
ბათუმის მერია ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელი კორპუსის გაბზარვას არ ადასტურებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ბზარები, რომელიც სოცილაურ ქსელშ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ბჟენის ადგილია. როგორც მერიაში „ტვ პირველს“ უთხრეს, რაც შეეხება ზედა სართულებს, ადგილზე ბზარი არ აღენიშნება და ტემპერატურული ნაკერია დატოვებული.
„ბათუმში ფიროსმანისა და ჯავახიშვილოს ქუჩების კვეთაში, კომპანია „ანაგის“ მიერ დამოუკიდებლად აშენებული ორი კორპუსის ერთმანეთთან შეერთების ბჟენის ადგილია. რაც შეეხება ზემო სართულებს, ბზარი არ არის, ტემპერატურული ნაკერია დატოვებული, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად.
პ.ს. სპეციალურად დატოვებულია, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, შესალესია, რომ არ გამოჩნდეს.
ტემპერატურული ნაკერი წარმოადგენს შენობის კონსტრუქციულ ელემენტს, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად. თუ შენობის სხვადასხვა ნაწილს აქვს განსხვავებული სართულიანობა ან გრუნტის განსხვავებული მზიდუნარიანობა, ნაკერი საშუალებას აძლევს ბლოკებს/შენობებს ჯდომა განახორციელონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
ასევე ტემპერატურის ცვლილებისას სამშენებლო მასალები განიცდიან გაფართოებას ან შეკუმშვას ტემპერატურული ნაკერი უზრუნველყოფს ამ მოძრაობის თავისუფლებასაც. ორივე შენობა განსხვავებულად ჯდება გრუნტში გამომდინარე აქედან ბჟენი უნდა იყოს დეფორმირებადი, რათა არ შეზღუდოს ეს მოძრაობა“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ კომენტარში.