კლიმატური ცვლილებების გამო შესაძლოა, მტკნარი წყლის მოსაპოველბლად ომებიც კი დაიწყოს
ქეთო გოგოხია
(11.03.2024)

კლიმატურმა ცვლილებამ შესაძლოა, გლობალურად წყლის დიდი დეფიციტი  გამოიწვიოს. კრიზისი იმდენარ რეალურია, რომ სპეციალისტები უკვე საუბრობენ მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე, რაც სავარაუდოდ, წყლის დეფიციტს დაუკავშირდება. საუბარი არ არის მხოლოდ სასმელ წყალზე, აგრარულ მეურნეობასა და მრეწველობაში წყლის მარაგის დიდი კლებაა მოსალოდნელი, რის წინაშეც განვითარებული ქვეყნებიც აღმოჩნდებიან. საქართველოს ეს საფრთხე უშუალოდ არ ემუქრება, თუმცა გლობალური პროცესების გავლენა აქაც აისახება. მთავარი პირობა, რაც რისკს აგვაცილებს, წყლის რესურსის რაციონალური მართვაა.

ევროკომისიის კონფიდენციალურ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის წყლის დეფიციტის გამო შესაძლოა, კონფლიქტები წარმოიშვას. დოკუმენტის მიხედვით, წყლის დეფიციტის ტენდენცია იზრდება და საუკუნის ბოლოსთვის ხშირმა გვალვებმა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა შესაძლოა, 7%-ით შეამციროს.

წყლის ნაკლებობა ცხოვრების, თითქმის, ყველა მიმართულებას უქმნის საფრთხეს, როგორიც არის საკვები და სასმელი წყალი, ინფრასტრუქტურა, ადამიანის ჯანმრთელობა და ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა.

დოკუმენტის თანახმად, ხშირი მოვლენები, როგორიც არის წყალდიდობა და გვალვა ევროპის კლიმატის ერთ-ერთ საფრთხეს უკვე წარმოადგენს. „ევროპისთვის 36 ძირითადი რისკი არის იდენტიფიცირებული, რომელთაგან ზოგიერთი უკვე კატასტროფულ დონეზეა და გადაუდებელობის მაღალი ხარისხი აქვს მინიჭებული.“

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით უკვე დავობენ. მაგალითად, ესპანეთში გვალვით დაზარალებული კატალონია ცდილობს, დაარწმუნოს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, მეზობელი არაგონიდან მდინარის წყალს კალაპოტი შეუცვალოს. ასევე, საფრანგეთში ახალი წყალსაცავების მშენებლობის გეგმის გამო შარშან ქუჩის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.

საქართველოს, რომელიც წყლის რესურსით მდიდარ ქვეყნად მიიჩნევა, საფრთხე ნაკლებად ელის, თუმცა მის შესანარჩუნებლად სერიოზული ძალისხმევა იქნება საჭირო. როგორც ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ განაცხადა, წყლის პრობლემა პირდაპირ არ შეგვეხება, მაგრამ საქართველო ამ მიმართულებით არსებულ საფრთხეებს გვერდს ვერ აუვლის.

,,წყლის მარაგთან დაკავშირებით სტაბილურობას შევინარჩუნებთ, თუმცა  გლობალურად რა პრობლემაც იკვეთება, ის საქართველოს გვერდს ვერ აუვლის. წყალი მომავალზე გათვლილი დოვლათია. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მესამე მსოფლიო ომიც შეიძლება წარმოიშვას წყლის დეფიციტის გამო. დედამიწაზე არსებული  წყლის მხოლოდ 2%-ია მტკნარი, დანარჩენი ადამიანის გამოუსადეგარია. დედამიწის ისტორიას რომ გადავხედოთ, რამდენიმეჯერ მოხდა კლიმატის ცვლილება, ახლა ერთ-ერთ დიდ პრობლემად გაუდაბნოება მიიჩნევა, როგორც იყო გამყინვარება. პროცესები ახლა გაუდაბნოებისკენ მიდის, ამ დროს წყალი დიდი რაოდენობით სჭირდება ადამიანს. ცნობილია, რომ ინდუსტრიული გათვლით ერთი მანქანა საჭიროებს 5-6 ტონა წყალს. ცხადია, ვერ წარმოიდგენთ, რომ მანქანაში წყალია, მაგრამ მისი შექმნისთვის საჭიროა დიდი მოცულობის წყალი, მეტიც, დღეში ერთ ადამიანის კვებისთვის იხარჯება დაახლოებით 2-3 ტონა წყალი, რაც ე.წ. ვირტუალური წყალია და უშუალოდ იღებს მონაწილეობას ამ  ციკლში“, - აღნიშნა კობალაძემ.

შესაბამისად, ამ რესურსის დაცვა გარკვეულ ღონისძიებებს მოითხოვს, რაზეც მეცნიერი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას და მთავრობას აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

,,გლობალური დატბორვის, გაუდაბნოების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი. ასევე წყალსაცავების მოწესირგება, მყინვარების გაფრთხილება და სხვა. ბევრ ქვეყანაში ჭაობებსაც კი იყენებენ და არ აშრობენ, ვინაიდან ამით ფლორას და ფაუნას უფრთხილდებიან. მნიშვნელოვანია ასევე  მზის ბატარეების გამოყენება, იგივე მცენარეებიდან სპირტისა და ზეთის მიღების გზით საწვავის შექმნა და სხვა. ამ პრობლემას ვერ მოვხსნით, მაგრამ რაღაც ძვრები შეგვიძლია მოვახდინოთ. იძულებაზე კი არ არის საუბარი, განათლების გზით უნდა ვიზრუნოთ ამ რესურსის შენარჩუნებასა და დაცვაზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

ქართული წყალი, მისი მყინვარების, ასევე მღვიმეების წყალი, უნიკალურად ითვლება. ამასთან, ძალიან კარგი სამკურნალო პროდუქტია. ამიტომ წყლის მნიშვნელობის საკითხი  უნდა წამოიწიოს და  სამკურნალო ტურები გაკეთდეს“, - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" კობა კობალაძემ.

წყლის დეფიციტზე საუბრისას სექტორის წარმომადგენლები ექსპორტის საკითხზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ წყალი, როგორც საექსპორტო პროდუქცია, ქვეყანაში არც უნდა განიხილებოდეს და სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ამ რესურსს.

საქართველოს წყლის ეროვნული პარტნიორობის თავმჯდომარე გიორგი ძამუკაშვილი იმ რისკებზეც საუბრობს, რაც წყლის დეფიციტის გამომწვევი შეიძლება გახდეს მომავალში.

,,კლიმატის ცვლილების კვალობაზე წყლის დეფიციტი სერიოზული  მოსალოდნელი საფრთხეა. საქართველოზე თუ ვსაუბრობთ,  სასმელიო წყლის  რესურსის მარაგი ქვეყანას გააჩნია. თუმცა კლიმატის ცვლილების ფონზე ეს "გარკვეული რისკი აქაც შეიძლება გამოიკვეთოს. ამიტომ არის, რომ წყლის რესურსების სწორად მართვას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ვფიქრობ, ჯერჯერობით სწორი გზით მივდივართ და წყალს მეტ-ნაკლებად რაციონალურად ვიყენებთ. ძველი წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროც შესაბამის ზომებს მიმართავს. მომხმარებელმაც უნდა შეიგნოს და გააცნობიეროს, დიდი დანაკარგია გაუმართავი ქსელების გამო, ხან ონკანია გაფუჭებული ან წვეთავს და ჟონავს. უამრავი დეტალია, რაც უწესრიგობას ქმნის და საფრთხეს უქმნის წყლის რაციონალურ გამოყენებას“, - აღნიშნა ძამუკაშვილმა და ომების უმძიმეს გავლენაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც კლიმატისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და წყლის დეფიციტის პრობლემასაც უშუალოდ უკავშირდება.

,,ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებში კლიმატის ცვლლება ბევრ პრობლემას იწვევს. მით უმეეტს, ასეთი ომები მიმდინარეობს, აისახება რესურსზე. სათბური გაზების დაგროვება უწყობს ხელს წყლის მარაგის კლებას. ასევე გამონაბოლქვი აირები, ტრანსპორტი და მრეწველობა, არათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა. დაბინძურების გამო ეს სთბური აირები გროვდება და ზრდის ტემპერატურას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფაქტორი, რომ არ ვყიდით წყალს, ძალიან კარგია. მე პირადად ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი. ჯერ ერთი, რა შემოსავალიც არ უნდა მისცეს ქვეყანას, ეს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს. კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში ნაკლები მარაგებია. ახალი ტექნოლოგიები რაციონალურ გამოყენებასაც შეუწყობს ხელს, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ენერგეტიკასა და მრეწველობაში", - განაცხადა გიორგი ძამუკაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ევროკომისიის 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირის მცხოვრებთა მესამედზე მეტს, ანუ 38%-ს წყლის დეფიციტი შეექმნა, ხოლო გვალვა ევროპის ეკონომიკას ყოველწლიურად 2-9 მლრდ ევრო უჯდება. განსაკუთრებით, პრობლემებია სამხრეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე