რეზონანსი
(19.04.2024)

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც "ფეისბუკის" ახალ წესს უკავშირდება. ირკვევა, რომ აღნიშნული სიახლე, სავარაუდოდ, მომხმარებლების კონფიდენციალურობის პირობას არღვევს და ჩვენი პერსონალური მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.

სუბარია ამ გავრცელებულ ტექსტზე: 

“არ დაგავიწყდეთ, დღეს იწყება "ფეისბუქის" ახალი წესი (aka... new name, META), სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ფოტოები. შეგახსენებთ, ბოლო ვადა დღესაა!!! მე არ ვაძლევ უფლებას "ფეისბუქს" ან მასთან აფილირებულ ნებისმიერ კომპანიას გამოიყენოს ჩემი წარსული ან მომავალი ფოტოები, ინფორმაცია, შეტყობინებები ან პოსტები.ამ დეკლარაციით ვაცნობ "ფეისბუქს", რომ კატეგორიულად აკრძალულია ამ პროფილის ან/და მისი შინაარსის საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება ან რაიმე სხვა ქმედების განხორციელება. კონფიდენციალურობის დარღვევა ისჯება კანონით. შენიშვნა: "ფეისბუქი" ახლა არის საჯარო დაწესებულება. ყველა წევრმა უნდა გამოაქვეყნოს ასეთი შენიშვნა. ნებისმიერს შეუძლია დააკოპიროს და ჩასვას ეს ვერსია. თუ ერთხელ მაინც არ გააგზავნით განცხადებას, ეს უპირობოდ საშუალებას მიცემს გამოიყენოს თქვენი ფოტოები და ინფორმაცია თქვენი პროფილიდან და სტატუსის შეტყობინებებიდან. არ გააზიაროთ. დააკოპირეთ და ჩასვით.”

აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს ინფორმაციული ტექნოლოგიების იურისტი მარიამ შარანგია:

"მინდა გამოვეხმაურო საქართველოში Meta-ს პროდუქტების (Facebook, Instagram, Whatsapp) ის წესების და პირობების შეცვლის შესახებ არსებულ აჟიოტაჟს. ოცამდე პოსტი შემხვდა ამ დეზინფორმაციის ირგვლივ საკმაოდ უდროო დროს და რადგან ეს სფერო არის ჩემი პროფესია მინდა ყველა თაობის ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ავხსნა.

"ფეისბუქი" ყოველთვის იყენებდა და გამოიყენებს ინფორმაციას რომელსაც ჩვენ ვაწვდით, არანაირი სიახლე ამ კუთხით არ შესულა, ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის ვფლობ ინფორმაციას დიდი პლათფორმების მიერ შეტანილ ცვლილებებზე და გარდა ამისა ჩემითაც მოვიკვლიე საკითხი და ახალს ვერაფერს წავაწყდი.ნებისმიერი პლათფორმა იყენებს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, განსხვავება იწყება იქ თუ რა მონაცემი (სახელი, გვარი, მეილი და აშ.) მუშავდება და რა საფუძველს ეყრდნობა (თანხმობა, ხელშეკრულების პირობები, ლეგიტიმური ინტერესი და აშ.).

"ფეისბუქი" იყენებს ნაწილ პერსონალურ მონაცემს ჩვენი თანხმობის საფუძველზე როცა ვრეგისტრირდებით, ნაწილს კი შემდგომში სხვადასხვა საფუძვლით, მაგალითად, ლეგიტიმური ინტერესი, რა დროსაც პლატფორმა აცხადებს რომ ბალანსი ინტერესებს შორის დაცულია და მისი მხრიდან ამა თუ იმ მონაცემის გამოყენება გადის ლეგიტიმურობის სამშრიან ტესტს (მიზანი, საჭიროება, ბალანსი).

"ფეისბუქი" იყენებდა და იყენებს მონაცემებს რაც გაუზიარეთ რეგისტრაციის დროს (რაც მოიცავს თქვენს სახელს, გვარს, პაროლს, მეილს, გენდერს, დაბადების თარიღს და აშ); ინტერაქცია (ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა რეკლამას უყურეთ, რა დროით, მოგეწონათ თუ არა, დააპაუზეთ თუ არა და აშ); უშუალოდ მიმოწერა end-to-end encypted (ანუ კონფიდენციალური) არის თუმცა Metadata-ზე აქვთ წვდომა ანუ მაგალითად რა დროს გაიგზავნა მესიჯი ან რა სახის ტექსტი თუ ხმოვანი.2023 წლის იანვარში ირლანდიის პერსონალურ მონაცემთან კომისარმა დააჯარიმა Meta 390 მილიონი ევროთი იმის გამო რომ რეკლამის განთავსებისას ხდებოდა ისეთი პერსონალური მონაცემის გამოყენება რომელიც დაფუძნებული იყო წესებზე და პირობებზე და არა ღიად გაცხადებულ თანხმობაზე. ამიტომაც ნუ შეგეშინდებათ მსგავსი ცვლილების რადგან "ფეისბუქმა" რომც შეცვალოს რაიმე, მარეგულირებლები არიან ჩასაფრებული.

უნდა იცოდეთ: თქვენი უფლებები, რომ თქვენ გაქვთ ინფორმაციის წაშლის უფლება, თქვენი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, მასზე წვდომის უფლება და აშ. აგრეთვე მეეჭვება ეს აჟიოტაში ამას ეხებოდეს თუმცა თუ გსურთ რომ Meta-მ არ გამოიყენოს თქვენი მონაცემები Generative AI - გენერირებული ხელოვნური ინტელექტისთვის, გაქვთ უფლება მიმართოთ და წაშლიან მონაცემს, თუმცა აქაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ წაიშლება მხოლოდ Meta-ს მიერ ამოკრეფილი საჯარო ინფორმაციები თქვენზე ან სხვადასხვა კომპანიებისგან ნაყიდი თქვენს შესახებ ინფორმაციები.

იმისთვის, რომ არ ვაზიაროთ დეზინფორმაცია, ყოველთვის გადაამოწმეთ ფაქტები, დააკვირდით შინაარსს, მაგალითად, რამდენად სარწმუნოა ის ფაქტი, რომ საკუთარ პროფილზე ტექსტის ქართულად ან თუნდაც ინგლისურად დადებით ვაცხადებ თანხმობას ან უარს რაიმე სერვისზე", - წერს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე