
რუსეთი სომხეთიდან, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე გავა, თუ ერევანი სამხედრო ბაზას არასაჭიროდ ჩათვლის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს", - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ ფაქტობრივად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის გამოცხადების ტოლფასია, რადგან ორივე ორგანიზაციის წევრობა შეუძლებელია.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არჩევანი სომეხმა ხალხმა უნდა გააკეთოს.
„სომხეთის ხელისუფლებამ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცეს. ყველაზე მარტივი ის არის, რომ ხალხს მიმართო და ჰკითხო: „რა გსურთ?" და სულ ესაა", - აღნიშნა პუტინმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართულმა შეხვედრამ და რუსი ლიდერის შემდგომმა განცხადებებმა ექსპერტებსა და ანალიტიკოსებში ფართო განხილვა გამოიწვია.
ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის განცხადება გიუმრის ბაზის გაყვანისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ წარმოადგენს მკაფიო გზავნილს და მწვავე დილემის წინაშე აყენებს ერევანს.
რუსეთი ღიად აფიქსირებს, რომ სომხეთის ევროპული მისწრაფებები შეუთავსებელია რუსეთის მიერ კონტროლირებად ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებთან. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არის პუტინის მხრიდან „წითელი ხაზების" გავლება - ერევანს არჩევანი ევროკავშირსა და რუსულ ბლოკს შორის მკაცრად და პირდაპირ დაუსვეს.
რეფერენდუმისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორი
პუტინის მოთხოვნა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ მკაფიოდ ჰკითხოს ხალხს და რეფერენდუმით ან სხვა გზით გადაწყვიტოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი, ანალიტიკოსების აზრით, ორმაგი ხასიათისაა. ერთის მხრივ, მოსკოვი ცდილობს აიძულოს სომხეთის მთავრობა, ითამაშოს ღია წესებით და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსალოდნელ ეკონომიკურ რისკებზე.
მეორეს მხრივ, ანალიტიკური წრეები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ცდილობს სომხეთის საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია გამოიყენოს და ხელისუფლების წინააღმდეგ შიდაპოლიტიკური ზეწოლა გააძლიეროს. უსაფრთხოების ალტერნატივის ძიებარაც შეეხება გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის „ხვალვე გაყვანის" პირობას, ექსპერტები მას პოლიტიკურ ბლეფად ან ირონიულ მანიპულაციად აფასებენ.