ელზა პაპოშვილი
(16.03.2024)

ხონში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ფაქტი დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი ყოფილ ცოლს სახლში მიუვარდა და კონფლიქტის შემდეგ სიდედრს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. 

როგორც მეზობლები ამბობენ, კაცი ცოლზე ძალადობისთვის ადრეც იყო დაკავებული და ის პირობითი მსჯავრით  იყო გათავისუფლებული. ყოფილი ცოლის ოჯახში კი, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით თოფით მივიდა, ხოლო კამათის შემდეგ ყოფილ სიდედრი დაჭრა. 

ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული. გადაუდებელი ოპერაცია რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე  ამ ეტაპზე არ ემუქრება. 

„ეს ბიჭი ცოლზე ძალადობის გამო წარსულში უკვე გასამართლებული იყო და თავისუფლებაზე პირობითი მსჯავრით გამოუშვეს. აი, ვინც ეს გამოუშვა და იმედი ჰქონდა, რომ გამოსწორდებოდა, ის უნდა მიუსვან გვერდით. სახლში მოუვარდა სანადირო თოფით და ეტყობა, ცოლზე რომ ვერ იძია შური, სიდედრს ესროლა. ალბათ შვილის დაცვის მიზნით დედა გარეთ გამოვიდა და ქალს გაქცევის დროს ზურგში აქვს ნასროლი. 

„ადგილიდან კი მიიმალა, მაგრამ პოლიციამ დააკავა. ცოლს სცემდა და ძალადობდა, ამიტომ გამოაცალეს. ახლა კი შურისძიება უნდოდა და აი, ასე მოხდა. კიდევ კარგი, რომ ქალი გადარჩა და არ მოკლა“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე