რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არც ნავთობიმპორტიორები ელიან და არც დარგის სპეციალისტები
გვანცა წულაია
(12.03.2024)

თითქმის ორი კვირა გავიდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ნათობპროდუქტის ექსპორტზე მორიგი შეზღუდვა დააწესა. პირველ მარტს ამოქმედებული განკარგულების შემდეგ საქართველოს საბითუმო ბაზარზე ბენზინი 20 თეთრით უკვე გაძვირდა. საინტერესოა, რა მოხდა იქამდე, სანამ ცვლილება ძალაში იქნება და რომელი ქვეყნით აპირებენ იმპორტიორები რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებას?

გაზაფხულსა და ზაფხულში საწვავზე მოთხოვნის ზრდის დარეგულირების მიზნით, რუსეთის მთავრობამ 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალა, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს.

საქართველო ასეთ სიტუაციაში პირველად არ არის. რუსეთმა მსგავსი გადაწყვეტილება შარშანაც აამოქმედა და მაშინ, ქვეყანა სხვა ბაზრებზე გადაერთო, რამაც ბენზინის ღირებულებაზე იმოქმედა და ნავთობპროდუქტი დაახლოებით 30-35 თეთრით გააძვირა, თუმცა აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ პარალელურად იმ დროს მსოფლიო ბაზარზეც საწვავის ფასი მაღლა მიიწევდა.

ახლანდელმა გადაწყვეტილებამ კი ორი კვირის თავზე საქართველოს საბითუმო ბაზარზე ბენზინი 20 თეთრით გააძვირა. საცალო ქსელში კი, პატარა ბენზინგასამართ სადგურებში 5-10-თეთრიანი სხვაობა დაფიქსირდა. დიდი ბენზინგამართ სადგურებიდან კორექტირება ჯერ მხოლოდ "გალფში” დაიწყო და ფასთა სხვაობა 5 თეთრია.

"გადაწყვეტილების შემდეგ, ბენზინთან დაკავშირებით საბითუმო ბაზარზე ფასმა მოიმატა და ღირებულებაში სხვაობა დაახლოებით 20 თეთრია. შემდგომ პერიოდში კი რა და როგორ იქნება ეს სხვა გარემოებებზეც არის დამოკიდებული. რუსეთის გადაწყვეტილების ეფექტი ძალაში შევიდა და მომავლის პერსპექტივა სხვა ფაქტორებითაც იქნება განპირობებული, მათ შორის იმით, თუ როგორი ფასები დაფიქსირდება საერთაშორის ბაზარზე.

რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება მოხდება ბულგარეთით, ბელარუსით, რუმინეთით და შეიძლება თურქმენეთითაც”, - განუცხადა "რეზონანსს”  კომპანია `სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ.

რუსეთის გადაწყვეტილების გამო საქართველოში ბენზინის დეფიტიტი არ გაჩნდება. ასეთი მოლოდინია, როგორც ბიზნესში, ისე სპეციალისტებში.

როგორც ანალიტიკოსი, საერთაშორისო პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია აცხადებს, მეზობელი ქვეყნის გადაწყვეტილებით საქართველოში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ მოხდება.

"ბენზინის ექსპორტი რომ აიკრძალებოდა საქართველოსთვის ამაზე საუბარი ჯერ კიდევ იანვარში იყო, რუსული მხარის მხრიდან. რუსეთი ბენზინს ღიად აწოდებს ბელარუსსს, ყაზახეთს, სომხეთს და ყველა იმ ქვეყანას, ვისთანაც სახელმწიფო კონტრაქტი აქვს დადებული. ამ ქვეყნებისთვის არც ადრე შეუწყევტია ექსპორტი მათ შორის, როდესაც დიზელის დეფიციტი იყო და არც ახლა. საქართველოს კი არ ჰყავს რაიმე სახელმწიფო ნავთობპროდუქტების კომპანია და არც დეპარტამენტი არსებობს, რომელიც ამ საკითხებს განიხილავს და ხელს შეუწყოს კონკურენციას.

აკრძალვას საქართველოში დეფიციტი არ გამოუწვევია და არც გამოიწვევს. ჩემი პროგნოზით მაქსიმუმ 5 აპრილიდან უნდა ველოდოთ ბენზინზე ფასების ცოტათი ზრდას.

საერთოდ, განგაშს ტყუილად ტეხენ. საქართველოში ბენზინის მოხმარება 4-ჯერ შემცირდა, რადგან საავტომობილო გაზის მოხმარებაა 4-ჯერ გაზრილი, მას მერე რაც ფასები გაძვირდა, ბოლო 2-3 წელიწადის სტატისტიკას ვგულისხმობ. ასე რომ, ამაში რაიმე კატასტროფას ვერ ვხედავ, თუ 10-15 თეთრით ბენზინზე ფასი მოიმატებს. ამ კუთხით რაიმე საგანგაშოს არ უნდა ველოდოთ. არ მოხდება რაიმე განსაკუთრებული ცვლილება”, - განუცხადა ნიკა შენგელიამ "რეზონანსს”.

დეფიციტი რომ არ შეიქმენა ამაზე ისაუბრა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ. მანაც დაადასტურა, რომ საქართველო ბენზინს რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ყიდულობს, ამიტომ ამ მიმართულებით საფრთხე არ იკვეთება.

"რუსეთის გადაწყვეტილება ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ადგილობრივ ბაზარზე იმიტომ, რომ იმპორტირებული ბენზინის დაახლოებით 70% რუსეთიდან შემოდიოდა. ამის მიზეზი სიიაფე იყო. ცხადია, ევროპულ საწვავზე გადასვლა ფასს გაზრდის. ვგულისხმობ ბენზინს, რადგან ჯერ რაც გაცხადდა, მხოლოდ ბენზინის ექსპორტი აიკრძალა.

რაც შეეხება სარეალიზაციო ფასს, კომენტირება რთულია, მაგრამ როგორც ბენზინიმპორტიორები აცხადებენ, ეს ყველაფერი 1 ლიტრზე დაახლოებით 10-15 თეთრით უნდა აისახოს. ჯერჯერობით, ალბათ, ასეც იქნება, ოღონდ ცხადია, საუბარია მოკლევადიან პერიოდზე, გრძელვადიანში კი ყველაფერს აჩვენებს ბირჟებზე განვითარებული პროცესი. შესაძლოა, იქ შემცირდეს ფასი და შესაბამისად, აქაც დაუბრუნდეს დღევანდელ ნიშნულს ან პირიქით, უფრო გაიზარდოს.

საწვავის დეფიციტის წინაპირობას ვერ ვხედავ და არა მგონია, შეიქმნას, რადგან რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საწვავი დღეს ისედაც შემოდის. ჩვენ შარშან, შემოდგომის დამდეგს, გვქონდა შემთხვევა, როდესაც აიკრძალა რუსეთიდან საწვავის ექსპორტი და მაშინ დეფიციტის საფრთხე არ გაჩენილა. შესაბამისად, ახლა ვერ ვხედავ ამის საშიშროებას”, - განუცხადა `პალიტრას” გიორგი კაპანაძემ და როგორც მან დასძინა, ჯაჭვურ რეაქციას არ ელის, რადგან 10-15 თეთრი არ არის იმხელა სხვაობა, რომ ამან დიდად მოახდინოს გავლენა ფასებზე.

ცნობისთვის, საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი, რუსეთის ფედერაციაა. ამას ცხადყოფს, როგორც წლიური, ისე 2024 წლის იანვრის ოფიციალური სტატისტიკაც. რუსეთის გარდა, ქართულ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს საწვავი სხვა ქვეყნებიდანაც შემოაქვთ. მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ 80.3 მლნ დოლარის ღირებულების 98 944 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის 46.1% სწორედ რუსულ ნავთობზე მოდიოდა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 166 მილიონი დოლარის ღირებულების 1 418 191 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შევიძინეთ, რაც 2022 წლის რიცხვებს ღირებულებით 12.5%-ით, ხოლო მოცულობით 6.5%-ით აღემატება. იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 47.3% რუსეთზე მოდიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე