"თუ არსებული მაღალი ფასი კიდევ ერთი თვე შენარჩუნდება, აუცილებლად პროდუქტების დამატებით გაძვირებას გამოიწვევს"
ირმა ჩიტაია
07.09.2026

საწვავის გაძვირების ტენდენცია საქართველოში კვლავ დიდ პრობლემად რჩება. ფასმა ბოლო 3 კვირაში 35 თეთრამდე მოიმატა. სპეციალისტები ამ ფაქტს საგანგაშოდ აღიქვანენ და აცხადებენ, რომ თუ ფასების რეგულირება არ მოხდა, მოსახლეობას სამომხმარებლო კალათა კვლავ გაუძვირდება. ცხადია, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულების მატება პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის ფინანსებზე და ინფლაციის ზრდას კვლავ ხელს შეუწყობს. 

ყველაზე მეტად დიზელის საწვავი გაძვირდა, ფასმა დიდი ხანია 4 ლარს გადააჭარბა. მის კვალდაკვალ მატულობს ბენზინის ღირებულებაც. ამ პირობებში რეალურად რა ზომების გათვალისწინება შეუძლია სახელმწიფოს ინფლაციური ტალღის შესაკავებლად? სპეციალისტების აზრით, უკვე აუცილებელია ფასის ზრდასთან ლაკავშირებით მთავრობამ გარკვეული ზომები მიიღოს, რადგან მხოლოდ გლობალურ ტენდენციებზე მუდმივი მითითება ადგილობრივ პრობლემას ვერ აღმოფხვრის.  

ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებას დროული რეაგირება მართებს, რომ მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქოს.

"თითოეული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების წინაშეა პასუხისმგებელი. ცხადია, მომპოვებელ და მომხმარებელ ქვეყნებს შორის ფასში რადიკალური სხვაობაა, თუმცა არამომპოვებელი ქვეყნები გლობალურ შოკებზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ - მათ შორის საგადასახადო ბერკეტების გამოყენებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზრებზე სიტუაცია რთულია, ეს არ ნიშნავს, რომ ადგილობრივ მთავრობებს საგარეო შოკებზე ზემოქმედების საშუალება არ აქვთ. ყველა სახელმწიფოს აქვს კონკრეტული ბერკეტები და ჩვენს შემთხვევაშიც რამდენიმე რეალური მექანიზმი არსებობს.

სხვა ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ერთბაშად გამოწვეული ისძვირის მოსახლეობისთვის არიდება შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფლაციის კიდევ უფრო დაჩქარება გარდაუვალია. 2015 წელს ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთი გაორმაგდა, ხოლო დიზელის შემთხვევაში - გასამმაგდა. ამ გადასახადის 2015 წლამდელ ნიშნულამდე დაბრუნება მოსახლეობისთვის უდიდესი შეღავათი იქნება. თუ ამის გაკეთება ხელისუფლებას უჭირს, არსებობს მეზობელი ქვეყნების, მაგალითად, იმპორტდამოკიდებული თურქეთის გამოცდილება, რომელიც ნავთობპროდუქტებზე აქციზის ე.წ. მცოცავ განაკვეთს აქტიურად იყენებს. საგარეო შოკის დროს აქციზის განაკვეთი მცირდება, გლობალურ ბაზარზე სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ კი ეტაპობრივად იმატებს, რაც მოსახლეობაზე არსებულ წნეხს მნიშვნელოვნად ამცირებს.

შესაბამისად, ჩვენი მთავრობის მხრიდან აპელირება, რომ „გლობალური შოკების გამო ვერაფერს ვიზამთ“, ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება. ფისკალური და მონეტარული ხელისუფლება სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ასეთ კრიზისებზე დროული რეაგირება მოახდინოს. თუ საქმის ნაცვლად მხოლოდ თავის მართლებაა, ეს სერიოზულ პოლიტიკად ვერ ჩაითვლება. ერთი რამ ცხადია: თუ საწვავზე არსებული მაღალი ფასი კიდევ მინიმუმ ერთი თვე შენარჩუნდება, ის აუცილებლად აისახება სამომხმარებლო ბაზარზე და პროდუქტების დამატებით გაძვირებას გამოიწვევს", - განაცხადა ბაირახტარმა ჩვენთან საუბრისას. 

იმას, რომ საწვავის ბაზარზე არსებული პრობლემები მხოლოდ გლობალური ფაქტორებით არ აიხსნება, ამას სხვა სპეციალისტებიც ადასტურებენ. ფინანსისტი ნიკა შენგელია პირდაპირ მიანიშნვებს, რომ მიუხედავად ლოჯისტიკური სირთულეებისა, ადგილობრივ ბაზარზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი.

„ნავთობის ფასი 1 ბარელზე 97 დოლარს შეადგენს. ვინაიდან რუსეთიდან ექსპორტი შეჩერებულია, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, იმპორტიორებს საწვავის შემოტანა ევროპიდან და ზოგჯერ ლიბიიდანაც კი უწევთ. ცხადია, ეს დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, თუმცა, როგორც კონკურენციის სააგენტო აქამდწც აღნიშნავდა, ბაზარზე ხშირად ფიქსირდებოდა კარტელური გარიგებები, ახლა კი სიტუაცია კიდევ უფრო უკონტროლოა.

მიუხედავად იმისა, რომ ფასის შემცირებას არ ველოდებით, იმ თანხის გათვალისწინებით, რა ღირებულებითაც საწვავი ქვეყანაში შემოდის, ის მინიმუმ 20-50 თეთრით იაფი მაინც უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ჩვენი იმპორტიორები საცალო ქსელში შეთანხმებული ფასით ვაჭრობენ და რეალური კონკურენცია არ არსებობს. სახელმწიფოს შესაბამისი ბერკეტები აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

საწვავის 35 თეთრით გაძვირება სურსათზე ფასებს ეტაპობრივად ასწევს, მაგრამ თუ 1 ლიტრის ღირებულებამ 5 ლარს მიაღწია ან გადააჭარბა, მაშინ ინფლაციის ახალი, მძიმე ტალღა დაიწყება. 

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს: სომხეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მათ საწვავის საკითხი უკვე მოაგვარეს და იმპორტი აზერბაიჯანიდან ხორციელდება, ჩვენ კი ასეთ მოწყვლად მდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ. შექმნილი სავალალო ვითარება, პირველ რიგში, კონკურენციის ნაკლებობიდან მომდინარეობს. კარტელურ გარიგებებს ბოლო არ უჩანს და ნორმალურმა სახელმწიფომ პრობლემა უნდა გადაჭრას. სანამ საზოგადოების მხრიდან ამას საყოველთაო პროტესტი არ მოჰყვება, შედეგის მიღწევა რთული იქნება. დიდი ალბათობით, ახლაც უცვლელი სურათი გვექნება და რეალობა ისაა, რომ მოსახლეობას ამ ფასების ზრდასთან შეგუება მოუწევს.“- განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კრიზისს მხოლოდ გლობალურ შოკებს აბრალებს, ეკნომისტების თანხმდებიან, რომ არსებობს კონკრეტული ბერკეტები: საგადასახადო შეღავათები და ეფექტიანი ანტიმონოპოლიური რეგულაციები, რომელთა გამოყენებაც ფასის ზრდას შეაჩერებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×