მიუხედავად კანონის გამკაცრებისა, ყველგან განუკითხაობა და უკოტროლობაა
ირმა ჩიტაია
(07.03.2024)

მომხმარებელთა უფლებების დაცვა უფრო და უფრო აქტუალურია. ერთი შეხედვით, კანონი მოქმედებს და მომხმარებლები მეტ-ნაკლებად დაცული არიან, თუმცა დარღვევები მაინც ხშირია და მდგომარეობის გამოსწორება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩარევის მიუხედავად, მცირე თუ დიდ სავაჭრო ობიექტებში მყიდველი მუდმივ პრობლემებს აწყდება.

სავაჭრო სექტორში არსებული დარღვევების შედეგად მომხმარებლები სერიოზულად ზარალდებიან. საკითხი იმდენად გლობალურია, რომ ის მოიცავს როგორც ვიწრო, ასევე მსხვილ სეგმენტსაც. ხშირია დავებიც, რომელიც აზარალებს, როგორც მომხმარებელს, ასევე კომპანიებს და მათ იმიჯს.

სფეროს სპეციალისტები პრობლემას კანონმდებლობაში ხედავენ. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აღსრულებით ნაწილში სრული ქაოსია, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელიას ადასტურებს, რომ მომხმარებლები ამა თუ იმ ნივთის შეძენისას, ნებისმიერი მიმართულებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.

"შეძენილ ნივთს ან ტექნიკას წუნი თუ აღმოაჩნდება და პრობლემურია, ვერ დააბრუნებ. დიდი სირთულეების გადალახვა უწევს მყიდველს, რომ საკუთარი  უფლებები დაიცვას. უმეტეს შემთხვევაში ნივთს შეაკეთებენ და ახალი ტექნიკის ნაცვლად, გარემონტებული ნივთის ამარა რჩება. როდესაც მობილურს ყიდულობს მომხმარებელი, მის გამოსაცდელად და წუნის აღმოსაჩენად მხოლოდ სამი დღე ეძლევა. ეს არ არის საკმარისი დრო შესამოწმებლად.  სავაჭრო ობიექტები მომხმარებელს ეუბნებიან ჩვენ რა ვქნათ, ვერ გამოვცვლითო. მყიდველმა რა ქნას?

ასევეა მსხვილ ტექნიკაზეც. მომხმარებელმა უნდა ამტკიცოს, რომ არ გაუჭებია. საბოლოოდ, შეუკეთებენ, მაგრამ მომხმარებელმა შეიძინა ახალი პროდუქცია და ფაქტობრივად, შეკეთებული შერჩება ხელთ. მეორადი ნივთი რომ ნდომოდა, ახალს ხომ არ შეიძენდა?" - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და შესაბამისი კანონპროექტების მიღებაზე მუშაობს კონკურენციის სააგენტოც. ამირან შენგელიას თქმით, მათ მიერ მიღებული კანონები არასრულყოფილია და ამიტომაც აღსრულებაში სერიოზული პრობლემებია.

,,კონკურენციის სააგენტოს მიერ მღებული კანონი არაა სრულყოფილი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. იგი მომხმარებელზე უნდა იყოს მორგებული. კანონი შეიქმნა, მაგრამ კანონქვემდებარე აქტები არ არის. ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია. ერთი და იგივე ნივთს სხვადასხვა ადგილას ნაყიდს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ცალკე თემაა არაქართულენოვანი ინსტრუქციები. ტექნიკას რომ ვყიდულობთ ნებისმიერს, თუნდაც ტელევიზორის პულტს, ქართულენოვანი ინსტრუქცია არ აქვს. მომხმარებელს ნაყიდი ნივთის მონაცემების გარკვევაში თარჯიმანი არ უნდა სჭირდებოდეს. ინსტრუქციების დიდი ნაწილი ინგლისურენოვანია ან რუსულენოვანი.

როდესაც მაღაზიების შევდივართ, დარღვევები ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. თუნდაც გადავსებული სივრცეები, როდესაც ცდილობენ ფართის მაქსიმალურ ათვისებას და მომხმარებელს გასასვლელ ადგილსაც არ უტოვებენ. ასეთ პირობებში თუ რამეს წამოედო მომხმარებელი, ზარალის ანაზღაურებასაც წამსვე დააკისრებენ. გასასვლელი ადგილი დაცული და თავისუფალი უნდა იყოს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ეს უფლებები", - აღნიშნა შენგელიამ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე დადებითი ტენდენციების მიუხედავად, კანონში არსებულ აღსრულებით პრობლემებზე საუბრობენ სამართლის სპეციალისტები. იურისტი ლევან კობერიძე ,,რეზონანსთან" ხაზს უსვამს, რომ მომხმარებელში უკმაყოფილება დიდია.

,,მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, რაც ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დავცვის თვალსაზრისითაა (თუნდაც ის რომ კონკურენციის სააგენტო გააქტიურებულია) ჯერჯერობით კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულება შეფერხებით მიმდინარეობს. მომხმარებელი  ნებისმიერი სავაჭრო ობიექტებისა და წარმოებების მხრიდან დისკომფორტს განიცდის.

უკმაყოფილებელება დიდია  მედიკამენტების შეძენისას. ფაქტობრივად, არ არსებობს უცხოური წამლი ქართულენოვანი ანოტაციით. იგივე პრობლემაა ტექნიკის ბევრ მაღაზიაშიც, თუმცა ამ კუთხით გამონაკლისებიც არიან. მყიდველი იღებს საგარანტიო ფურცელს, მაგრამ არ ხდება მომხმარებლის დეტალური ინფორმირება კონკრეტულად რას მოიცავს გარანტია. არ ხდება ამ ინფორმაციის ჯეროვნად მიწოდება, რაც წარმოშობს დისკომფორტს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მიმწოდებლისთვის. ისინიც დროს კარგავენ და რეპუტაციული ზიანი ადგებათ", - განუცხადა "რეზონანსს" ლევან კობერიძემ.

არ არსებობს სფერო, სადაც ეს საკითხი მოგვარებულია. დარღვევებია ონლაინ ვაჭრობაშიც. ამ მიმართულებით სავაჭრო ობიექტების მხრიდან, არც მომსახურებაა სრულყოფილი და არც ინფორმირებულობა.

,,ბევრია დარღვევებია ინტერნეტ ვაჭრობის მიმართჲლებით. ინტერნეტში დებენ ნივთებს, არ უთითებენ ზომებს, ფასებს და სრულ ქაოსს ქმნიან. იტანჯება მომხმარებელი, ყველა ფასს კითხულობს. ამ დროს კანონით ონლაინმაღაზიები ვალდებული არიან  ნებისმიერ პროდუქციაზე ფასი იმთავითვე მიუთითონ. რატომ არ ხდება ასე? იმიტომ, რომ რაც მეტი ადამიანი იკითხავს ღირებულებას, მით მეტად გარეკლამდება. რაც მათი მხრიდან ჩადენილი თაღლითობაა, სხვა არაფერი. შენი პროდუქციის გარეკლამება თუ გინდა, კეთილი უნდა ინებო და ფული გადაიხადო, ადამიანების ნერვების ფასად კი არ უნდა სჩადიოდე ამას.

მომსახურებისას ხშირია არასრულყოფილი მიტანის სერვისი და ხარისხის პრობლემა. ნივთის თანხას წინასწარ იხდი და რეალურად ის ხარისხის აღარაა, რაც სურათზე იყო. შენაძენი რეკლამაში უფრო მომხიბვლელია და რეალობას არ შეესაბამება. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხმარებელმა ,,მაკდონალდს" უჩივლა, რადგან ბურგერი უფრო დიდად გამოიყურებოდა, ვიდრე რეალურად, რაშიც სოლიდური თანხა გადაახდევინა. აქ 5 სმ-იან ლარნაკს 50 სმ-იანად დადებენ და პროტესტს როდესაც გამოთქვამს მომხმარებელი, უკან არავინ იბრუნებს", - დასძინა კობერიძემ.

პრობლემას მომხმარებელი მიწოდების სერვისის კუთხითაც აწყდება. მომსახურება არასრულყოფილია, ხშირია დაგვიანება ან სულაც ნივთის დაკარგვა, რაც ცალსახად დარღვევაა.

,,ავეჯის, ტექნიკის მაღაზიები ამბობენ რომ გადამზიდავი კომპანიები ცალკე იურიდიული პირია. მათზე არ არის დამოკიდებული, როდის და რა პირობებში მივა დანიშნულებამდე ესა თუ ის ნივთი. ეს ცალსახად მომხმარებლის უფლების დარღვევაა. მაშინ  ეს გადამზიდავი კომპანიებიც შეძენის პროცესში იქ უნდა იყვნენ და გაფორმდეს ხელშეკრულება მათთანაც. მაღაზია ვალდებულია სრულყოფილად დააკმაყოფილოს მომხმარებელი.

საქართველოში, სამწუხაროდ, არ ხდება კანონის აღსრულება. ვერ გეტყვით რატომაა აღსრულებითი ნაწილი ასე მორღვეული. როდესაც შესაბამისი  რეაგირება არ ხდება ამაზე, შემდგომში ეს მანკიერი მხარე მომხმარებელს აზარალებს", - განუცხადა "რეზონანსს" ლევან კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე