ელზა პაპოშვილი
(19.03.2024)

ქურდობების სერია და ისევ არასრულწლოვანთა ბანდები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, დიდ ქალაქებში არაერთი მაღაზიისა და ავტომობილების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი - რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში, ქუთაისში, გორსა და ოზურგეთში მაღაზიები და სხვადასხვა სასურსათო ობიექტები გაქურდეს. გარდა ამისა, როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, გამონაკლისი არც ავტომობილებია, რომელთა გაძარცვასაც არასრუწლოვნები პროფესიონალურად ახერხებენ. 

მაღაზიის მეპატრონეებს ეჭვი აქვთ, რომ ბავშვების ბანდების უკან სრუწლოვანები დგანან. მათი თქმით, ზოგიერთი მაღაზიის გაძარცვა რამდენჯერმეც კი მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ კამერებით არასრუწლოვნების იდენტიფიცირება ხდება, პოლიცია, არსებული კანონიდან გამომდინარე, მათ დაკავებას ვერ ახერხებს.    

ორშაბათს გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტი „გვირილა“ გატეხეს. წაღებულია სიგარეტები და საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ. 

„დილით რომ მოვედით, მაღაზია გატეხილი დაგვხდა. ბავშვები ყოფილან, რომლებსაც სიგარეტები წაუღიათ და პატარა რკინის სეიფივ. ეტყობა ეგონათ, რომ იქ ფული იქნებოდა. თუმცა, თანხის წაღება ვერ შეძლეს“, -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კიდევ ერთი ქურდობა ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა და სავარაუდოდ, აქაც არასრუწლოვნები ფიგურირებენ. მაღაზიათა ქსელ „ფემილის“ ობიექტიდან თამბაქო მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული თანხაც. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

„დილით გატეხილი დაგვხვდა ობიექტი.  წაღებულია გარკვეული თანხა, ასევე სიგარეტი... ეს არ არის პირველი შემთხვევა. ძალიან ბევრი ფაქტია ასეთი. უმოკლეს დროში გატეხეს კარები, შემდეგ შეამტვრიეს საწყობის კარებიც“, - ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.   

ასევე ქუთაისში დაუდგენელმა პირებმა მაღაზიათა ქსელ „მაგნიტის“ ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიის კარი ე.წ. ატმიჩკით გააღეს და სიგარეტები წაიღეს.

როგორც მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები ობიექტზე სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ორი მათგანი ძარცვაში მონაწილეობდა, ერთი კი გარე პერიმეტრს აკონტროლებდა.   

„კამერებიდან ჩანს, რომ არასრუწლოვნები არიან. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისში არასრუწლოვნების ბანდაა, რომლებიც ყოველ საღამოს ხან სურსათის მაღაზიებს ძარცვავენ და ხან რას. კრიმინალი ძალიან გაზრდილია. ვითხოვთ დახმარებას. რა სახის საკეტი აღარ დავაყენეთ, მაგრამ ყველაფერს ტეხავენ. 

„უმძიმესი მდგომარეობაა. ბავშვებს სრუწლოვანები კურირებენ და მათ დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ. ფულს ისინი იღებენ და კანონი კი არასრუწლოვნების დანაშაულის მიმართ უძლურია“, - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი. 

არასრუწლოვნებმა მაღაზია თბილისში, ვაკეშიც გაძარცვეს. ამჯერად საუბარია ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაზე, საიდანაც წაღებულია ელექტროსიგარეტები და 1500 ლარის ოდენობის თანხა. „პრემიერ ალკოში“ ამბობენ, რომ კამერების ჩანაწერებში არასუწლოვნები ჩანან.

სასმელების ეს მაღაზია ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მერვედ გატეხეს, თუმცა, როგორც „პრემიერ ალკოს“ მფლობელი ამბობს, დამნაშავეები ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემული.   

არასრუწლოვნების ქურდობის ფაქტებმა მოსახლეობა ზუგდიდშიც შეაწუხა. როგორც ისინი ამბობენ, ერთ ღამეში მათ რამდენიმე ავტომობილი და მაღაზია გაძარცვეს. კამერების გაშიფვრის შემდეგ კი გაირკვა, რომ ისინი 13-15 წლის მოზარდები იყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე