
ნეპალში მომხდარი კატასტროფა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება. კითხვაზე, არსებობს თუ არა მსგავსი საფრთხე საქართველოში, „საქართველოს მწვანეები -დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში პირველადი შეტყობინების/ განგაშის სისტემების დამონტაჟება უკვე მიმდინარეობს.
ნინო ჩხობაძე: იმედია, რომ არ იქნება, თუმცა ასეთი მოვლენები შესაძლებელია მოხდეს ყველა მთის ეკოსისტემაში. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, დღეს საქართველოში უკვე მიმდინარეობს პირველადი შეტყობინების/განგაშის სისტემების დამონტაჟება. ვიმედოვნებ, რომ მოვასწრებთ... ეს ყველაფერი ხდება კლიმატის ცვლილებისა და ინტენსიური წვიმების შედეგად, ძალიან ბევრ შემთხვევაში. ეს არის ის მიზეზები, რამაც განავითარა კატასტროფა ნეპალშიც.
- „შვეიცარიელები არიან ჩამოსულები ქართველ სპეციალისტებთან ერთად და ამონტაჟებენ ამ სიგნალის სისტემებს"
ახლა დაიწყეს, რამდენადაც ვიცი, ადრეული შეტყობინების სიგნალების მონტაჟი - როგორც მუშაობს დევდორაკზე, ისეთს აკეთებენ განსაკუთრებით დასახლებულ პუნქტებთან ახლოს."
შვეიცარიელები არიან ჩამოსულები ქართველ სპეციალისტებთან ერთად და ამონტაჟებენ ამ სიგნალის სისტემებს. ჯერჯერობით ცოტაა, მაგრამ ეს გარკვეულ ფინანსურ შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული.
„რეზონანსი": სად მონტაჟდება ეს დანადგარები, მთელი საქართველოს მასშტაბით თუ რისკის შემცველ ზონებში?
ნ.ჩ: ეს სისტემები ინერგება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთიან ნაწილში - ცენტრალურ და მცირე კავკასიონზე, სადაც საფრთხეები გვაქვს.
„რ": გასაგებია, რომ ნაწილში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, კიდევ რა უნდა გაკეთდეს, რომ სტიქიის მასშტაბები თავიდან ავირიდოთ?
ნ.ჩ: საქართველოში არანაკლები მასშტაბი იყო ის, რაც მოხდა შოვში. ჩვენთან ამხელა რაოდენობის ხალხი არ იყო ქვემოთ, თორემ ისიც აგრეთვე ძალიან სწრაფად განვითარდა, ისევე როგორც ნეპალში.
კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩვენ მუდმივი მონიტორინგი უნდა ვაწარმოოთ, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს შესწავლა და ადგილებზე გვყავდეს სპეციალისტები, რომლებიც ამას დააკვირდებიან. ნეპალში თვითონ არსებობს დაკვირვების სისტემა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყოველთვის ყველაფერი სწრაფად არ მუშაობს.
იქაც გარკვეული ბიძგები მოხდა - ჯერ ფერდის ჩამოშლა, მეწყერი წამოვიდა, ტბა შეიქმნა და მერე იმან გაარღვია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დაზღვეულები არ ვართ, მაგრამ ის ნაბიჯები, რაც ახლა იდგმება, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა დაინერგოს, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
გარდა ამისა, უნდა ხდებოდეს მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება. მოსახლეობა უნდა იყოს მზადყოფნაში და იცოდეს, როგორ იმოქმედოს ასეთი სიტუაციის დროს.