თბილისის-ერევნის ავტომაგისტრალის ნაწილი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება
ნატალია ჯვარიძე
(20.04.2024)

იმ ფონზე, როდესაც რუსი სამშვიდობოები ყარაბაღს ტოვებენ, სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე (საზღვრის დაზუსტება რუკაზე) შეთანხმდნენ - ერევანი ბაქოს 4 სოფელს დაუბრუნებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი დაპირისპირების დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია,. საბოლოოდ კი სამხრეთ კავკასია შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთიან გეოპოლიტიკურ რეგიონად, რაც ყველასთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც, ახალი შესაძლებლობებს გააჩენს.

შეთანხმება პარასკევს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორი ქვეყნის საზღვრის დამდგენი კომისიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე გაფორმდა. კერძოდ, საუბარია სოფლებზე - ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებსაც 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სომხეთი აკონტროლებდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ. ამავე აზრისაა სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანიც, რომლის თქმითაც, „ეს პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა სადავო საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტეს".

თუმცა, სომხური საზოგადოების ნაწილისათვის ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. ფაშინიანის ოპონენტებმა უკვე შეაფასეს ეს შეთანხმება, როგორც „დამამცირებელი დათმობა ზეწოლის შედეგად". აზერბაიჯანისთვის გადაცემული სოფლების მოსახლეობა კი პარასკევის შემდეგ მართავს საპროტესტო აქციებს. ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ თავის ტერიტორიაზე ამზომველებს, რომლებმაც ახალი საზღვარი უშუალოდ მიწაზე უნდა მონიშნონ (დელიმიტაცია).

პროტესტის მონაწილეთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას კი ის იწვევს, რომ სომხეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ერევანი-თბილისის ავტომაგისტრალის ის მონაკვეთი, რომელიც ტავუშის ოლქში ამ სოფლებთან გადის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ექცევა.

პროტესტი სომხეთში

პარასკევს, როგორც კი ცნობილი გახდა შეთანხმების შესახებ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თბილისი-ერევნის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. იქ ადგილობრივი დროით 05:30 საათამდე დარჩნენ. ადგილზე იმყოფებოდა სამხარეო პოლიციის უფროსი და ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც პროტესტის მონაწილეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.

ტავუშის გუბერნატორმა ჰაიკ გალუმიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა გზა გაეხსნათ, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პრემიერმა ფაშინიანმა, რომელიც ორიოდე კვირის წინ ამ სოფლებში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა, ისინი უბრალოდ მოატყუა.

„მას (ფაშინიანს) არაფერი უთქვამს ჩვენთვის გზის გადაცემაზე, რაც უკვე ვნახეთ გუშინ გამოქვეყნებულ ოფიცილურ რუკებზე და ასევე იმ რუკებზე, რომელიც დღეს აქ მოსულ მიწის ამზომველებს ჰქონდათ. მე მათ აზომვის ჩატარების უფლება არ მივეცი, რადგან თუ ეს მონაკვეთი მართლა ჩაბარდება, მაშინ დაინგრევა ეკლესია, ასევე ჩემი სახელოსნო და ჩემი მეზობლის სახლი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე სოფლის მცხოვრებლებმა თქვეს, რომ ტერიტორიის ერთ მეტრსაც არ დათმობდნენ. თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სოფლის მოსახლეობა, სავარაუდოდ, თანახმაა დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე.

„ჩვენი საზღვარი 90-იან წლებში იყო მოხაზული და მილიმეტრს არ დავთმობთ", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ ამ სოფლების პრობლემაა, არამედ მთელი სომხეთის.

„ჩვენ მოვითხოვეთ ამ პროცესის სრულად შეჩერება. ძალიან დამაბნეველია ის, რომ ახლა ცდილობენ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხალხს დააკისრონ - ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც თქვენ გინდოდათო. სინამდვილეში კი საუბარია ფრონტის ხაზის რღვევაზე, საზღვრის რღვევაზე და ზოგადად, სომხეთის რესპუბლიკის ლოგიკის რღვევაზე.

„ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე სოფლის დათმობით უსაფრთხოების რისკს ვამცირებთო. არაფერი მსგავსი არ ხდება არსად მსოფლიოში. სოფლის მცხოვრებლები სახელმწიფო საზღვრის საკითხებს არ წყვეტენ.

„ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია სომხეთის ყველა საჭიროა ადგილას. ეს პროცესი უნდა შეწყდეს. ეს უნდა იყოს პროგრამა მინიმუმი, პროგრამა მაქსიმუმი კი ის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი ლიდერის ხელმძღვანელობით ჩვენ ხალხს ასე ექცევიან, არ ჰქონდეთ უფლება განაგრძონ მმართველობა", - განაცხადა არქიეპისკოპოსმა.

რუსების გასვლა ყარაბაღიდან

გასულ კვირას კი რუსმა სამხედროებმა ყარაბაღის რეგიონის რეგიონის დატოვება დაიწყეს. სადაც ისინი 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო ძალების მანდატით იყვნენ გამწესებული.

ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა ცნობები რუსული ძალების გაყვანის შესახებ, მაგრამ დამატებითი დეტალებზე არ უსაუბრია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჰიკმეტ გაჯიევმა ასევე დაადასტურა რუსი სამხედროების გაყვანა რეგიონიდან და თქვა, რომ ეს საერთო გადაწყვეტილება იყო.

რუსი სამშვიდობოები ამ რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში მოსკოვის, ბაქოსა და ერევნის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ. მათ მოვალეობებში შედიოდა ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის დაცვა და ყარაბაღში დარჩენილი სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა 2022 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა ეს გზა გადაკეტა. აზერბაიჯანი სომხეთს ამ დერეფნის გამოყენებით მთიან ყარაბაღში იარაღის შეტანაში, ხოლო რუს სამშვიდობოებს უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

შეთანხმების თანახმად, მათი მანდატი ყოველ 5 წელიწადში უნდა განახლებულიყო. თუმცა, 2023 წელს აზერბაიჯანმა ახალი, ორდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, უკვე სრული კონტროლი დაამყარა ყარაბაღზე სომხურმა მოსახლეობამაც პრაქტიკულად მთლიანად დატოვა რეგიონი. ამის შემდეგ კი იქ რუსი სამხედროების ყოფნას პრაქტიკულად აზრი დაეკარგა.

ერევანი რუს სამშვიდობოებს პრეიოდულად ადანაშაულებდა არასათანადო რეაგირებაში ყარაბაღში მცხოვრები სომხების მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

მოსკოვი კი თავის მხრივ ადანაშაულებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დასავლური ძალების შუამავლობით ჩატარებულ მოლაპარაკებებზე მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების გამო.

გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ოთხშაბათს გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანა ყარაბაღიდან გახდა ფაშინიანის გადაწყვეტილების „ლოგიკური შედეგი".

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ რუსი სამხედროები ყარაბაღს ტოვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას, სამხრეთ კავკასიაში რუსული შეიარაღებული ძალები მაინც რჩებიან, როგორც სომხეთში, ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

დასრულდა თუ არა საბოლოოდ დაპირისპირება

ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევად მიაჩნია. მისივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე კიდევ მრავალი წინააღმდეგობაა გადასალახი.

„ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება საბოლოოდ დასრულდა, რადგან ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები იდგმევა, გზადაგზა გარკვეული წინააღმდეგობები ჩნდება და შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება, განსაკუთრებით სომხეთის მხრიდან, იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილი სოფლების გადაცემის წინააღმდეგია.

„მთლიანობაში ეს პოზიტიურ მოვლენად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან თუ მათ შორის სამშვიდობა შეთანხმება შედგა, ეს რეგიონალურ მშვიდობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. რასაკვირველია, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება გაჩნდეს შანსი, რომ სამხრეთ კავკასია შედგეს, როგორც ერთიანი პოლიტიკური რეგიონი, რაც დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა იყო სწორედ ამ დაპირისპირების გამო.

„საზოგადოების ნაწილი ფაშინიანის პოლიტიკას არ აღიარებს და მიაჩნიათ, რომ ეს აზერბაიჯანთან დათმობის პოლიტიკაა. მაგრამ მეორე ნაწილიციაა, რომელიც ხედავს, რომ სხვა გამოსავალი არ არის. საზოგადოებაში ერთიანი აზრი არ არის. ფაშინიანის რეიტინგი ჯერჯერობით არ მცირდება. მისთვის კარგი ის არის, რომ ოპოზიციის ლიდერებს საზოგადოებაში უნდობლობა აქვთ და ეს კიდევ უფრო ეხმარება საკუთარი პოლიტიკის გატარებაში", - განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე აზრით, მხარეებს შორის კვლავ რჩება სადავო თემები, მაგალითად სომხეთის მიერ აზერბაიჯანისა და ნახჭევანის დამაკავშირებელი სახმელეთო კორიდორის გახსნა. თუმცა, როგორ კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, თუკი მხარეებმა საბოლოოდ მოიპოვეს ერთმანეთის ნდობა, შეიძლება ეს საკითხიც გადაწყდეს.

„მთავარია ამ პროცესმა კარგად ჩაიაროს. ახალ შეთანხმებები და შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიპოვებენ ერთმანეთის ნდობას. უახლოეს მომავალში ეს ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა შორ პერსპექტივაში არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს ნახჭევანთან დამაკავშირებელი გზა გაუხსნას", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე