ელზა პაპოშვილი
(23.03.2024)

სისხლიანი ანგარიშსწორება შეყვარებულებს შორის - ფონიჭალაში 28 წლის ქალმა თავისი შეყვარებული, 30 წლის მამაკაცი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. მამაკაცმა საშველად ადგილობრივებს უხმო და ქუჩაში გამოსული დახმარებას ითხოვდა. მეზობლები ყვებიან, რომ შეყვარებულები ფონიჭალაში სტუმრად იმყოფებოდნენ. რა მოხდა მათ შორის, უცნობია. დილის 8 საათზე ყვირილის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულებს კი დასისხლიანებული ახალგაზრდა კაცი დახვდათ, რომელიც შველას ითხოვდა. 

მოგვიანებით პოლიციამ დანაშაულში მხილებული 28 წლის ქალი დააკავა.

„როგორც გავიგეთ, ქვემო ფონიჭალაში წყვილი სტუმრად იყო და მოულოდნელად ჩხუბი დაიწყეს, ოღონდ არ ვიცით რაზე. ქალს ჭრილობები დანით მიუყენებია. ამის შემდეგ კაცმა თავს გაქცევით უშველა და კორპუსის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. სწორედ ადგილობრივებმა დარეკეს სასწრაფოში, რადგან კაცი სისხლისგან იცლებოდა. 

„ასე 30 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. გავიგეთ, რომ ქალი ადგილიდან გაიქცა, მაგრამ პოლიციამ ის მალევე დააკავა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, ეზოში სისხლის გუბეები იდგა და ბიჭს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას ჰქონდა მიყენებული. 

„გავიგე, რომ გოგომ ბიჭი დაჭრა. დაახლოებით ასე დილით 8 საათის მერე, 9-ის ნახევრისკენ მოხდა ეს ამბავი. სასწრაფო იყო მოსული 9-ის ნახევარზე და ეზოში სულ სისხლის გუბეები იდგა. ბიჭი იყო დაჭრილი და დახმარებას ითხოვდა. უთქვამს - შეყვარებულმა დამჭრა და გაიქცაო“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე