
ყოფილმა გენპროკურორმა რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა ინტერნაციონალური ბატალიონი „გეორგიევსკი" შექმნა, რომლის მიზანიც რუსი სამხედროების დახმარებაა.ფარცხალაძის ფოტოს „ფრონტის ხაზიდან" მისი მეგობარი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია „ტელეგრამ" არხით ავრცლებს.
როგორც ფარცხალაძე ამბობს, ბატალიონის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, ხოლო მისი მიზანი „ბოროტებასთან ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა". ფარცხალაძე ასევე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსი და ქართველი მებრძოლები კვლავ ერთად აღმართავენ „მტრის განადგურების სიმბოლოს".
ფარცხალაძის ამ ნაბიჯს „ქართულ ოცნებაში" მწვავე შეფასება მოჰყვა, მას „გარეწარიც" კი უწოდეს.
„ქართველი კაცი რომ ბატალიონს შექმნი და იმის მხარეს დაიწყებ ბრძოლას, ვისაც შენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი", - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ოთარ ფარცხალაძე ამჟამად ძებნაშია. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში აქვს წარდგენილი. ამასთან, ფარცხალაძე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერაა დასანქცირებული.
როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ინტევიუში ამბობს, ფარცხალაძე რუსეთის კომუნისტური პარტიისგან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოხვედრას ცდილობს და ასეთი აქტივობა პიარისთვის სჭირდება.
ვახტანგ მაისაია: ეს წმინდა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის მაგალითია. როგორ თავის დროზე რუსებმა ასეთივე წარმატებით შექმნეს ე.წ. უკრაინელი ტყვეების პრორუსული სამხედრო რაზმები თავიანთ ჭკუაში. აქ ქართველები არ მგონია ბევრნი იყვნენ, ან თუ იქნებიან, რუსეთში მცხოვრები, ან არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი ქართველები იქნებიან, რომლებსაც აიძულებენ წავიდნენ.
- „თუ ამ დანაყოფში ის ქართველები არიან, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ამაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს ყველა დონეზე".
თუ ამ დანაყოფში ის ქართველები არიან, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ამაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს ყველა დონეზე, მათ შორის, თუნდაც შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით საპროტესტო ნოტა გადასცენ და გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ეს დააფიქსიროს. ანუ, ფაქტობრივად გამოდის, რომ აიძულებენ იყვნენ დაქირავებული მებრძოლები, რაც საერთაშორისო დანაშაულია.
გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ფარცხალაძეს ეს ყველაფერი პიარისთვის სჭირდება. ის გახდა რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და, როგორც ჩანს, ის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატობას აპირებს. მას სჭირდება სათათბიროს დეპუტატის იმუნიტეტი.
„რეზონანსი": რა ინფორმაცია გაქვთ, ზოგადად, რამდენი ქართველი იბრძვის რუსეთის მხარეს უკრაინასთან ომში?
ვ.მ.: რამდენადაც ვიცი, დიდი რაოდენობით ქართველები იქ არ დაფიქსირებულან. იყვნენ რაღაც რუსეთუმე ქართული დაჯგუფებების ვითომ წარმომადგენლები და ისინიც მერე წამოვიდნენ უკან. თუ არიან, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ქართული გვარები.
რუსეთში ისეთი პოლიტიკა წამოვიდა, რომ ვინც არალეგალი მიგრანტია, ან თუნდაც ლეგალურად არიან, მაგრამ დასაქმებულის სტატუსი აქვთ, დაიწყეს ასეთი მოქალაქეების ფარული, ანუ იძულებითი მობილიზაცია. ისინი მიჰყავთ ფრონტზე, აყალიბებენ რაღაც გაურკვეველი ტიპის რაზმებს. ტაჯიკეთის ხელისუფლებაც კი იძულებული გახდა და რუსეთის საგარეოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. სავსებით მაღალია ალბათობა, რომ ვინმე ქართველი დააკავონ, ან ქართველს აიძულონ, რომ ასეთი ტიპის ფორმირების მებრძოლი გახდეს. სჭირდებათ ამოავსონ ყველა ის ხვრელი, სადაც დანაკარგები აქვთ. უკრაინასთან ომი გადამწყვეტ ფაზაშია და სექტემბერში, რუსეთში არჩევნების მერე, გადაწყვეტილი აქვთ 400 ათასი ადამიანის მობილიზაცია. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ რადგან ფარცხალაძე კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, შეიძლება კენჭი იყაროს ამ საპარლამენტო არჩევნებზე.
„რ": და შეიძლება თავად სულაც არ წავიდეს, ან არ იყოს ფრონტზე?
ვ.მ.: ფრონტზე არ იქნება, როგორც, კადიროვი ომის დაწყების დროს ვითომ კიევის მისადგომებთან იდგა, ატარებდა თათბირს და აღმოჩნდა, რომ მერე როსტოვის ბუნკერში განახორციელა ეს პიარ აქცია. დაახლოებით ისეთივე ქმედებაა ფარცხალაძის მხრიდან. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის წმინდა პიარ აქცია. სახელმწიფო დუმის წევრობა მას მისცემს გარკვეულ პრივილეგიას, მისცემს იმუნიტეტს, რაც კრემლის სტრუქტურებს დაახლოებს.
„რ": „ქართულ ოცნებას" საკმაოდ მწვავე რექცია ჰქონდა ფარცხალაძის გადაწყვეტილებეზე, მას დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა გარეწარიც კი უწოდა...
ვ.მ.: სავსებით ლოგიკური და სწორი შეფასებაა. რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და გამოდის, რომ შენი მტრის მხარეს იბრძვი. ბუნებრივია, ის ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდება. თან უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის ფედერალური ძალების თანამშრომლებს, ხელმძღვანელ პირებსა და სამხედროებს საკმაოდ კარგად აგნებენ.
ვფიქრობ, ეგ ფოტო პოდმოსკოვიეში აქვს გადაღებული. დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობიდან გამომდინარე რა პრობლემაა? ფოტოში ნაჩვენებ კარავს არაფერი არ ეტყობა, რომ ეს არის ფრონტის ხაზის წინ არსებული კარავი. მარჯვნივ აქვს ჭიქა რაღაც სიმბოლოთი. ასეთ სიმბოლოან ჭიქებს რუსეთის პარლამენტის წევრები იყენებენ. თან მინის ჭიქა რატომ უნდა წაეღო ფრონტზე, როცა საველე ჭიქები არსებობს.
სამხედრო ფორმა, რა თქმა უნდა, აცვია რუსეთის ფედერაციის და გვარიც აქვს მიკრული, მაგრამ არ უჩანს სისხლის ჯგუფი, რაც აუცილებელია. რუსეთის ფედერაციის სამხედრო წესდების მიხედვით, სამხედროებს სისხლის ჯგუფი უნდა ჰქონდეთ ფორმაზე მითითებული, რათა თუ დაიჭრა, იცოდნენ რომელი ჯგუფის სისხლი სჭირდება.