რეზონანსი
08.09.2026

გვარამია ამბობს, რომ გილაურთან ის მიიყვანა ადამიანმა, რომელიც დღესაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ - ვიცი, ვის გულისხმობ და ისიც ვიცი, რატომ შეიძლება ძალიან ცუდ ბუმერანგად დაგიბრუნდეს ამ ადამიანის დასახელება. ბევრი ისეთი რამ შეიძლება გახდეს საჯარო, რაზეც ახლა და არც არასოდეს საუბარი ნამდვილად არ გაწყობს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ გილაურთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა დააკავშირა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას, მთლიანი კამპანია აქვს აგებული იმაზე, რომ „გირჩები“ ბიძინას შეხვდნენ და იქ დაიგეგმა ეს კამპანია და აღნიშნავს, რომ მისი პოზიციები და პოსტები გილაურთან დაკავშირებით არსებობდა მაშინაც, როცა „გირჩი“ გილაურზე საერთოდ არ საუბრობდა და როცა სწორედ მას აჩუმებდნენ.

„გვარამიამ „თავის გამართლების სტატუსი“ დაწერა გილაურსა და 40 მილიონზე. მთელი სტრატეგია იმაზე ააგო, რომ თურმე „გირჩები“ ბიძინას შეხვდნენ და იქ დაიგეგმა ეს კამპანია. არ გამოუვა ეგ ამბავი. ძალიან კარგად იცის, რატომ ჰქონდა ჩემთან პრობლემა ჯერ კიდევ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში და რატომ „ჩაგვხსნა“ მე და ხაბე ეთერებიდან. ჩემი საჯარო ინტერვიუები, ჩემი პოზიციები და პოსტები გილაურთან დაკავშირებით არსებობდა მაშინაც - იმ დროს, როცა „გირჩი“ გილაურზე საერთოდ არ საუბრობდა და როცა სწორედ მე მაჩუმებდნენ. 

მაგრამ ახლა სხვა რამ მაინტერესებს. გვარამია ამბობს, რომ გილაურთან ის ადამიანმა მიიყვანა, რომელიც დღესაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“. ჰოდა, ნიკა, თუ ამას საჯაროდ ამბობ, დაასახელე ეს ადამიანი. ვინ არის ის, ვინც გილაურთან მიგიყვანა? თუ არ იტყუები, ამის თქმის გამბედაობაც უნდა გეყოს. მე ვიცი, ვის გულისხმობ და ისიც ვიცი, რატომ შეიძლება ძალიან ცუდ ბუმერანგად დაგიბრუნდეს ამ ადამიანის დასახელება - ბევრი ისეთი რამ შეიძლება გახდეს საჯარო, რაზეც ახლა და არც არასოდეს საუბარი ნამდვილად არ გაწყობს. მაგრამ რადგან ეს ამბავი თავად გამოიტანე საჯარო სივრცეში, პასუხისმგებლობაც შენზეა. დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა („ნაცმოდან“). თუ არ დაასახელებ, ორიდან ერთი გამოდის: ან იტყუები, ან ამ ადამიანის დასახელება გეშინია. ორივე შემთხვევაში - ძალიან სუსტად ჩანხარ. გელოდები, ნიკა. დაასახელე, თორემ მერე მე გკითხავ საჯაროდ“, - წერს ანა წითლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×