ელზა პაპოშვილი
(26.03.2024)

მკვლელობა ქობულეთში - 47 წლამდე კაცმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ოპერაციის გაკეთებამდე დაიღუპა. შემთხვევა საღამოს, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მათ კონფლიქტის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე იპოვეს და ის უკე წინსაწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.   

„რა მოხდა, რა გახდა მკვლელობის მოტივი - არ ვიცით. თვითმხილველები ამბობენ, რომ საღამოს საათებში ორი კაცი კამათობდა. მერე უცებ ერთმა მეორეს ესროლა და ის კაციც იქვე ჩაიკეცა. ვინც ესროლა, ის გაიქცა. 

„ხალხი მივარდა და დაჭრილის გადარჩენას შეეცადნენ. სავარაუდოდ, მძიმე ჭრილობა იყო. ჯერ კიდევ გონზე იყო, მაგრამ კლინიკაში რომ მიიყვანეს, გარდაიცვალა. საოპერაციოშიც ვეღარ შეიყვანეს. 

„სავარაუდოდ, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ  და რაღაც საქმის გასარჩევად შეხვდნენ, თუმცა რატომ და რის გამო - უცნობია. კაცი მოკლა და გაიქცა, სხვა დეტალები ხალხმა არ ვიცით“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

პოლიციის ცნობით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 47 წლის მამაკაცი. ახლა მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ქობულეთში, 1 პირი დააკავეს. 47 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ფაქტი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე