რეზონანსი
(01.05.2024)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კლინიკიდან გაწერეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში სპეციალიზებული ეტლით გადაადგილდება. მას გადადგილებაში ოპოზიციონერი დეპუტატები ეხმარებიან.

„მეგობრებო, ფეხზე დავდგები, დავდივარ, პრობლემა არ მაქვს, არაფერი საშიში არ არის, უბრალოდ, თავბრუ მეხვევა, გულის რევის შეგრძნება მაქვს და წოლითი რეჟიმი მაქვს. სხდომათა დარბაზთან გავაკეთებ განცხადებას და გთხოვთ, მომეცით შესაძლებლობა რომ მივიდე," - მიმართა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა. მან დაზიანებები წუხელ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მიიღო. თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ინგოროყვას კლინიკაში ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე