
„ქართული ოცნება“ 13 წლის განმავლობაში გენიოსებად, ტიტანებად და მესიებად გვასაღებდა სხვადასხვა ადამიანს, ბოლოს კი ყველა ჩარეცხა - ყველა ძირითადი ჩინოსანი დაჭერილი ჰყავთ. მეორე ნაწილზე, რომელიც დაჭერილი არ ჰყავთ, უბრალოდ, ჯერ ივანიშვილს გული არ აუცრუებია, თორემ ყველაზე იქნება სავარაუდოდ, კორუფციული საქმეები, რადგან ყველა გასვრილია მძიმე კორუფციულ სქემებში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
ამასთან, ირაკლი კუპრაძემ ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ურთიერთდაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ მათ შორის არსებულ „კამათსა და ბრალდებებში ორივე მართალია.“
„ჩემი აზრით, კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის ამ კამათსა და ბრალდებებში ორივე მართალია. კობახიძე მართალია, როცა ღარიბაშვილს კორუფციაში დებს ბრალს და ღარიბაშვილი მართალია, რასაც „ქართულ ოცნებას“ აბრალებს. ახლა გაუჭირდათ, გზები გაიყო და ამიტომაც დააყენეს საჯარო ბრალდებების კორიანტელი, თორემ ჩემი აზრით, ერთმანეთთანაც მართლები არიან ურთიერთბრალდებებში - ამ ბრალდებებს კიდევ უფრო მეტი სახე მიეცემა, ჯერჯერობით კიდევ ინდობენ ერთმანეთს, რადგან შერიგების და მოლაპარაკებების იმედი აქვთ. ღარიბაშვილმა ბევრად მეტი უნდა თქვას იმ დანაშაულებზე, რაც ჩადენილი აქვს არამხოლოდ პარტიას, არამედ ერთად რაც ჩაიდინეს - მას საკუთარი თავის მხილებაც მოუწევს, მაგრამ ის ვალდებულია ეს თქვას, თუ უნდა, რომ გადარჩეს“, - განაცხადა კუპრაძემ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილს, რომელიც, მათ შორის, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეს შეეხებოდა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ „როცა მსგავს განცხადებას აკეთებს ყოფილი პრემიერი, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ისინი არაფრის გამოძიებას არ აპირებენ, მათ მხოლოდ პროპაგანდის წარმოება უნდათ, რომ თურმე არაფერი არ ხდება და არავინ არაფერი იცის“.
„ღარიბაშვილი რეალურად ბრალს დებს, რომ თვითმკვლელობის საქმეებთან კავშირში არიან კობახიძე და მდინარაძე, ან ინფორმირებულები არიან - წერილიდან ეს იკითხება, სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია. თუმცა ამ 13 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში გახშირდა საჯარო ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა, ციხის უფროსმა სუიციდთ დაამთავრა სიცოცხლე - თან ყველა ისეთი შემთხვევაა, როცა, საჯარო ინფორმაციების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ უწყებებში რაღაც ხდებოდა. ბევრი ამბავი ხდება და ამ დროს ამაზე პასუხები არ არსებობს.
რატომ არ გამოკითხეს კობახიძე და მდინარაძე? მთავარი ამბავი ის არის, რომ არსებობს ბრალმდებელი და ის, ვისაც ბრალი დასდო. ბრალმდებელი არის ღარიბაშვილი და ბრალი დასდეს და ეჭვი გამოთქვეს ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის მიმართ. ეს ამ წერილიდან იკითხება - ამ დროს გამოკითხეს ყველა, ჭიჭიკო და ბიჭიკო, მაგრამ არ გამოკითხეს ის პირები, რომელთაც ბრალი დასდო ამ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თავისივე გუნდის წევრმა. ამ დროს კი ბრალდადებული ორი პირი - კობახიძე და მდინარაძე არ გამოკითხეს, ეს არცერთ სტანდარტში არ ჯდება. მხოლოდ ერთი დასკვნაა - ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შემდეგ მათ პროპაგანდისტულ არხებზე ეს კომენტარები გამოეტანათ, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსი ბუნებრივად ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე - ამისთვის ჩაამწკრივეს ეს პოლიტიკოსები მაგისტრატ მოსამართლეებთან, რომ ეს ეთქვათ. როცა მსგავს განცხადებას აკეთებს ყოფილი პრემიერი, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ისინი არაფრის გამოძიებას არ აპირებენ, მათ მხოლოდ პროპაგანდის წარმოება უნდათ, რომ თურმე არაფერი არ ხდება და არავინ არაფერი იცის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.