
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროკავშირმა პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა ისაუბროს. მათი შეფასებით, ხელისუფლება საკუთარი პოზიციისა და დამოკიდებულების შეცვლას ვერ დაიწყებს იმის მიხედვით, მოეწონება თუ არა ის ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირი ქართულ ხელისუფლებას უნდა ესაუბრებოდეს და "თვალის ფერს, თმის ფერს და ცხვირის ფორმას ვერ შეიცვლიან".
სამხარაძის განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში ახალი წევრების მისაღებად მზადებასთან დაკავშირებით დისკუსიები აქტიურდება და „გაფართოების შემოდგომა ახლოვდება". კოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველო ნახსენები არ ყოფილა.
"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება - ინტენსიური ხდება დისკუსიები, თუ როგორ მოვემზადოთ ახალი წევრების მისაღებად," - აცხადებს მარტა კოსი.
ევროკავშირთან დიალოგის პერსპექტივა
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს "ოცნებას" აქვს ევროკავშირის მიმართ, არახალია, თუმცა, ჯერჯერობით არაა იმის პერსპექტივა, რომ ამ ევროპა ბოლოს და ბოლოს დაიღლება და იძულებული გახდება დიალოგზე დაუჯდეს ხელისუფლებას.
- ვახტანგ ძაბირაძე: "შეძლებს თუ არა „ოცნება" ასეთი პოლიტიკით დაამყაროს რაღაც ახალი ურთიერთობა ევროპასთან, ჯერჯერობით ამის საფუძველსაც ვერ ვხედავ და ალბათ არც არის. მომავალში. გააჩნია, ვითარება როგორ შეიცვლება"
„ეს იგივე პოლიტიკაა, რასაც „ქართული ოცნება" უკვე წლებია ახორციელებს ევროპის წინააღმდეგ. ევროპა ჩვენი არც თვალის, არც თმის ფერის და არც ცხვირის ფორმის შეცვლას არ ითხოვს. ის უბრალოდ ითხოვს, რომ ქვეყანაში დემოკრატია და სამართალი იყოს. ესაა ძირითადი მოთხოვნა, რასაც ევროპა ქართულ სახელმწიფოს უყენებს და არა მგონია, რომ რაიმე ამ მიმართულებით ევროპელების მხრიდან შეიცვალოს.
„ქართული ოცნება" თავისი პროპაგანდის საშუალებით ცდილობს, რომ აი ამ სფეროებზე კი არ ილაპარაკოს, ილაპარაკოს იმაზე, რომ თითქოს, ევროპა ჩვენგან მენტალობის, ეროვნების და ორიენტაციების შეცვლას ითხოვს.
"ამით მიმართულება გადააქვს საზოგადოების იმ ფენაზე, რომლისთვისაც ასეთი რამ მიუღებელია და "ოცნება" სრულიად ამ ფენაზე დაყრდნობით ცდილობს ევროპის მიმართ თავისი დამოკიდებულება გაამართლოს.
"რაც შეეხება იმას, რომ შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება" ასეთი პოლიტიკით დაამყაროს რაღაც ახალი ურთიერთობა ევროპასთან, ჯერჯერობით ამის საფუძველსაც ვერ ვხედავ და ალბათ არც არის. მომავალში ახლა გააჩნია, ვითარება როგორ შეიცვლება. ცვლილება გარე ფაქტორებზე იქნება იქნება დამოკიდებული.
"თუ საგარეო პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, „ქართული ოცნების" ეს პოლიტიკაც პლიუსისკენ, ან მინუსისკენ აუცილებლად შეიცვლება. ამ ხაზზე ვერ ვერ დარჩება და ეს ძირითადად მაინც უკრაინა-რუსეთის ომზე იქნება დამოკიდებული.
"აქედან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება ევროპისაც საქართველოს მიმართ და საქართველოში არსებული პოლიტიკა ევროპის მიმართ.",- განაცხადა ძაბირაძემ.
- ედიშერ გვენეტაძე: "ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა, რომ გაწვეული იქნას კანონი გამჭვირვალობის შესახებ და მეორე კანონი - ლგბტ პროპაგანდის შესახებ. "ოცნება" არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს ამას"
ანალიტიკოსი ედიშეტრ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არც ევროკავშირი გადადგამს დიალოგისკენ ნაბიჯს მოთხოვნების შესრულების გარეშე და არც "ქართული ოცნება" არ შეასრულებს იმას, რასაც ევროკავშირი ითხოვს.
"ჩემი აზრით, ევროკავშირი ამას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს. იმიტომ, რომ ევროკავშირი არის იმ ძალის ვასალი, რომელსაც „დიფ სტეიტი" ჰქვია. „დიფ სტეიტი" რასაც დაავალებს ევროკავშირს, მისი ლიდერებიც იმას აკეთებენ. მათ უნდათ საქართველო ევროკავშირის ვასალი იყოს. მაშინ საქართველო ვასალის ვასალი გამოვა.
„დღევანდელი ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა, რომ გაწვეული იქნას კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არასამთავრობოების მიმართ რომ არის მიღებული და მეორე კანონი - ლგბტ პროპაგანდის შესახებ. ეს მოთხოვნები აქვთ და დანარჩენზე რაზე შეიძლება ლაპარაკი? "ქართული ოცნება" არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს ამას. იმიტომ, რომ ის ქართველი ხალხის მიერაა არჩეული და ქართველი ხალხი ამის სასტიკი წინააღმდეგია",- განაცხადა გვენეტაძემ.
"ოცნების" პოზიცია
"ჩვენ თვალის ფერს, თმის ფერს და ცხვირის ფორმას ვერ შევიცვლით იმის მიხედვით, კაია კალასს ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს მოეწონება თუ არა - პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში, ევროკავშირი უნდა ელაპარაკებოდეს სწორედ ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
მისივე თქმით, "არაერთხელ აქვს კაია კალასს ნათქვამი, რომ მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და ამიტომ არ ელაპარაკებიან მას".
"აქედან გამომდინარე, სხვა ვერაფერს დავამატებ, თუმცა ჩვენ თვალის ფერს, თმის ფერს და ცხვირის ფორმას ვერ შევიცვლით იმის მიხედვით, კაია კალასს ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს მოეწონება თუ არა. ეს არის ქართული საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ვფიქრობ, პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში, ევროკავშირი უნდა ელაპარაკებოდეს სწორედ ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას", - განაცხადა სამხარაძემ.