
ამერიკული ძალები მიერ ხუთი ირანული ნავთობტანკერის განადგურების საპასუხოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზებს შეუტია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ამერიკული მედიის ცნობით,მუვაფაკ სალტის საჰაერო ბაზაზე რვა ფ-15 გამანადგურებელი მსუბუქად დაზიანდა, კიდევ ერთ თვითმფრინავს კი ფრთა მოწყდა. ამერიკულებს ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად 30-ზე მეტი „პატრიოტი" დასჭირდათ, რის გამოც აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ ამ ანტისაჰაერო რაკეტებისა და სხვა ტიპის მაღალტექნოლოგიური საბრძოლო მასალის მარაგების სწრაფად შემცირების გამო.
პარალელურად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ცდილობს გავლენა მოახდინოს შუალედურ არჩევნებზე და ომი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ დასრულდება. „ვფიქრობ, ომი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ დასრულდება, რადგან ისინი ვეღარ გაძლებენ", - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს. ასევე აღნიშნა, რომ ირანს მხოლოდ ბირთვული იარაღი სურს და თუ მას მიაღწევს, „მთელი მსოფლიო დიდ საფრთხეში აღმოჩნდება". აცხადებს, რომ არჩევნებამდე ირანთან მოლაპარაკებებს არ გეგმავს.
თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სიბიესის გადაცემა „60 წუთთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობების განადგურება ისტორიული მასშტაბისაა და აშშ-ს სრული კონტროლი აქვს იმაზე, თუ როგორი იქნება კონფლიქტის შედეგი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, სამხრეთ სირიაში ისრაელის ჯარების მონახულებისას, განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა კოლაფსის ზღვარზეა და „მთავარი ამოცანაა ირანში ტერორისტული რეჟიმის დამხობა".
პარალელურად სიტუაცია რთულდება იემენში. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეები წითელი ზღვის სტრატეგიულ საპორტო ქალაქ მოხაში შევიდნენ და დაჟინებით მიიწევენ ბაბ-ელ-მანდების სრუტისკენ. მოხის დაკავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქალაქი წითელი ზღვის, ადენის ყურისა და ინდოეთის ოკეანის დამაკავშირებელი სტრატეგიული საზღვაო მარშრუტის სიახლოვეს მდებარეობს და საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტია. ჰუსიტები ცდილობენ ტერიტორიების დაკავებას წითელი ზღვის გასწვრივ, სადაც ისინი საუდელების ტანკერებს ესხმიან თავს.
ირან-ამერიკის ომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე. ბრენტის ნავთობის ფასმა 101 დოლარს გადააჭარბა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის პროგნოზით, ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა 2026 წლის ბოლომდე შეზღუდული დარჩება, რაც დღეში საშუალოდ 5.7 მილიონი ბარელი ნავთობის ჩაკეტვას ნიშნავს. ომამდე დონეზე დაბრუნება მხოლოდ 2027 წლის მეორე კვარტალშია მოსალოდნელი. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვაში თავდასხმების გაძლიერებამ შესაძლოა ნავთობის ფასი 120 დოლარს გადააჭარბოს.
შედეგად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 9 სექტემბერს საპროცენტო განაკვეთი მეოთხედი პროცენტული პუნქტით გაზარდა და 2.50%-მდე აიყვანა, რათა ენერგომატარებლების ფასების ზრდით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს. ევროზონაში ინფლაცია აგვისტოში 3.3% იყო, რაც ბანკის 2%-იან სამიზნეს აღემატება. ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე გაიზარდა - 80 ევრომდე მეგავატ-საათზე. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა ზამთრის წინ, როდესაც ევროპამ მარაგები უნდა შეავსოს.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გარეთ ახალი „აკრძალული ზონა" შეიქმნება, რომელიც ომანის ყურის ნაწილსა და არაბეთის ზღვას მოიცავს. კორპუსის სპიკერის ჰოსეინ მოჰების თქმით, ზუსტი კოორდინატები მოგვიანებით გამოცხადდება.