
დენის კულანინის საქმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. უფლებადამცველები და ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Amnesty International, საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდებენ, არ დაუშვას აქტივისტის რუსეთში დეპორტაცია, სადაც მას პოლიტიკური დევნა და წამება ემუქრება.
საზოგადოება და ადვოკატები მისი მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში თავისუფლად გაშვებას ითხოვენ.
„დენის კულანინი საჯაროდ დაუპირისპირდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და მხარდაჭერა გამოუცხადა ალექსეი ნავალნის - ორივე ქმედება რუსეთში დანაშაულად ითვლება და პატიმრობით ისჯება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს მისი დეპორტირება რუსეთში, სადაც ომის საწინააღმდეგო დისიდენტობის მკაცრი რეპრესიების ამჟამინდელ პირობებში, ის შეიძლება თვითნებური დევნისა და პატიმრობის, წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციის მტკიცებით, საქართველო ვალდებულია არგაძევების პრინციპი დაიცვას.
„საქართველო ვალდებულია დაიცვას არგაძევების პრინციპი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი პირის ისეთ ქვეყანაში გადაყვანას, სადაც მას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე ემუქრება.
საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დენის კულანინს შეეძლოს ეფექტურად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის ნებაყოფლობით გაემგზავროს უსაფრთხო მესამე ქვეყანაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.
დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში პატიმრობაში იმყოფება. შსს-ში განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევების საკითხი - არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მოქალაქეობის ადგილი თუ მესამე ქვეყანა სასამართლოს გარეშე არ წყდება. შესაბამისად, ისინი გაძევების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ და მან უნდა გადაწყვიტოს, სად წავა დენის კულანინი.
შეწყალებულმა დენის კულანინმა საემიგრაციო ციხიდან წერილი გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით, 2025 წელს ხელი მისთვის უცნობ დოკუმენტს მოაწერა, რომელიც შეწყალების აქტი აღმოჩნდა.
„როდესაც გავიაზრე, რომ ეს შეიწყალება იყო - უარი დავწერე, მაგრამ, როგორც ჩანს, ის დააიგნორეს. მწყინს, რომ მე თავისუფლებაზე ვარ, ხოლო მშვენიერი ხალხი ციხეში ზის! ყოველ შემთხვევაში, ახლა რუსეთში ჩემს გაძევებას ცდილობენ, რაც არ უნდა მოხდეს... მესმის, როგორ ყვირის ხალხი ჩემს სახელს ციხესთან! მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდით თქვენ - ქართული ოჯახი, რომელიც ჩემთანაა! გმადლობთ!", - წერია წერილში.
შსს-ში არ აზუსტებენ, როდის მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით განიხილონ შეწყალებული პირის ქვეყნიდან გაძევების საკითხის. კულანინის ადვოკატი და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტს მესამე ქვეყანაში წასასვლელად მზა ბილეთი და საშუალება ჰქონდა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მისი ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდა.
მათი თქმით, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას პოლიტიკური მოტივით დევნა, წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ემუქრება.
„ჩვენი პოზიცია იყო, რომ პირადი თავდებობით გაეთავისუფლებინათ, ვინაიდან ჩვენ პირველი სექტემბრის, ანუ დღეის მდგომარეობით, 12:40 წუთზე აღებული გვქონდა ბილეთი, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში, რათა ის ნებაყოფლობით წასულიყო მესამე ქვეყანაში. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა და დატოვა პატიმრობაში", - ამბობს ადვოკატი, ციალა რატიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან აქტივისტებმა და მოქალაქეებმა 1 სექტემბერს საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი კულანინის რუსეთში შესაძლო გაძევების დაუყოვნებლივ შეჩერებას და მისი უსაფრთხო მესამე ქვეყანაში გაშვების უზრუნველყოფას ითხოვენ.