ყველაზე ტკბილი პროდუქტი ახლო მომავალში არ გაძვირდება, მაგრამ ვერც გაიაფდება
ქეთო გოგოხია
(13.03.2024)

რუსეთიდან იაფი შაქრის ექსპორტის შესაძლო აკრძალვა ქართველ იმპორტიორებს და მომხმარებლებსაც  პრობლემას ჯერჯერობით არ შეუქმნის. იმპორტის დინამიკამ აჩვენა, რომ შემოტანილ შაქარზე მოსაკრებლის დაწესებამ  მდგომარეობა რეალურად ბაზარზე ასე თუ ისე შეცვალა. თუკი 2023 წლის მდგომარეობით, რუსეთი იმპორტში დომინანტ ქვეყანას წარმოადგენდა, მიმდინარე წლიდან ეს მოცემულობა შეიცვალა და ქვეყანა რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულია.

აქედან გამომდინარე, თუკი რუსეთი ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ნეგატიური გავლენა, უშუალოდ ამ მიზეზის გამო, ბაზარზე მოსალოდნელი არ არის. მაღალი ფასის ტენდენციას იმპორტიორები სხვა გარემოებით ხსნიან და პირდაპირ აცხადებენ, რომ ფასს უკვე დიდწილად ,,აგარას" საფასო პოლიტიკა განაპირობებს.

როგორც ცნობილია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით მთავრობამ 1 კგ იმპორტულ შაქარზე 40-თეთრიანი გადასახადი დააწესა. წესით, იმპორტიორები რუსეთიდან პროდუქციის მკვეთრ კლებას ელოდნენ, მაგრამ მათი ვარაუდი არ გამართლდა. 2023 წლის სტატისტიკური მონაცემრბით, რუსეთი რიგით მეორე იმპორტიორი ქვეყანა მაინც გახდა, თუმცა 2024 წლის იანვრის შედეგების მიხედვით მან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. უნდა აღინიშნოს, რომ 2021-2022 წლებში რუსეთიდან შაქრის იმპორტი მინიმალური იყო და შეძენილი პროდუქტის ღირებულება 100 ათას დოლარსაც ვერ აღწევდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარში საქართველოში ზოგადად შაქრის იმპორტი შემცირდა. წლის დასაწყისში ქვეყანაში 2 მილიონ 727 ათასი დოლარის ღირებულების 3 479 ტონა შაქარი შემოვიდა. ამ პერიოდისთვის შაქრის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების სათავეში საფრანგეთია, საიდანაც 1 020 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა. თურქეთის შეთხვევაში, ეს მაჩვენებელი 1 024 ტონას შეადგენს. ბელგიიდან 765 ტონა შაქარია იმპორტირებული, მაროკოდან - 520 ტონა. რუსეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 124 ტონაა.

დღესდღეობით ბაზარზე ეს მოცემულობაა, თუმცა იმპორტიორები აღნიშნავენ, რომ მაღალი  ფასი შენარჩუნდება, თუმცა სამეწარმეო ფასებზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.

ინდმეწარმე თენგიზ ფაცაციამ ,,რეზონანსს" განუცხადა, რომ ბოლო პერიოდში რუსული შაქარი პრიორიტეტული ისედაც აღარაა და ექსპორტის აკრძალვა არსებულ დინამიკას ვერ შეცვლის.

,,რუსეთიდან იმპორტი ისედაც შეზღუდულია. ახლა ფასის მთავარი განმსაზღვრელი ,,აგარაა", რომელიც თავისი თამაშის წესებს კარნახობს ბაზარს - უნდა დაწევს ფასს, უნდა გაზრდის, ამაში, ფაქტობრივად, არაფერი უშლის ხელს. არ მგონია, ისე გაძვირდეს პროდუქტი, რომ ამან საკონდიტრო პროდუქტების ფასის ზრდა გამოიწვიოს. მათ ისედაც მაღალი მარჟა აქვთ და მცირე საფასო რყევები ამ მხრივ გავლენას ვერ მოახდენს. რუსეთიდან შაქრის იმპორტი ამ ეტაპზე მინიმალურია", - განაცხადა თენგიზ ფაცაციამ.

იმპორტიორების ნაწილი ფიქრობს, რომ არსებული ფასები შენარჩუნდება. გაიაფების პერსპექტივა კი ჯერჯერობით არ იკვეთება. ასე ფიქრობს  ,,ელ ჯორჯიას" წარმომადგენელი ირაკლი გოგიბერაშვიილი, რომლის თქმითაც რუსეთიდან ექსპორტმა ფასებზე ისედაც იმოქმედა და ,,იაფი შაქარი" კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, სანამ იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვაა, რასაც სამომავლოდ რუსეთის მიერ ექსპორტის აკრძალვა დაემატება.

,,გლობალურად რუსული შაქარი ყველაზე იაფია, მაგრამ ვერ შემოდის საქართველოში, რადგან გადასახადი დაუწესდა და ამით ,,აგარამ" მიიღო სახელმწიფოსგან დახმარება. ეს არის, რამაც ბაზარზე იმოქმედა. არსებულ სიტუაციაში გარკვეული დოზით არის იმპორტიც, მაგრამ კომპანიები, რომელებიც ყიდიან და შემდეგ აფასოებენ შაქარს, ზრდიან ღირებულებას. ჯერ კიდევ დიდი დროა და  2024 წლის განმავლობაში როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, წინასწარ უცნობია. ვერაფერს განსაზღვრავ, ეს ყველამ ვნახეთ - გაძვირებას ველოდით, მაგრამ რაღაც-რაღაცებმა იმოქმედა და საპირისპირო პროცესიც კი განვითარდა", - განუცხადა "რეზონანსს" გოგიბერაშვილმა.

რაც შეეხება მწარმოებლოების პოზიციას, აცხადებენ, რომ საფასო ცვლილება მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ღირებულებაზე ვერ აისახება. ,,ბუმ გრუპი", რომელიც შაქრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, ფასებს სტაბილურად იჭერს. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ბესარიონ ურუმაშვილმა აღნიშნა, შაქრის ფასის მხრივ სტაბილურობაა და გარე ფაქტორები ამ მხრივ, მით უმეტეს, რუსულ შაქართან დაკავშირებული გარემოებები, სიტუაციას ვერ შეცვლის.

,,რუსული მხარის ვერანაირი გადაწყვეტილება შაქრის ადგილობრივ ბაზარზე ახლა ვერ მოახდენს გავლენას. როგორც ვიცით, ტონაზე 400 ლარის გადასახადია დაწესებული. ამდენად, რუსული შაქარი რეალურად უფრო ძვირია, ვიდრე ,,აგარა" ყიდის. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ამ ეტაპზე 1 ტომარა შაქარი 112 ლარი ღირს, რუსული შაქარი კი გაცილებით ძვირია. ჩვენს ახალი კონტრაქტი 5 000 ტონაზე გავაფორმეთ. რა ცვლილებაც არ უნდა მოხდეს ბაზარზე ამ ერთი წლის განმავლობაში, ეს ,,ბუმ გრუპის" ფასზე არ აისახება", - განუცხადა ,,რეზონანსს" ურუმაშვილმა.

ამ ეტაპზე სუპერმარკეტების ნაწილში, სადაც ასაწონი შაქარი გაყიდვაშია, 1 კგ-ის ფასი 2,50-2,70 ლარის ფარგლებშია.

ცნობისთვის, 2023 წლის 20 ნოემბრის შემდეგ შაქრის იმპორტიორი კომპანიები ქვეყანაში შაქრის შემოტანისას საიმპორტო ბაჟს იხდიან. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო. დროებით დაწესებული გადასახადი 2024 წლის პირველ ივლისამდე იქნება ძალაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე