თამთა ჩაჩანიძე
(21.04.2024)

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61-მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა. ახლა კანონი სენატმაც უნდა მიიღოს, რის შემდეგაც მას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოწერს ხელს. ამას გარდა, კონგრესმა ასევე დაამტკიცა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და მისი უკრაინისათვის გადაცემა, რაც მოსკოვში განსაკუთრებულ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას იწვევს.

ყოველივე ამას წინ უძღვოდა მრავალთვიანი მოლაპარაკებები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, ასევე უკრაინელი და ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტები ვაშინგტონში. დასავლელი ლიდერები და ანალიტიკოსები 20 აპრილის ამ გადაწყვეტილებებს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის. უკრაინის ხელუსფლება კი მიიჩნევს, რომ ეს „პუტინისთვის ცუდი დღეა".

ამასთან ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, უახლოეს კვირებში, დიდი ალბათობით, უკრაინაში გაააქტიურებენ შეტევით ოპერაციებს, რათა ისარგებლონ პერიოდით, სანამ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარება ფიზიკირად ჩავა.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს სამშაბათს, 23 აპრილს უყრიან. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა კი განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი დოკუმენტს ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს, ხოლო დახმარება უკრაინას დამტკიცებისთანავე გადაეცემა.

უკრაინის დახარებას მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა და 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინისთვის გამოყოფილი 61 მილიარდ დოლარიანი დახმარება უფრო ფართო პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ისრაელისა და ტაივანისთვის. მთლიანობაში პაკეტი მოიცავს 95,3 მილიარდ დოლარს, რაც შეესაბამება იმ თანხას, რომელიც აშშ-ის სენატმა თებერვალში დაამტკიცა.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის იერიშებს ამ დრომდე იგერიებს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 91 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთი ძირითადი ძალების კონცენტრაციას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, ნოვო პავლოვსკისა და ორეხოვსკის მიმართულებით ახდენს. ამასთან, რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებსაც არ წყვეტს. დაიბომბა ოდესა და ხარკოვი. არის მსხვერპლი, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ნადგურდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

რუსული აქტივების კონფისკაცია

უკრაინის სასარგებლოდ წარმომადგენელთა პალატამ ასევე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 360-მა კონგრესმენმა 58-ის წინააღმდეგ. კანონპროექტი ასევე მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას.

ამის შედეგად, აშშ-ის პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება, გამოიყენოს რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციის პროცედურა შესაბამისი სახსრების შემდგომი გადაცემით სპეციალურ ფონდებში - „კომპენსაციის ფონდი" და „უკრაინის მხარდაჭერის ფონდი". ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის გადაცემის ალგორითმის შეთანხმება შეუძლია „დიდი შვიდეულის" ქვეყნებთან.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ მისი მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც მოხსენიებული იქნება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგაც შემოღებულია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები; და ყველა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აშშ-ის სასანქციო კანონებისა და განკარგულებების კრიტერიუმებს შეესაბამება.

აშშ-ის პრეზიდენტ უფლება ეძლევა სანქციები შემოიღოს ყველა ფიზიკური ან იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ ანგარიშში იქნება მოხსენიებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის რუსული აქტივებია გაყინული, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გაცილებით მეტი - 280 მილიარდი დოლარი. შესაბამისად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ევროპელი პარტნიორები მათ ტერიტორიაზე მოხვედრილი რუსული აქტივების კონფისკაციაზე დაითანხმოს.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი" წერს, ევროკავშირში უკმაყოფილი არიან იმით, რომ აშშ მათ „სარისკო მოქმედებებისკენ" უბიძგებს, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთის საპასუხო მოქმედებების მთელი სიმძმე ევროკავშირს დააწვება და არა აშშ-ს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულზე საბოლოო გადაწყვეტილება „დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა ივნისში უნდა მიიღონ, რომელიც იტალიაში გაიმართება.

„ვაშინგტონ პოსტის" თანახმად, „ევროპელი ოფიციალური პირები რუსული აქტივების კონფისკაციაზე უარს იმის შიშით ამბობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ინვესტორების ნდობის დაკარგვა და საპასუხო ზომები მოსკოვის მხრიდან".

ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას იურიდიული რისკები ახლავს თან. მისი აზრით, აქტივების გაყინვიდან მათ კონფისკაციაზე და შემდგომ განკარგვაზე გადასვლა შეიძლება მიზეზი გახდეს „იმ საერთაშორისო წესრიგის რღვევისა, რომლის დაცვაც თქვენ გსურთ და რომელსაც გსურთ, რომ რუსეთი პატივს სცემდეს".

რას მოიცავს უკრაინის დახმარების პაკეტი

უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების პაკეტის მოცულობა 60.84 მილიარდი დოლარია. აქედან:

- 23.2 მილიარდი დოლარი მოხმარდება აშშ-ის სამხედრო მარაგების შევსებას, რომელიც უკრაინას უნდა გადაეცეს.

- 23.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის (პირდაპირი სახით).

- 11.3 მილიარდი დოლარი დაიხარჯება აშშ-ის ჯარებისთვის იმ რეგიონში, სადაც წვრთნას გადიან უკრაინის ჯარები.

- 13.8 მილიარდი მოხმარდება სხვადასხვა ტიპის შეიარაღების, სამხედრო აღჭურვილობისა და თავდაცვის სერვისების შეძენას.

- 26 მილიონი კი მოხმარდება აღნიშნული პაკეტის მონიტორინგს.

„ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, კანონის საბოლოოდ ძალაში შესვლიდან უკრაინა პირველ სამხედრო დახმარებას რამდენიმე დღეში მიიღებს. უფრო კონკრეტულად, კი მყისიერად დაიწყება გერმანიაში დასაწყობებული ამერიკული იერაღის ტრანსპორტირება უკრაინაში. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდენმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან კარგად განვითარებული ლოჯისტიკური ქსელი გვაქვს, რომელიც სამხედრო ტვირთების ძალიან სწრაფად ტრანსპორტირების საშუალებას გვაძლევს, რაც ადრეც გაგვიკეთებია", - განაცხადა გენერალმა რაიდენმა.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი სამხედრო დახმარების მოლოდინის პარალელურად, რუსეთის მხრიდან სავარაუდოდ, გააქტიურდება როგორც შეტევითი ოპერაციები, ისე სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები.

„უკრაინულმა ძალებმა შეიძლება განიცადონ დამატებითი წარუმატებლობები უახლოეს კვირებში აშშ-ს დახმარების მიწოდებამდე, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, შეძლებენ რუსეთის ამჟამინდელი შეტევის შეკავებას, თუ შეერთებული შტატების განახლებული დახმარების მიწოდება სწრაფად მოხდება", - ნათქვამია ინსტიტუტის ანალიტიკოსების ბოლო მიმოხილვაში.

მათივე პროგნოზით, აშშ-დან უკრაინის ახალი დახმარება უშუალოდ ფრონტზე არა მყისიერად, არამედ რამდენიმე კვირაში აისახება.

პოლიტიკური შეფასებები

გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მყისიერად გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ორივე პარტიას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს „გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიას სწორ მსვლელობას უნარჩუნებს". იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში - სენატში, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა.

„დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება მნიშვნელობა მსოფლიოში და არასდროს განიცდის მარცხს, სანამ ამერიკა მათ დაცვაში დახმარებას გაწევს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი აშშ-ის დახმარების შესახებ, რომელიც დღეს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, დაგვეხმარება აღვკვეთოთ ომის გაფართოება. ეს გადაარჩენს ათასობით და ათასობით სიცოცხლეს და ორივე ჩვენს ერს უფრო ძლიერს გახდის", - წერს ზელენსკი.

რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ აშშ ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებით, უკრაინას აიძულებს „უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს".

„შეერთებული შტატები თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ ასამარებს მის ეკონომიკას და ართმევს მომავალს... მაგრამ ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე. კიევის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდება", - აღნიშნა ვოლოდინმა.

რუსული სააგენტი „ტასს" კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის სიტყვებს ციტირებს, რომ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცება „კიდევ უფრო გაამდიდრებს აშშ-ს და კიდევ უფრო დააქცევს უკრაინას, გაზრდის კიევის რეჟიმის გამო დაღუპულ უკრაინელთა რაოდენობას". პესკოვის თქმით, ამერიკას მოუწევს, ამისთვის პასუხი აგოს.

„თუკი ლაპარაკი მართლაც არის ჩვენი აქტივების კონფისკაციაზე, ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯს. ეს ბევრ ინვესტორს, (რომელიც კაპიტალს აბანდებს) ამ ქვეყანაში, აიძულებს გადაარჩინოს საკუთარი სახსრები, ვინაიდან დაირღვევა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, მით უმეტეს სახელმწიფო საკუთრებისა", - თქვა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინ წაწევას.

„მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნონ ეს პაკეტი ჩემს მაგიდაზე, რათა შემეძლოს ხელი მოვაწერო მას და კანონად ვაქციო და სწრაფად შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა, რათა გადაუდებელი საბრძოლო საჭიროებები დაიკმაყოფილონ", - განაცხადა ბაიდენმა.

პაკეტის დამტკიცებას მიესალმა ნატო-ს გენმდიოვანი იენს სტოლტენბერგი. ამასთან, აღნიშნა, რომ 19 აპრილს ნატო-უკრაინის საბჭოზე ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდებოდნენ უკრაინისთვის შემდგომ სამხედრო დახმარებაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში.

„მივესალმები ამ კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებას. ეს აჩვენებს უკრაინის ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც გრძელდება. დახმარების ეს მნიშვნელოვანი გაზრდა დაემატება ათობით მილიარდის დახმარებას, რომელსაც უკრაინას ევროპელი მოკავშირეები აწვდიან...

„მოვუწოდებ სენატს სწრაფად იმოქმედოს და გაუგზავნოს ეს კანონპროექტი (ხელმოსაწერად) პრეზიდენტ ბაიდენს," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის.

„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრას, რომელმაც დაამტკიცა გადამწყვეტი 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის: ისინი, ვისაც თავისუფლების და გაერო-ს წესდების სჯერათ, გააგრძელებენ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას", - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერის" პირად გვერდზე წერს, რომ პუტინისთვის ცუდი დღეა.

„ცუდი დღე პუტინისთვის. ცუდი დღე ნებისმიერისთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმის დაცვას, რისიც მას სჯერა. მადლობელი ვართ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე პარტიის წევრების უკრაინის დახმარების დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტის მიღებისთვის. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად აქცია, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა. ველით, რომ კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული სენატში, ხელი მოეწერება პრეზიდენტი მიერ და ამას ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრები იგრძნობენ", - წერს კულება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე