
ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა „ქრონიკასთან" საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ.
მან ისაუბრა, თუ რა იქნება ფორუმის მთავარი საკითხები.
„წლევანდელი ფორუმის გზავნილი შეეხება საქართველოს გაძლიერებულ როლს შუა კორიდორის დაკავშირებადობაში, განსაკუთრებით, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით.
შავი ზღვა, როგორც დაკავშირებადობა, საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ფორუმის მთავარი საკითხები იქნება.
იმედი გვაქვს, ფორუმის სტუმრები და მათ შორის, სპიკერები, რომლებიც წლევანდელ ფორუმს წარმოადგენენ, იმ მაღალი დონის დისკუსიებს, რომელსაც გამართავენ ფორუმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულებენ", - აღნიშნა აბაშიძემ.
7-8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) უმასპინძლებს, რომელიც პრემიერის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა, საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე, 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატს გააერთიანებს.