მარიამ ვეკუა
02.09.2026

გერმანიაში მომხდარი ინციდენტისა და რუსული ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, ევროკავშირი მოსკოვზე ზეწოლას ამკაცრებს. ირლანდიაში შეკრებილი დიპლომატები ახალ სანქციებს, უკრაინის ცის ჩაკეტვასა და რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას განიხილავენ.

ლაიფციგში განხორციელებული თავდასხმის მცდელობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანს ატარებს - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა.

მან დასძინა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ესკალაციის ფონზე, ევროპამ უნდა დააკოორდინოს შემდგომი ნაბიჯები და განსაზღვროს, თუ რა დამატებითი ზომების მიღებაა შესაძლებელი.

გერმანიის მთავრობის სამშაბათის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გასულ თვეს დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

ირლანდიაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მუშაობა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600 სანქცირებულ სუბიექტზეაქტიურად მიმდინარეობს და „შესაძლოა, ამ სიას კიდევ ახალი ობიექტები დაემატოს".

შეხვედრაზე მიმავალმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ალიანსმა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების დამატებითი გზები უნდა მოიძიოს.

„მიმაჩნია, რომ ახლა რეალურად უნდა განვიხილოთ მაგიდაზე არსებული ყველა ოფცია სანქციების გამკაცრების კუთხით", - განუცხადა ჟურნალისტებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ევროპელებმა არსებული შესაძლებლობები უნდა შეაფასონ და შესაბამისი პასუხი გაეცეს.

„ოფიციალური მოსკოვი ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის პოლიტიკურ ფასს ვერ აცნობიერებს, რის გამოც ეს მათთვის საზოგადოებაში დაძაბულობის შესაქმნელად იაფიანი ინსტრუმენტია", -აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ: მსგავსი ქმედებები ვერც შეგვაშინებს და ვერც უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას შეაფერხებს".

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვატეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უახლოეს კვირებში რუსი ფიზიკური პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმუშავებს.

„რუსეთზე ზეწოლა ძლიერდება, უკრაინის მხარდაჭერა კი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. სწორედ ამ ერთიანობას ვაჩვენებთ ამ ეტაპზე", -აღნიშნა მან.

„ჩაკეტეთ უკრაინის ცა"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინელები ყოველდღიურ თავდასხმებს განიცდიან და კიევი აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ ქვეყნებთან, რომლებსაც მარაგში გადამჭრელი რაკეტები გააჩნიათ.

„ვიმედოვნებ, მივიღებთ დამატებით მტკიცე გადაწყვეტილებებს უკრაინის ცის დასახურად", -განაცხადა მან.

ლაიფციგის ინციდენტის შემდეგ, ევროპელმა მინისტრებმა ყურადღება რუსეთის ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილეს.

„გაგვიმართლა, რომ არაფერი მოხდა, თუმცა ვხედავთ, რა მოხდა რუმინეთში და რა ხდება სხვა მრავალ ქვეყანაში", - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა შეხვედრაზე მისვლისას.

„ვხედავთ, რომ რუსული მხრიდან დეესკალაციის არანაირი ნება არ არსებობს. ის ჩემი მეზობელი ქვეყანაა, შესაბამისად, საფრთხე სულ უფრო ახლოვდება", -დასძინა მან.

რუმინეთმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკუთარი საჰაერო სივრცის რუსული დრონებით მრავალჯერადი დარღვევისა და შავ ზღვაში, საკვანძო სავაჭრო და ენერგეტიკულ მარშრუტებზე, მოტივტივე ნაღმების შესახებ განაცხადა. გასულ კვირას ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ესპანეთმა და შვედეთმა მოუწოდეს ევროკავშირ მოუწოდეს, განახლდეს დისკუსია რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე -იდეა, რომელიც ოთხშაბათს ზოგიერთმა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა.

თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, დაუბრუნდება თუ არა ევროპა კვლავ სერიოზულად გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს. 2022 წლის თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 210 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაყინეს. ამ თანხიდან დაახლოებით 185 მილიარდი ევრო ბრიუსელში ბაზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარ "ეუროქლიარში" ინახება. გასულ წელს ევროკომისიამ უკრაინისთვის სესხის გასაცემად რუსული თანხების გამოყენების ინიციატივა წამოაყენა, თუმცა ბელგიამ გეგმა უარყო იმ საბაბით, რომ ის საკმარის გარანტიებს , რომ ქვეყანას არ მოუწევდა მოსალოდნელ სასამართლო დავებსა და რუსეთის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებთან მარტო გამკლავება, არ იძლეოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×