ელზა პაპოშვილი
25.03.2024

უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებს რუსეთი უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურად ახორციელებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დედაქალაქზე და სხვა დიდ ქალაზებზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით შეტევებს აგრძელებენ. კიევსა და უკრაინის რამდენიმე სხვა ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დედაქალაქში აფეთქებებია, სასწრაფოდ გადადით თავშესაფრებში!“ - მიმართა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქის მოსახლეობას. საჰაერო ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ კიევის მიმართულებით რაკეტა დაფიქსირდა და საჰაერო თავდაცვა მუშაობს.გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე ორი აფეთქების ხმა გაისმა.  

თუმცა, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ კიევისკენ გაშვებული ორივე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურ გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, რუსულმა ძალებმა რაკეტები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ისროლეს. „მტერმა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტია კიევს. სამიზნეები განადგურებულია“, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.   

რუსულმა ძალებმა ასევე  უკრაინის ოდესის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, რის შედეგადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

მსხვერპლის და სხვა დაზიანებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. „მტერმა კიდევ ერთხელ შეუტია ოდესის ოლქს დრონებით. დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ოდესის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, - აღნიშნა კიპერმა. მისი ინფორმაციით, დაზიანების ამოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.  

რუსულმა ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ათასზე მეტი საშუალება გამოიყენეს - რაკეტები, ე.წ. „კამიკაძე“ - დრონები და ავიაბომბები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„კვირის განმავლობაში, რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის თითქმის 190 რაკეტა, 140-მდე „შაჰიდი“ და 700-მდე სხვა მართვადი ბომბი. ამ ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც ერთი კვირა არ ყოფილა, რომ რუსეთს ტერორიზმისგან თავი შეეკავებინოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა პილოტებს, საზენიტო მსროლელებს, მობილურ საცეცხლე ბრიგადას და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემის ოპერატორებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმებს ეწინააღმდეგებიან.

"რა თქმა უნდა, ჩვენი საჰაერო ფარი საჭიროებს მნიშვნელოვან გაძლიერებას - ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მაგრამ ახლა მაინც რაკეტების ნაწილი და შაჰიდების უმეტესობა ჩამოგდებულია ჩვენი ჯარისკაცების მიერ", - აღნიშნა ზელენსკიმ.    

უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებისთვის ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “რუსეთი აგრძელებს თავის სასტიკ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ღამის განმავლობაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დრონებითა და სარაკეტო დაბომბვებით, ათობით ადამიანის მკვლელობითა და დაჭრით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებით. ეს უნდა შეჩერდეს! ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა”, - წერს ბორელი.   

უკრაინაში საფრანგეთის ელჩი, გაელ ვეისიერი აცხადებს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეით, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩმა გაიხსენა, რომ საფრანგეთის პოზიციის მიხედვით, არ არსებობს წითელი ხაზები და არ არის საჭირო არაფრისგან თავის შეკავება.

"შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის გამორიცხული. ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ვაძლიერებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. ჩვენ თავს არ შევიკავებთ რაიმე საზღვრებით", - განაცხადა გაელ ვეისიერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აპირებს რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას, მაგრამ მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად.

"მაგრამ ჩვენ უკვე მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. ეს არ არის ის, რაც შეთანხმებულია ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია. ეს იდეები განიხილება“, - განმარტა დიპლომატმა.   

საქართველოს შეიარაღებული  ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ -  მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე მოსახლეობის შანტაჟს ემსახურება. გენშტაბის ყოფილი უფროსის განცხადებით, რუსეთი ომამდეც ტერორისტული სახელმწიფო იყო, ის საზღვრებს გარეთ მოსახლეობას აწამებდა.  

„რუსეთის მიერ კიევზე დარტყმის მიზანია, გამოიწვიოს მოსახლეობაში მძიმე მდგომარეობა, ე.წ ომით გადაღლის სინდრომი, მათი ბრძოლის უნარიანობის დაქვეითება. ის ცდილობს აიძულოს უკრაინის მოსახლეობა მოახდინოს ზემოქმედება მთავრობაზე, რათა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. 

„რუსეთს უკრაინაში წარმატების მიღწევა გაუჭირდება. მსგავსი დარტყმები გაგრძელდება. რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე გამწარებული პასუხია. ვერ გავიხსენებ რუსეთის მიერ წარმოებულ საომარ მოქმედებებს, სადაც სისასტიკე არ იყო. რუსეთს სასოწარკვეთა უკვე ემჩნევა. იმედს ვიტოვებ, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. უკრაინა შეტევაშია და თავადაც კარგავს საბრძოლო ტექნიკას, ეს შესავსებია.

„რუსეთი ომამდეც ტერორისტული სახელმწიფო იყო, რომელიც საზღვრებს გარეთ კლავდა და აწამებდა მოქალაქეებს. ეს იქნება ხანგრძლივი ომი, უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი აქვს საბრძოლო“, - აცხადებს გენშტაბის ყოფილი უფროსი.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×