ნატალია ჯვარიძე
(23.04.2024)

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნისაგან „რამდენიმე კვირა" აშორებს. მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებს არ აქვთ წვდომის ირანელი კოლეგების საქმიანობაზე. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში, სავარაუდოდ, სხვა სახელმწიფოებსაც გაუჩნდებათ ბირთვული ბირთვული იარაღის ფლობის ამბიცია და რეგიონში „ბირთვული რბოლა" დაიწყება.

აღნიშნული განცხადება გროსიმ გერმანულ „დოიჩე ველესთან" ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ირანის განცხადებები, რომ ბირთვული ტექნოლოგია ქვეყანას სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდება, დამატებით კითხვებს იწვევს. მაგალითად, რაში სჭირდება თეირანს ამ მოცულობის გამდიდრებული ურანი და რატომ ხდება მისი ამ სისწრაფით წარმოება.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ირანი ეფექტურად აწარმოებდეს ბირთვულ იარაღს, გროსიმ უპასუხა, რომ მას არ შეუძლია ამ ინფორმაციაზე მსჯელობა ინფორმაციის სიმწირის გამო.

ირანში უარყოფენ, რომ თავის ბირთვულ პროგრამას სამშვიდობო მიზნების გარდა სხვა რამისთვის გამოიყენებენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღს ადგილი არ აქვს ირანის ბირთვულ დოქტრინაში.

„ირანს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. ბირთვულ იარაღს ადგილი არ აქვს ჩვენს ბირთვულ დოქტრინაში", - აცხადებს ქანაანი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ისრაელთან დაძაბულობის ზრდის შემდეგ, ირანის რევოლუციიის მცველ გუშაგთა კორპუსის მეთაურმა, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვულ უსაფრთხოებაზე, აჰმად ჰაგტალაბმა გასულ კვირას თქვა, რომ ისრაელის მხრიდან მომდინარე საფრთხეებმა შეიძლება აიძულოს თეირანი გადახედოს თავის ბირთვულ დოქტრინას და გადაუხვიოს წინა მოსაზრებებს.

ირანის ბირთვული დაცვისა და უსაფრთხოების კორპუსის ხელმძღვანელმა აჰმად ჰაგტალაბიმ 2024 წლის 18 აპრილს, სატელევიზიო ინტერიუს დროს განაცხადა, რომ ირანი თავის ბირთვულ დოქტრინას გადახედავს, თუ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყამს.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაის აზრით, გროსის განცხადება საკმაოდ სერიოზულია და თუკი ირანს მართლაც ექნება ბირთვული იარაღი, შესაძლოა თურქეთსა და საუდის არაბეთსაც გაუჩნდეს ბირთვული იარაღის ფლობის ამბიცია. მისივე თქმით, ისარელს არ აქვს იმის რესურსი, რომ ირანს ბირთვული ობიექტები გაუნადგუროს, ხოლო აშშ კი ამაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას არ მიიღებს.

„რასაკვირველია, გროსის ეს განცხადება საკმაოდ სერიოზულია და როგორც ჩანს, ირანი უკვე მიახლოვებულია ამ ფაზას. რა თქმა უნდა, ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის ფლობა ფაქტობრივად იქნება ის, რომ დაიწყება ბირთვული სტრატეგიული რბოლა ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურ რეგიონში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გეოსტრატეგიული საფრთხეების კიდევ უფრო მეტი ზრდა, რადგან ბირთვული იარაღის ფლობის ამბიცია შეიძლება გაუჩნდეს როგორც თურქეთს, ასევე საუდის არაბეთს. ამის სურვილი მათ დიდი ხანია აქვთ.

„ვიცით, რომ ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს და ისრაელის სახელმწიფოს აქვს ბირთვული იარაღი. ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. მითუმეტეს, რომ მათ უკვე გაცვალეს ერთმანეთზე სარაკეტო დარტყმები და ისრაელმა პირველად საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. გარდა ამისა, ბირთვული იარაღის ტაქტიკურ ზონებზე გადატანა შესაძლოა ოპერატიულ-სტრატეგიული დრონების მეშვეობითაც მოხდეს. მე ვიტყოდი, რომ სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა.

„მოსაზრებას, რომ შესაძლოა ახლო მომავალში ისარელმა და აშშ-მ საჰაერო დარტყმები მიაყენონ ირანის ბირთვულ ობიექტებს, რათა ამაში ხელი შეუშალონ, მე არ ვეთანხმები. არ მგონია აშშ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავს მოქმედებაში ჩაერთოს, მათ ასეთი რაღაცები არ ახასიათებთ. ისრაელმა ირანზე უკვე განახორციელა სერიოზული დარტყმები. საეჭვოა ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე ახალი იერიში მიიტანოს და ბირთვული ობიექტები გაუნადგუროს, რადგან ეს მათი სამხედრო პოტენციალის შესაძლებლობებს სცილდება. ამაში თუ ამერიკელები იქნებიან ჩართული, მაშინ შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში ეს შეუძლებელი მისია იქნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე