ელზა პაპოშვილი
(25.03.2024)

თბილისში უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კაცმა, რომელმაც  მეზობელს და მეგობრის ცოლს ჩასაფრება მოუწყო, სასტიკად სცემა, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენა, ბიჭიკო ბაჩილავაა. ის ბრალის წარდგენას ახლა  წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. როგორც ცნობილი ხდება, 30 წლამდე მამაკაცი, მისთვის ნაცნობ ქალს სადარბაზოსთან დახვდა, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი დანით აჩეხა. 28 წლის ქალს ნეკნები აქვს ჩამტვრეული და კიდურები აქვს მოტეხილი.   

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრილი ქალი ბრალდებულის ცოლის მეგობარი იყო. ვაზისუბანში, სადაც დანაშაული მოხდა, ამბობენ, რომ სისხლიანი გარჩევის მიზეზი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა, თუმცა რა, დეტალებზე საუბარი არავის უნდა. 

მეზობლებმა განწირული ქალის კივილის ხმა გაიგეს, დაბლა ჩასულებს კი საზარელი სურათი დახვდათ. ქალი მძიმე დაზიანებებით მიწაზე იწვა და სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.      

„ბიჭი და გოგო ერთმანეთის ახლობლები იყვნენ. წარსულში ამ გოგოს ქმარი ამ ბიჭის მეგობარი იყო. არ ვიცით ზუსტად ამათ შორის რა მოხდა. რაღაცა დაპირისპირება რომ მოხდა ცნობილია, მაგრამ რა არ ვიცით. ამის გამო აღარ კონტაქტობდნენ ერთმანეთთან. ამ გოგომ დააბრალა ამ ბიჭს რამე, რა დაძაბულობა ჰქონდათ, ჭორებზე საუბარი რთულია. ასევე არიან მეზობლებიც და ეს საშინელება რამ ჩაადენინა რთულია თქმა. ქალი იყო ჯერ ნაცემი, შემდეგ კი დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული“,-ამბობს ადგილობრივი.    

28 წლის ქალის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.  ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმები  სტაბილურად მძიმედ აფასებენ. ინგოროყვას კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს ათეულობით ჭრილობა აქვს.  

პაციენტი გონზეა და კონტაქტურია. არაოფიციალური ინფორმაციით, ქალს კიდურების მოტეხილობაც ჰქონდა, რაც ეჭვს აჩენს, რომ ის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

"გამოკვლევებით დადგინდა ქალასარქვლის მოტეხილობა, სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის დახურულ ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა... ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რამდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული? ძალიან ბევრი, გულმკერდის, თავის, მუცლის, ზედა კიდურებზე, ხელებზე, მთელ სხეულზე მთლიანად იყო მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები", - ამბობს ექიმი.          

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე