორც ამას რიგი პოლიტიკოსები მიუთითებენ.

ის კი არადა, საქართველო, ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით, ერთ-ერთი იაფი ქვეყანაა.

"თუ ფასებს დოლარში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ საქართველო, ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით, ჯერ კიდევ არის ერთ-ერთი იაფი ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში, 50 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო თხუთმეტეულშია და ნამდვილად არ არის სიტუაცია ისე, რომ საშუალო ფასები აქ ყველაზე მეტია, ვიდრე სხვაგან. საშუალო ფასებში კი იგულისხმება ის, თუ ადამიანს რა უჯდება სიტყვაზე კვება, ქირა ან სხვა მომსახურება. ამ ყველაფერს დოლარში თუ გადავიყვანთ, გამოჩნდება, რომ საქართველო ბოლო თხუთმეტეულშია, მაგრამ აქ მეორე მომენტი იჩენს თავს.

საქართველო ასევე ბოლო თხუთმეტეულშია შემოსავლების მიხედვით, ქვეყანაში, სხვებისგან შედარებით სიიაფის მიუხედვად, მაინც რთულია ცხოვრება და მოსახლეობას არ შეუძლია თავს იმდენის უფლება მისცეს, როგორც სხვა ბევრ სახელმწიფოში ხდება. მარტივად რომ გითხართ, საქართველოში საშუალო ხელფასით ასე თუ ისე შესაძლებელია ერთი ოჯახის შენახვა, ევროპის საშუალო ხელფასით ოჯახს არა მხოლოდ საკვების და სხვა პროდუქტების შეძენა, არამედ დანაზოგის გაკეთებაც შეუძლია. საქართველოში საშუალო ოჯახი ვერ ახერხებს დანაზოგის გაკეთებას და სწორედ ეს არის პრობლემის თავი, თორემ კი ბატონო, აქ უფრო იაფი არის პროდუქცია, მაგრამ ხელფასებიც დაბალია”, - განუცხადა `რეზონანსს” გივი მომცელიძემ და დასძინა, რომ საქართველოში ვერ ხერხდება ნორმალური ცხოვრება, რადგან ქვეყანაში არ არის კარგი შემოსავალი.

"ჩვენ ჯერ ისევ ღარიბი ქვეყანა ვართ. ვერ ხერხდება ნორმალური ცხოვრება, რადგან არ გვაქვს კარგი შემოსავალი. ეს ყველაფერი ეკონომიკური მოდელის ბრალიც არის ალბათ, მაგრამ 90-იანი წლების კვალი ჯერ კიდევ გვატყობს ხელს. მისი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე ჯერ კიდევ არის. ეკონომიკის ლამის 4/5 დაკვარგეთ 1991-1994 წლებში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტოფა განვიცადეთ. საშინელი ვარდნა გვქონდა და ეკონომიკური კოლაფსის მოცულობით. ამხელა სტრესი გადაიტანა ქვეყანამ და მის შედეგს ჯერ კიდევ ვიმკით, ამიტომ ახლანდელ მოცემულობას ამ გარემოებას უფრო დავაბრალებდი. ბევრ ქვეყანაში ბევრად უარესი მოდელი არსებობს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არ არის, რადგან არ უგრძვნიათ ისეთი, რამ რაც ჩვენ 90-იან წლებში დაგვემართა”, - დასძინა სტატისტიკოსმა.

სოციალური მიმართულებებით არსებულ გამოწვევებს ეკონომიკურ მოდელს უკავშირებს ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი და როგორც მან განაცხადა, სწორედ ესაა მოსახლეობა გაღატაკებისა და ემიგრაციაში გაქცევის მიზეზი.

"თითქმის ოთხი წელი ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია გვქონდა და შეუძლებელია ამ ფაქტს ისე ჩაევლო, რომ ფასები არ გაზრდილიყო. ეროვნულმა ბანკმა ვერაფერი მოუხერხა ინფლაციას, მხოლოდ გასულ წელს და წელს იკლო მაჩვენებელმა.

საქართველოში პირველადი მოხმარების საკვების ან თუნდაც კავშირგაბმულობის და მედიკამენტების ფასები არაადეკვატურად მაღალი იმიტომ არის, რომ ქვეყანაში კონკურენცია არ არსებობს. ჩვენთან არც ნორმალური ბიზნეს გარემო არ არსებობს და არც ნორმალური ბიზნესმენები არსებობენ. საქართველოში არის 90-იანი წლებში შექმნილი სხვადასხვა ბიზნესი, რომლისთვისაც საქმის კეთება არის ის, რომ ხელისუფლებასთან დამეგობრებულებმა რაღაც ექსკლუზივი მოიპოვონ.

პოლიტიკოსების ხშირად გვესმის, რომ თავისუფალ ბაზარში ვერ ჩაერევიან. ეს სისულელეა, რადგან ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი ბაზარი. ამის შესაცვლელეად კი არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ამიტომ ნავთობპროდუქტებისა და სხვა ბაზარზე რომ მაღალი ფასებია, ეს არის ჩვენი ეკონომიკური მოდელის შედეგი.

ასეთი მოდელის პირობებში შეუძლებელია კეთილდღეობის მიღწევა და სოციალური სახელმიწფოს მშენებლობა. აქ მოსახლეობის 5%-ს ექნება მაღალი შემოსავალი, 10% იქნება საშუალო შემოსავლიანი და დანარჩენი ნაწილი ან გაჭირვებული, ან სიღარიბესთან ახლოს, რადგან ამ მოდელით შეიძლებელია სიღარიბის დაძლევა.

სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლით ტოპ ქვეყნებში ვართ მსოფლიოს მასშტაბით, ოცეულში შევდივართ. ჩვენი ეკონომიკური მოდელი იმის გარანტიას იძლევა, რომ მოსახლეობა უნდა გაღატაკდეს და გაიქცეს ემიგრაციაში”, - განუცხადა "რეზონანსს” ჯანიაშვილმა.

მაღალი ფასები, ცხოვრებისა და მსყიდველუნარიანობის დაბალი დონე ქვეყანაში აშკარაა, თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ პრობლემა კატასტროფული არ არის. სტატისტიკოსმა და ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ მაგალითისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მოიყვანა და განაცხადა, რომ აშშ-სთან შედარებით საქართველოში ფასების საერთო დონე საგრძნობლად დაბალია.

„ის, რომ თითქოს ფასებმა საქართველოში, კერძოდ თბილისში, გადაუსწრო ფასებს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. მაგალითად, 1 კგ პურის ფასი აშშ-ში 2.90 დოლარია, საქართველოში კი - 2.53 ლარი, ერთი კილოვატ საათი დენის ღირებულება ამერიკაში საშუალოდ - 16.2 ცენტია, საქართველოში - 22 თეთრი, 1 კუბური მეტრი გაზისა, შესაბამისად, აშშ-ში - 33.7 ცენტი, საქართველოში - 0.56 თეთრი. ავტობუსით მგზავრობა, მაგალითად, ნიუ იორკში მინიმუმ 2.90 დოლარი დაგიჯდებათ, თბილისში - მხოლოდ 1 ლარი. გამოდის, რომ ვალუტის ოფიციალური კურსით, ფასები საქართველოში აშშ-თან შედარებით შეადგენს პურის ფასი - 33.2%-ს, დენის - 51.7%-ს, გაზის - 63.2%-ს, ხოლო საქალაქო ტრანსპორტისა - მხოლოდ 13.1%-ს. სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.

აღნიშნულიდან რამდენიმე პრინციპული ხასიათის დასკვნაა: ჯერ ერთი, პოლიტიკოსი ციფრებით არ უნდა მანიპულირებდეს და უნდა ახსოვდეს, რომ მის მიერ დასახელებული რიცხვის მართებულობაზე საბოლოო ვერდიქტი პირუთვნელ და ობიექტურ სტატისტიკას გამოაქვს.

მეორე, თავისთავად „მაღალი" და „დაბალი" ფასები არაფერს გვეუბნებიან, თუ არ ვიცით, შემოსავლებით რა ოდენობის საქონლისა და მომსახურების შეძენის შესაძლებლობაა მოსახლეობის ერთ სულზე დროის ყოველ კონკრეტულ პერიოდში. ამიტომ აპელირება უშუალოდ ფასების ზრდაზე კი არ უნდა იყოს (თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასები ბოლო ერთ საუკუნეში 19-ჯერ გაიზარდა), არამედ იმაზე, შესადარ პერიოდში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი გაიზარდა თუ შემცირდა.

მესამე, ფასების საერთო დონე საქართველოში საგრძნობლად დაბალია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზოგადად, მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით”, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე