
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ლიდერი აღარ არის და, რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი და მხოლოდ მათი პასუხისმგელობაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ევროპული მომავალი დღის წესრიგში შენარჩუნდეს.
„ხელისუფლების მიერ გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს და რეფორმებს თავი რომ დავანებოთ, ირაკლი კობახიძის განცხადება კარგად ვიცით, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, სულ მცირე, 2028 წლამდე. აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან საქართველო აღარ არის აქტუალური. ამის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დღის წესრიგში შენარჩუნდეს. ეს ყველას ამოცანაა, ხელისუფლების არაერთი დანაშაულის მიუხედავად“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.