ნატალია ჯვარიძე
(22.04.2024)

გამოეცამა „Fakt"-თან ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის ქვეყნის ტერიტოირაზე ბირთვული იარაღის განთავსებას დასთანმხდეს, თუ კი ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს შეიარაღებას ბელარუსსა და კალინინგრადში. მისივე თქმით, დისკუსია პოლონეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

„თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსონ, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისათვის. ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრე. უნდა ვაღიარო, რომ როცა მკითხეს, მზადყოფნა გამოვთქვი. რუსეთი სულ უფრო მეტად ახორციელებს კალინინგრადის მილიტარიზაციას. ბოლო დროს მან თავისი ბირთვული იარაღი ბელარუსში გადაიტანა" - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანჯეი დუდა პოლონურ მედიას ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა, სადაც გაეროში შეხვედრები გაიმართა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინის ომის საკითხები განიხილა. დუდა მარტში ვაშინგტონს ეწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.

ჯიპას ასოცირებულ პროფესორ თენგიზ ფხალაძეს მიაჩნია, რომ პოლონეთი ამ საკითხით დიდად დაინტერესებული არ არის, თუმცა, პუტინის ქმედებებიდან გამომდინარე ამის გაკეთება უწევს.

როგორც იგი აღნიშნავს, რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსში განათავსა, რომელიც პირდაპირ პოლონეთის საზღვარზეა და იგი მთელი მსოფლიოს მიმართ მუქარებს აგრძელებს, სწორედ, ამიტომ პოლონეთის პრეზიდენტი საჭიროდ თვლის, რომ ნატოს გადაწყვეტილებას უნდა დასთანხმდეს.

„ამ ესკალაციაში რუსეთის გარდა დაინტერესებული არავინ არ არის, მათ შორის არც პოლონეთი. პუტინი რასაც აკეთებს, ამას სჭირდება პასუხი და ამაზე მიდის მსჯელობა. საქმე ისაა, რომ რუსეთის მხრიდან სულ უფრო და უფრო იზრდება აგრესიული ქმედებები. მან ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსში განათავსა, რომელიც პირდაპირ პოლონეთის საზღვარზეა და მთელი მსოფლიოს მიმართ აგრძელებს მუქარებს. აქედან გამომდინარე, არის საუბარი იმ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება გადადგმული იქნას. ერთ-ერთი შესაძლოა ეს იყოს და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ნატოს გადაწყვეტილებას დასთანხმდეს.

„ამის შესაძლო ვადები ჯერ გადაწყვეტილი არ არის. იქამდე გადაწყვეტილებაა მისაღები. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ვითარება იქნება და სადამდე მივა რუსეთის ფედერაციის ქმედებები" - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე