
მიუხედავად იმისა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირი არ აქვს, როდესაც ორი მდინარე ერთი მიმართულებით მიედინება და სადღაც ბოლოს ერთდება, ისე გამოდის, რომ ეს მიმართულებები ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, რაც საქართველოსთვის სახელის გატეხაა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ჭორებზე დაყრდნობილ ამბებს ჰგავს.
„საერთოდ ამბობენ, რომ როდესაც ერთ საკითხზე ორი მოვლენის თანხვედრა ხდება, ეს უკვე შემთხვევითობა აღარ არის. აქაც ვხედავთ ჩვენ სამწუხარო თანხვედრას იმ ძალებთან, რომლებმაც საქართველოში ხუთჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა. აქაც ვხედავთ, სამწუხაროდ, ბრალდებების ისეთ კორიანტელს, რომელსაც არავითარი არგუმენტი არ გააჩნია.
ჩვენ ვხედავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ფსიქიკურად არცთუ ჯანმრთელი ადამიანის რაღაც მონათხრობს ეყრდნობა და ვიღაცისგან, როგორც წყაროსგან, არის მოყოლილი, ჭორებზე დაყრდნობილი ამბებია, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებებმა შემდეგ ამბად აქციეს და რომელთა შეწებებაც დღევანდელი საქართველოსთვის სურთ“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადებებისა და მისი მტკიცების მიუხედავად, რომ მას რადიკალურ ოპოზიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ რადიკალური ოპოზიციაც და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიც ერთსა და იმავე საქმეს ემსახურება.
„მიუხედავად იმისა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმათთან [რადიკალურ ოპოზიციასთან] რა საერთო მაქვსო, როდესაც ორი მდინარე ერთი მიმართულებით მიდის და სადღაც ბოლოს ერთდება, ისე გამოდის, რომ ეს მიმართულებები ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, რაც არის საქართველოსთვის სახელის გატეხა, უსაფუძვლო ბრალდებების კორიანტელის შექმნა და იმ წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც ბოროტების მარცვლეულს ღერღავს მთელი არსებობის მანძილზე“, – განმარტა გიორგობიანმა.