რეზონანსი
06.09.2026

თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის სიმონ ხეჩასშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო მანქანაში მყოფი სხვა პირები სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. სიმონ ხეჩასშვილი წარმოშობით ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სოფელი უდედან იყო და თუშეთში, ჰესზე იყო დასაქმებული. როგორც ცნობილი ხდება, ავარია სოფელ ქვემო ომალოში, ვიზიტორთა ცენტრსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე მოხდა.

“ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სიმონი მართავდა და რომელშიც სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა. სამწუხაროდ, სიმონ ხეჩასშვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან ლაგოდეხიდან დები მოდებაძეები, რომლებიც ამჟამად თელავის რეფერალურ კლინიკაში მკურნალობენ.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ.

"კვირის პალიტრა" ესაუბრა გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ნათესავს. ის მომხდარით შეძრულია და წარსულში მამიდაშვილზე საუბარი ძალიან უჭირს.

“სიმონი ძალიან კეთილი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. იმის გააზრება მიჭირს, რომ ის აღარ გვყავს ცოცხალი. ადიგენში ცხოვრობს მისი ოჯახი. დაოჯახებული იყო, დარჩა ერთი შვილი. აშენებდნენ ჰესს, თვითონ ბრიგადირი იყო, ჯგუფი ჰყავდა და როგორც ვიცი, უნდა გაეხსნათ ჰესი, ამისთვის ემზადებოდნენ. ამბობდა 15 რიცხვში ჰესი უნდა გავხსნაო და ეს უბედურება დატრიალდა. ორი კვირის წინ ვნახე, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს, ჩემთან იყო სტუმრად ჩამოსული, ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ნეტა იმ დროს, რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა”, - თქვა გარდაცვლილი ბიჭის ნათესავმა.

“ეს მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, ჩვეულებრივი ვაკე ადგილია, არ არის რთული გზა იქ, რამ გამოიწვია ავარია, ვერ გეტყვით. ალბათ გამოიძიებენ. მართალია გარდაცვლილს არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან განვიცდი მომხდარს. ვუსამძიმრებ ოჯახს” - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

გამოცემა ასევე დაუკავშირდა ელენე და ტასო მოდებაძეების მეგობარს მარიამ ქებაძეს. მისი თქმით, გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:

"მე მხოლოდ ის შემიძლიათ გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩემი ორი მეგობარი, ტასო და ელენე მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით წვანან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. კიდევ ორი დაშავებული ჩემი ინფორმაციით, რაიონულ საავადმყოფოში უნდა იყვნენ. როგორც ვიცი, იმ ორს შედარებით მსუბუქი დაზიანება აქვთ. გოგონებთან ერთად არ ვყოფილვარ, დეტალებზე სასაუბროდ არ შევხვედრილვარ, ამიტომ ვერ მოგაწვდით სწორ ინფორმაციას".

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×