
დღეს, დემეტრე კასრაძისა და ირაკლი სულაბერიძის სასამართლო პროცესია. ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში წერს. მისი ცნობით, ის სასამართლოზე მოწმის სახით არის დაბარებული.
"დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? - ჰო, აი ის, გიგას სიკვდილს აჟიტირებული რომ ელოდებოდა! (ისევ დავდებ მისი მესიჯის "სქრინს", რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა).
ირაკლი სულაბერიძეც ხომ იცით? - დიღმის ჩხუბების კადრები რომ გაავრცელა პროკურატურამ, იქ ჩანს - წითელმაისურიანი მხეცი. ამოწმებს, მსხვერპლი გაითიშა უკვე თუ კიდევ უნდა გააგრძელონ წიხლებით ძალადობა.
ჰოდა, მაგათი სასამართლო პროცესია დღეს, 13:00 სთ-ზე. მოწმის სახით ვარ დაბარებული. ყველა მოძალადემ უნდა მოისმინოს წაყენებული ბრალის მაქსიმალური სასჯელი, რომ მოსახლეობა გაიფილტროს მათგან, ვისთვისაც ეს ნორმაა!
სხვა თუ ვერა, დიდი დიღომი მაინც იხსნა გიგა ავალიანმა. "მოგიკვდეს დედა"-თქო - ამასაც ვერ ვამბობ, არ მცალია სიკვდილისთვის, შვილის მკვლელებს და მათ ოჯახებს ვჭირდები ჯერ!" - წერს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, 7 აგვისტოს, გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე